ვალტერ მაძარი „ნაპოლიდან“ გაუშვეს – გუნდი ფრანჩესკო კალცონამ ჩაიბარა „ბარსელონასთან“ ხვალინდელი მატჩის წინ
„ნაპოლის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ვალტერ მაძარი გუნდიდან გაუშვეს და ახალი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა გახდა ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი მერვედფინალური მატჩის წინ. 21 თებერვალს „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლის“ სწორედ ფრანჩესკო კალცონა უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მედია წერს.
არსებული ინფორმაციით, კალცონასთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გაფორმდება, პარალელურად კი იგი სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტზეც დარჩება. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ მას უფლება მისცა, ივნისამდე იტალიურ კლუბშიც იმუშაოს.
55 წლის იტალიელი მწვრთნელისთვის „ნაპოლისთან“ ურთიერთობა ახალი არ არის, მან ოთხი წელი გაატარა გუნდში – ჯერ მაურიციო სარის ასისტენტი იყო, შემდეგ კი ერთი წელი ლუჩანო სპალეტისთანაც თანამშრომლობდა.
როგორც „არეა ნაპოლი“ წერს, კალცონა ნეაპოლელთა შეთავაზებას მალევე დათანხმდა, „ნეაპოლში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნება მისთვის უზარმაზარი და მოულოდნელი სიხარულია“.
ვალტერ მაძარისთან გამოთხოვების გადაწყვეტილება კლუბის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთ აუტსაიდერ „ჯენოასთან“ „ნაპოლის“ წარუმატებელი თამაშის შემდეგ მიიღო („ნაპოლი“ წაგებას ძლივს გადაურჩა 90-ე წუთზე სირილ ნგონგეს გატანილი გოლით, რომელმაც ანგარიში მატჩის მიწურულს გაათანაბრა – 1:1).
„დღეიდან ახლიდან ვიწყებთ, ყველაფერს თავიდან დავაყენებთ, ახლა ახალი გზა იწყება. აქ ვარ იმისათვის, რომ გუნდს იდენტობა მივცე“, – განაცხადა ფრანჩესკო კალცონამ თავის პირველ პრესკონფერენციაზე „ბარსელონასთან“ მატჩის წინ.
მას კითხვა დაუსვეს ოსიმენზე, რაზეც უპასუხა, რომ ოსიმენმა მთელი დატვირთვით ივარჯიშა და შედეგი ხვალ გამოჩნდება.
კითხვაზე, „რის ეშინია „ბარსელონასთან“? – კალცონამ უპასუხა: „ ეს არის გუნდი დიდი ფეხბურთელებით და საუკეთესო მწვრთნელებით, მაგრამ ჩვენ ვართ „ნაპოლი“ და არაფრის გვეშინია“.
„ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 00:00 სთ-ზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს „ნაპოლი“ შინ, მარადონას სახელონის სტადიონზე გამართავს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები