მერაბ დვალიშვილმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო
ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა (იგივე The Machine) ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას 33 წლის UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„თითქმის უკვე 12 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომით და მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე. რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის“, – წერს დვალიშვილი.
მერაბ დვალიშვილმა 18 თებერვალს UFC 298-ის ფარგლებში ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა, რითაც სატიტულო ბრძოლას ძალიან მიუახლოვდა.
დიდი ალბათობით, დვალიშვილის მორიგ ბრძოლას UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს.
დვალიშვილი ბოლო 12 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, აქედან 7 წელი მშენებლობაზე მუშაობდა და პარალელურად ვარჯიშობდა. 33 წლის ქართველი მებრძოლი ორთაბრძოლებზე მკერდზე ტატუირებული საქართველოს დროშით გამოდის, რინგზე საქართველოს დროშას აფრიალებს და ფაფახს ირგებს. იგი ყველა ინტერვიუსა თუ საჯარო გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი სამშობლო საქართველოა.
კომენტარები