ქართველები უცხოეთშისპორტი

„ნაპოლი“ „მილანთან“ დამარცხდა „სან სიროზე“ (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში „მილანს“ დაუპირისპირდა გასვლით შეხვედრაში და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

პირველი მომენტი ნეაპოლელებმა კვარაცხელიას აქტიურობის შემდეგ შექმნეს, ხვიჩა საჯარიმოში შევიდა და კარის წინ, სიახლოვეს ჯოვანი სიმეონეს ჩააწოდა, მაგრამ არგენტინელმა თავდამსხმელმა არაზუსტად დაარტყა.

„მილანი“, ერთი შეხედვით, პასიური იყო და ვერაფერს აკეთებდა, მაგრამ როგორც გამოჩნდა, მასპინძლები თავიანთ შანსს ელოდნენ. ყველაფერი 25-ე წუთზე შეიცვალა – რაფაელ ლეაომ შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ტეო ერნანდესი, რომელმაც „ნაპოლის“ კარი აიღო და მილანი დაწინაურდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ გააქტიურდა, აქტიურობდა ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა თავდამსხმელმა შესანიშნავი დრიბლინგი წამოიწყო, კარში დაარტყა, თუმცა „მილანის“ მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ამის შემდეგაც ნეაპოლელები ბევრს ეცადნენ, კარში გაეტანათ, მაგრამ უშედეგოდ – მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.

2014 წლის შემდეგ პირველად შეძლო „მილანმა“ „სან სიროს“ სტადიონზე „ნაპოლის“ დამარცხება.

„ნაპოლი“ სერია A-ში გამართული 23 შეხვედრის შემდეგ 35 ქულით მეცხრე ადგილზეა, თუმცა ევროზონასთან მხოლოდ სამი ქულა აშორებს. მომდევნო შეხვედრას კვარას გუნდი შინ, „სტადიო მარადონაზე“ გამართავს „ჯენოასთან“. მატჩი თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 21-ე ტურის მატჩი გამოტოვებული აქვს და 24-ის ნაცვლად 23 შეხვედრა აქვს გამართული ჩემპიონატის 24-ე ტურის შემდეგ. გამოტოვებულ მატჩს „ნაპოლი“ 28 თებერვალს გამართავს შინ, მარადონას სახელობის სტადიონზე „სასუოლოსთან“.

და კიდევ: 12 თებერვალს ხვიჩა კვარაცხელიას 23 წლის უსრულდება. იგი 2001 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close