ხვიჩა კვარაცხელია საქართველოშია, თუმცა 21 მარტის შეხვედრაში არ ითამაშებს
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს კიდევ ოთხი მოთამაშე შეუერთდა. ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის პლეი ოფისთვის მზადება 18 მარტს დაიწყო.
საგურამოში დაბინავებულ „ჯვაროსნებს“ გუშინ საღამოს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოთამაშე ფეხბურთელები შეუერთდნენ – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი მამარდაშვილი.
მათ ჩამოსვლამდე, 18 მარტს ნაკრებმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.
გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი – ირანული „პერსეპოლისის“ ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი უნდა შეუერთდეს. ის და ზემოთ დასახელებული კიდევ 4 ფეხბურთელი წვრთნის პროცესში 19 მარტს ჩაერთვებიან.
საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაიცემა. მოგების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები 26 მარტს პლეი ოფის ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება თბილისში, გამარჯვების შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა.
დღეს, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ შეხვედრაში გუნდის უპირობო ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებს. ამის მიზეზია ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საკვალიფიკაციო რაუნდში ხვიჩას მიერ მსაჯთან შეკამათების გამო მიღებული მესამე ყვითელი ბარათი. თუ საქართველო ლუქსემბურგს მოუგებს – და იმედია, ასეც მოხდება – მაშინ 26 მარტს გუნდს ხვიჩაც შეუერთდება და ფინალურ მატჩში საქართველო უფრო ძლიერი შემადგენლობით გამოვა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები