შეუცნობელი

ინტუიციის სასწაულები – რატომ უნდა ენდოთ მეექვსე გრძნობას

ბედისწერა, იღბალი, წარმატება… ეს სიტყვები თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან გვესმის და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს თავისი ბედი დაჰყვება, რომლის შეცვლა არავის ძალუძს. მას შეუძლია ბედნიერების მეცხრე ცამდე აიყვანოს ადამიანი ან პირიქით – მძიმე სატანჯველი აჰკიდოს… თუმცა ვფიქრობთ, უმჯობესია, ფაქტებს მივმართოთ.

ამბავი, რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, აშშ-ის ნებრასკის შტატში მოხდა. საეკლესიო გუნდის თხუთმეტივე მგალობელმა რეპეტიციაზე დაიგვიანა. თითოეულ მათგანს თავისი საპატიო მიზეზი ჰქონდა: ზოგს გზაში მანქანა გაუფუჭდა, ზოგი შვილმა შეაგვიანა, ზოგს დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია და ამიტომ შეყოვნდა… მოკლედ დაიგვიანეს, მაგრამ ამის გამო მათთვის საყვედური არავის უთქვამს, პირიქით, ღმერთს მადლობაც კი შესწირეს. მიზეზი ის იყო, რომ რეპეტიცია შვიდ საათსა და ოც წუთზე იყო დანიშნული, შვიდ საათსა და ოცდახუთ წუთზე კი ტაძარი ტერორისტებმა ააფეთქეს. სავარაუდოდ, მგალობელთა დაგვიანება სწორედ ბედისწერის შედეგი იყო. ან სულაც ადამიანის შეგნებაში კოდად ჩადებული თვითგადარჩენის ქვეცნობიერი ინსტინქტისა, რომელიც სწორედ იმ მომენტში იწყებს მოქმედებას, როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თან ისე, რომ ამის შესახებ თავადაც არ უწყის.

დაახლოებით მსგავსი ისტორია შეემთხვა აბატ მონმორენოს. იგი ეკლესიაში მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა და მოულოდნელად მან იმ ადგილის დატოვების დაუძლეველი სურვილი იგრძნო. აბატი მთელი არსებით ცდილობდა ამ სურვილს შეწინააღმდეგებოდა, რომ ლოცვა არ შეეწყვიტა, მაგრამ რაღაცამ თავისდაუნებურად ფეხზე წამოაგდო და მოპირდაპირე კედელთან დააყენა. იმავე წუთს ერთ-ერთი სვეტიდან უზარმაზარი ლოდი ჩამოვარდა და ზუსტად იმ ადგილას დაეცა, სადაც რამდენიმე წამის წინ აბატი იყო დაჩოქილი.

ეს შემთხვევები გამონაკლისი ნამდვილად არ არის. ისტორია უამრავ ასეთ ფაქტს იცნობს და ინახავს. მეცნიერებამ კი ადამიანის ამ გამაოგნებელ თვისებას – წინასწარ იგრძნოს და გაექცეს საფრთხეს – ინტუიცია უწოდა.

ინტუიცია ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ არიან პიროვნებები, რომელთაც ის მკვეთრად აქვთ გამოხატული. თუ საკუთარ ცხოვრებას ყურადღებით გადახედავთ, აუცილებლად გაიხსენებთ ისეთ ფაქტს, როდესაც საკუთარმა ინტუიციამ გარკვეულ საშიშროებას აგაცილათ. ადამიანებზე, რომელთაც განსაკუთრებით მახვილი ინტუიცია აქვთ, ხშირად ამბობენ, რომ მუდმივად უმართლებთ. დიახ, როგორც ჩანს, მათი თავის გადარჩენისა და დაცვის თანდაყოლილი კოდი განსაკუთრებით ძლიერია.

კიდევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ: ჯორჯ ბაირონი საბერძნეთში მოგზაურობდა. მოულოდნელად მის გამყოლს საშინელი ციებ-ცხელება დაეწყო. ბაირონის შეკითხვაზე, რა სჭირდა, გამყოლმა უპასუხა, რომ ციებ-ცხელება მაშინ ეწყება, როდესაც სადღაც ახლოს საფრთხეა ჩასაფრებული და მის სიცოცხლეს ემუქრება. ბუნებრივია, ბაირონმა ამ ფაქტს სკეპტიკურად შეხედა.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გამყოლი გამომჯობინდა და გზა განაგრძეს. სულ რაღაც ორიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ ისინი სხვა მოგზაურების ახლად დახოცილ გვამებს წააწყდნენ. მკვლელობა რამდენიმე წუთის წინ იყო მომხდარი.

