ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

სროლა და აფეთქება მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ კონცერტის დაწყების წინ – არიან დაღუპულები და დაჭრილები (ვიდეო)

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში 22 მარტს, საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის წინ სროლა ატყდა, შემდეგ კი აფეთქება გაისმა. Shot-ის წყაროს თქმით, კლუბში, სულ ცოტა, 5 შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

24 მარტის ოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვი, 152 კი დაშავდა.

Tass-ის ინფორმაციით, უცნობი თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ავტომატიდან ისროდნენ ჰოლში და დარბაზში კონცერტის დაწყებამდე.

ტელეგრამარხის წყარო 112-იდან ამბობს, რომ 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავებულია. Baza-ს ინფორმაციით, დაიღუპა 14 ადამიანი, 42 კი დაიჭრა. თავად მუსიკალური ჯგუფის წევრები არ დაშავებულან. ოფიციალური მონაცემები დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს.

Tass-ის ინფორმაციით, შენობის თითქმის მესამედი ცეცხლშია გახვეული. ხანძრის ჩასაქრობად 112-ის ვერტმფრენი გაგზავნეს. შენობასთან სასწრაფო დახმარების 50 ბრიგადა მივიდა.

Tass-ი იუწყება, რომ „კროკუს სითი ჰოლის“ შენობიდან, რომელიც „პოდმოსკოვიეში“, ქალაქ კრასნოგორსში მდებარეობს, მეხანძრეებმა 100-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. მისივე ინფორმაციით, შენობის სახურავზე ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც მეხანძრე-მაშველებს გამოჰყავთ.

რუსეთის შსს-მ მომხდარს „სისხლიანი ტერაქტი“ უწოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში სპეცდანიშნულების რაზმი შტურმით შევიდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განკარგულებით, გაუქმებულია ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება, რომელიც ამ უქმეებზე იყო დაგეგმილი. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები მოსკოვის სარკინიგზო სადგურებსა და აეროპორტებში.

თეთრმა სახლმა მომხდართან დაკავშირებით თანაგრძნობა გამოხატა და განაცხადა, რომ არ ჰქონდა წინასწარ ინფორმაცია ამის შესახებ და რომ ფაქტი არ უკავშირდება კიევის მოქმედებას.

მოგვიანებით გავრცელდა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაცია, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 40-ს შეადგენს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

განახლება 23.03.2024, 10:04 სთ

ოფიციალური ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 145-ზე მეტი კი – დაშავდა.

„ბიბისის“ ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.

მანამდე „როიტერსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, რის შესახებაც ორგანიზაციამ საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა.

ამასთან, როგორც საერთაშორისო მედია წერს, ვერ ხერხდება დადასტურება, აღნიშნული სოციალური ქსელის ანგარიში ნამდვილად ეკუთვნის თუ არა „ისლამურ სახელმწიფოს“.

ნანა ძნელაძე

ამავე თემაზე:  მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close