„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრა სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერთან – მილანის „ინტერთან“ გამართა სტუმრად და ფრედ ითამაშა – 1:1.
სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ იყო თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, რომლის ნაცვლად ფრანჩესკო კალცონამ ჯაკომო რასპადორო დააყენა. ოსიმენი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მატჩი ისე დასრულდა, რომ მოედანზე არ გამოსულა.
შეხვედრის პირველი ნახევარი „ინტერმა“ ნეაპოლელებზე უკეთ ჩაატარა, მასპინძლები მოედანზე უფრო სწრაფად და აგრესიულად მოქმედებდნენ და პირველი რეალური მომენტიც შექმნეს, თუმცა „ნაპოლის“ კარი მეკარე მერეტმა გადაარჩინა. „ინტერმა“ ტაიმის ბოლო წუთებზე მაინც შეძლო ანგარიშის გახსნა – მილანელების სწრაფი კონტრშეტევა 43-ე წუთზე მცველმა მატეო დარმიანიმ გოლით დააგვირგვინა.
მატჩის პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში „ნაპოლის“ დაცვის შეცდომების გამო მილანელებს ორი საგოლე შანსი მიეცათ, თუმცა მერეტი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა (უფრო სწორად, იგი კალცონამ 90+1 წუთზე შეცვალა) და კარის აღებას ორჯერ შეეცადა. პირველად მას თანაგუნდელმა შეუშალა ხელი, მეორედ კი „ინტერის“ მეკარე იან ზომერმა დაიცვა საკუთარი კარი. მაგრამ „ნაპოლიმ“ ანგარიში მაინც გაათანაბრა – კუთხურის გათამაშების შემდეგ ჟუან ჟეზუსმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად მეტი ბურთი კარში აღარ გასულა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
29 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 45 ქულით მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გუნდი 30 მარტს „ატალანტასთან“ გამართავს საკუთარ მოედანზე.
კომენტარები