ეს შემთხვევა კი ჩვენი სინამდვილიდანაა: ახალგაზრდა ქალი ავტობუსით მგზავრობდა. ის ფანჯარასთან იჯდა. მოულოდნელად უცნაურად აფორიაქდა, თუმცა საშიშროება არსაიდან ჩანდა. ემოცია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ქალი ადგილზე ვერ გაჩერდა,  წამოდგა და სხვა სკამზე გადაჯდა. მორიგ გაჩერებაზე ავტობუსში მამაკაცი ავიდა და ზუსტად იმ ადგილას დაჯდა, სადაც რამდენიმე წუთის წინათ იმ ქალს ეკავა. მოულოდნელად ავტობუსი ძლიერმა დარტყმამ შეაზანზარა – მას სატვირთო მანქანა დაეჯახა. დარტყმის ძირითადი ძალა სწორედ იმ საბედისწერო ადგილს უსწორდებოდა, სადაც ცოტას ხნის წინ ეს ქალი იჯდა. გონდაკარგული მამაკაცი საავადმყოფოში წაიყვანეს. როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, ქალს განსაკუთრებით გამძაფრებული ინტუიცია ჰქონდა, რომელმაც ის უბედურებისგან იხსნა.

მაინც რა არის ინტუიცია? აქ ორი აზრი არ არსებობს: ეს ტვინის მუშაობაა, რომელიც ადამიანის ყველა მოქმედებასა და ემოციას ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, ერთი საინტერესო, შეიძლება ითქვას, ფანტასტიკური ჰიპოთეზაც არსებობს, რომ ტვინი თავად არის ადამიანი. სწორედ ის ცოცხლობს, არსებობს, ცხოვრობს, ხოლო სხეული მისი დამცველი სკაფანდრისა და ინსტრუმენტის მოვალეობას ასრულებს. სხეულის მოვალეობა გარე სამყაროსთან ურთიერთობა, საჭირო ხელსაწყოების დამზადება, საკვები ნივთიერებებით მომარაგებაა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ტვინი ინტუიციის დახმარებით ცდილობს საკუთარი სხეულის დაცვას. ესე იგი, გარსისა, რომლის გარეშე არსებობაც არ ძალუძს.

მაშინ რა არის სიცოცხლე? ამ კითხვაზე უამრავი ადამიანი ცდილობდა პასუხის პოვნას. ფრანგმა ანატომმა, ფიზიოლოგმა და ექიმმა, თანამედროვე თანატოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ფრანსუა ქსავიემ (Marie François Xavier Bichat) ხატოვანი ფორმულირება მისცა მას: „სიცოცხლე არის ფუნქციების ერთობლიობა, რომელიც სიკვდილს წინააღმდეგობას უწევს“ („La vie est l’ensemble des fonctions qui résistent à la mort“). და თუ ეს ფორმულირება სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ ამ ამოცანას სწორედ ტვინი ასრულებს. თან იმდენად გულდასმითა და ფაქიზად, რომ ინტუიცია ხშირად მხოლოდ იმ საფრთხისგან კი არ გვიცავს, რომელიც სულ რამდენიმე წუთში ან საათში მოგველის, არამედ გაცილებით შორსაც მიდის და ხშირად მთელ წლებს (შესაძლოა ათწლეულებსაც) გადასწვდეს.

ამის დასტურად კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანთ: გოგონას როძვილების გვარიდან პანიკურად ეშინოდა ერთი ნახატისა, რომელიც მათი საგვარეულო ციხესიმაგრის ერთ-ერთ კედელზე ეკიდა. ვერც გოგონა და ვერც მისი ახლობლები შიშის მიზეზს ვერ ხსნიდნენ, მაგრამ სურათის მიმართ ეს უცნაური, დაუძლეველი ძრწოლა მას მთელი თხუთმეტი წლის მანძილზე აწუხებდა. მოგვიანებით, როდესაც იგი გაიზარდა, გათხოვდა და ქორწილი უნდა დაწყებულიყო, პატარძალმა ციხესიმაგრის ყველა დარბაზი მოიარა (ასე მოითხოვდა ტრადიცია). სწორედ იმ დროს, როდესაც თეთრ საპატარძლო კაბაში გამოწყობილმა ქალიშვილმა საძულველ სურათს ჩაუარა, სურათი კედლიდან ჩამოვარდა და პატარძალი სიცოცხლეს გამოასალმა. სამწუხაროდ, ყოფიერების წეს-ჩვეულებამ მაინც გაიმარჯვა ინტუიციაზე, რომელიც საბრალო გოგონას წლების მანძილზე იფარავდა სიკვდილისგან.

„ინტუიცია ინტელექტზე უფრო ძლიერი ძალაა“ – ეს სიტყვები კი სტივ ჯობსს ეკუთვნის.

მოკლედ, ენდეთ საკუთარ ინტუიციას, მაშინაც კი, როდესაც შეყოვნების, ამა თუ იმ ადგილიდან გაცლის ან სადმე დაგვიანების ხელშესახები მიზეზი არ არსებობს. ენდეთ და მიჰყევით მის ხმას!

თამთა გურული

ამავე თემაზე: როგორ განვივითაროთ ინტუიცია: 8 ხერხი

ზოდიაქოს 4 ნიშანი ფენომენალური ინტუიციით

როგორ განვივითაროთ ინტუიცია: მისი მოსმენის და გაგების 8 ხერხი

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close