ჯანმრთელობარჩევებისპორტი

გახდომის საუკეთესო მეთოდი – უკანსვლით სირბილი (ვიდეო)

ლონდონელი ფიტნესინსტრუქტორი კარლ ტუმი ამტკიცებს, რომ წონაში კლების საუკეთესო მეთოდი უკანსვლით სირბილია, რომლის დროსაც უფრო მეტი კალორია იწვება  და  სხეული ძლიერდება.

როგორც კვლევებმა აჩვენა, უკანსვლით სირბილის დროს სახსრები ნაკლებად იტვირთება, ვითარდება კუნთები და არც ხერხემალი განიცდის ისეთ ზეწოლას, როგორსაც ჩვეულებრივი სირბილის დროს. და გარდა იმისა, რომ სწრაფად მცირდება წონა,  ამასთანავე, უკანსვლით სირბილი პერიფერიულ მხედველობას და სმენასაც ავითარებს. ვარჯიშის რუტინის შეცვლა და კუნთების საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა ტვინს განსხვავებულად აზროვნებაშიც ეხმარება.

უკუღმა სირბილის დროს რატომ ვიკლებთ წონაში სწრაფად? ჯერ ერთი, რომ ამ დროს კუნთების გარკვეული ჯგუფები ვარჯიშობს, მეორეც, დადგენილია, რომ უკან გადადგმული 100 ნაბიჯი ჩვეულებრივად, წინსვლით გავლილ 1000 ნაბიჯს უდრის. შესაბამისად უკუღმა სირბილით დარტყმული ერთი წრე წინსვლით სირბილით დაფარულ ექვს წრეს უდრის. ამდენად,  სასურველი კალორიების რაოდენობა უფრო მოკლე ვადაში  იწვება და შედეგიც მცირე დროში ხდება თვალნათელი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ უკანსვლით სირბილი ახალი აღმოჩენა არ არის – გასული საუკუნის 70-იან წლებში ასე სირბილს ექიმები იმ პაციენტებს ურჩევდნენ, რომლებსაც მუხლებისა და სახსრების ტრავმები ჰქონდათ, რადგან უკანსვლით სირბილი კუნთებს მუხლებზე ზეწოლის გარეშე აძლიერებს  და ტრავმებისგან იცავს ადამიანს. გარდა ამისა, სტელენბოშის უნივერსიტეტში (სამხრეთ აფრიკა) ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ უკანსვლით სირბილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობასაც აუმჯობესებს.

გახდომის მსურველებს კარლ ტუმი უკანსვლით სირბილს სუფთა ჰაერზე ურჩევს.

ასევე, გახსოვდეთ:

შეარჩიეთ სწორი და საკმარისად ფართო გზა. თუ ახლომახლო სტადიონია ან სავარჯიშო ბილიკი, მაშინ საქმე უფრო იოლადაა.

განსაზღვრეთ მანძილი 50-იდან 100 მეტრამდე და ჩვეულებრივად გაიარეთ მასზე, ორმოებისა და ქვების მდებარეობა რომ დაიმახსოვროთ.

თავდაპირველად ნელა და მოკლე მანძილზე ირბინეთ უკანსვლით, რადგან ამ მეთოდსაც შეჩვევა სჭირდება.

ოდნავ უკან გადაიხარეთ და სტარტი არა ქუსლიდან, არამედ ფეხის წვერიდან აიღეთ.

ეცადეთ, ხშირად არ გაიხედოთ მოძრაობის მიმართულებით.

დაიწყეთ ნელა, თანდათან გაზარდეთ ტემპი, შესაბამისად – მანძილიც.

ამ ვარჯიშით სირბილისას ექვსჯერ უფრო მეტ კალორიას დაწვავთ.

როდესაც სწორი პოზით დარბიხართ უკან, მაშინ თქვენი მუცლის კუნთებიც ეფექტურად ვარჯიშდება.

უკანსვლით სირბილისას ბუნებრივად ინარჩუნებთ წელის გამართულ ფორმას.

და კიდევ: ზოგიერთი ინსტრუქტორი ამტკიცებს, რომ უკანსვლით სირბილი/სიარული ტვინს აახალგაზრდავებს და მეხსიერებას აუმჯობესებს.

ირლანდიელი. კერძოდ, დუბლინელი გარეტ დოერტი (Garret Doherty) – რეტრო-რანინგის (უკანსვლით სირბილი) დისციპლინაში ყველაზე სწრაფი ათლეტია მსოფლიოში. იგი უკანსვლით სირბილით 1,6 კმ-ს გავლას 7 წუთამდე ანდომებს. გარეტმა 2020 წელს თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და ერთი მილი (1,6 კმ) 6 წუთში დაფარა. მის აქტივშია დიდი ბრიტანეთის და მსოფლიო ჩემპიონის რამდენიმე ტიტული უკანსვლით სირბილში. მან პეტიციაც განათავსა სოციალურ ქსელში, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში რეტრო-რანინგის დისციპლინაც შეეტანათ, თუმცა ჯერჯერობით საკმარისი მხარდაჭერა ვერ პოვა. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში იგი უკანსვლით სირბილის ტექნიკას გვიხსნის.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close