მედიცინარჩევები

ბროკოლის კიდევ ერთი უაღრესად სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს

ACS Central Science: ბროკოლიში არსებული ნივთიერებები ხელს უშლიან თრომბების წარმოქმნას

ავსტრალიის გულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბროკოლის სარგებელი ინსულტთან ბრძოლაში. კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ჟურნალ ACS Central Science-ში გამოქვეყნდა, ამ ბოსტნეულში არსებული ნივთიერება ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, რომლებმაც შესაძლოა ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დახშობა (იშემიური ინსულტი) გამოიწვიოს. ამავე დროს, ის ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას იმავე გარემოში, როგორიც ჩვენს არტერიებშია, რასაც, როგორც ჩანს, ცილის, სახელად PDIA6-ის მოდიფიცირების გზით აღწევს.

პრეკლინიკური კვლევების მსვლელობისას დადასტურდა, რომ ბროკოლიში არსებული სულფორაფანი ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას (შეწებება) და არტერიებში თრომბების წარმოქმნას ამცირებს. ნაჩვენებია, რომ ამ ნივთიერების გამოყენება პლაზმინოგენთან ერთად იშემიური ინსულტის მკურნალობის ეფექტიანობას 20-იდან 60 პროცენტამდე ზრდის.

სულფორაფანს (SFN) წარსულში უკვე მიაქციეს ყურადღება მეცნიერებმა, როგორც  კიბოს პრევენციისა და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირების ხელშემწყობ ნივთიერებას.

ეს ფიტოქიმიური ნაერთი არ იწვევს სისხლდენას, რაც გავრცელებული გვერდითი მოვლენაა. ამას გარდა, ნაჩვენები იყო, რომ ბროკოლიში არსებული ნივთიერება ინსულტის რისკს ამცირებს იმ პაციენტებში, რომლებიც ინსულტის განვითარების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა და ადამიანებზე არ გამოუცდიათ, აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან, საკმარისი იქნება თუ არა ინსულტის რისკის შესამცირებლად მხოლოდ კვების რაციონის გამდიდრება ბროკოლით, თუმცა იმედია, მომავალი კვლევები მალე გასცემს პასუხს ამ კითხვაზე.

რაც შეეხება სტატისტიკას: ინსულტი სიკვდილის გამომწვევ მიზეზთაგან მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში. ეს დაავადება წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს ემართება, აქედან თითქმის 5 მილიონი მას ეწირება, ამდენივე კი მთელი ცხოვრება უნარშეზღუდული რჩება.

ავსტრალიელი მეცნიერები, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს, ამბობენ, რომ ძალიან მოხარულები არიან, რადგან მათ მიერ გამოყოფილ ბუნებრივმა ნაერთმა შესაძლოა უზარმაზარი როლი შეასრულოს ინსულტის პრევენციასა და მკურნალობაში, ამიტომ ამ მიმართულებით კვლევებს გააგრძელებენ.

ნანა ძნელაძე

მსგავს თემაზე: ბროკოლის ჯანსაღი და გემრიელი კრემსუპი

ბროკოლის ჯანსაღი და გემრიელი კრემსუპი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close