რუსთავში, „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე 4 ადამიანი მოკლეს, 1 დაჭრილია – ტრაგედიის დეტალები
რუსთავში, ე. წ. სტამბოლის ბაზარში ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფით 4 ადამიანი მოკლა. კიდევ ერთი დაჭრილი საავადმყოფოში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.
სროლის შემდეგ თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ იგი რამდენიმე ასეულ მეტრში, ბაზრის გასასვლელთან დააკავა. დაკავების ადგილზე ამოიღეს მკვლელობის იარაღიც.
დანაშაულში ბრალდებული 36 წლის გიორგი ორველაშვილია.
საზარელი მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მედიაში რამდენიმე ვერსია ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი – ბრალდებულის ბიძაა, რომელიც ბაზარში გამყიდველად მუშაობდა. კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც იმავე ხორცის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდნენ, ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა, მეოთხე გარდაცვლილი კი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბოროტმოქმედს შემთხვევის ადგილიდან წაყვანაზე უარი უთხრა. სხვა ვერსიით კი, ტაქსის მძღოლი, რომელიც ამავე ტერიტორიაზე მუშაობდა, ინციდენტის დროს მაღაზიაში ხორცის საყიდლად იყო შესული..
რაც შეეხება დაჭრილს, იგი ბრალდებულის ბიძაშვილია.საფანტის ტყვიისგან მას დაზიანებები თითქმის მთელ სხეულზე აქვს მიღებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც ბაზარში მომუშავეები ამბობენ, სამართალდამცველების მიერ დაკავებული გიორგი ორველაშვილი დაახლოებით ორი თვის წინ ბაზარში თავადაც მუშაობდა და ბიძას ეხმარებოდა. მათივე თქმით,
დაკავებულს ფერმა ჰქონდა, ბიძა კი ხორცის გამყიდველი იყო.
თავდასხმის კონკრეტული მოტივი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაშაული შურისძიებას უკავშირდება, ერთ-ერთი ვერსიით, ბიძამ წინა დღეს მასთან დასაქმებული ძმისშვილი გაათავისუფლა. მეორე ვერსიის თანახმად, მამაკაცმა ბიძას ხორცის ნისიად მიყიდვა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
ასევე ირკვევა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რამდენიმე კვირის წინ მან განგებ გააჩინა ცეცხლი საცხოვრებელ სახლში, რომელიც ნაქირავები ჰქონდა. ამის შემდეგ იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, თუმცა როდის დატოვა დაწესებულება, ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ორი მუხლით აღძრა: სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
10 თებერვალს, დილით სამართალდამცველებმა „სტამბოლის ბაზარში“ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. შსს-ს ცნობით, მკვლელობის იარაღი, გლუვლულიანი თოფი, სწორედ მას ეკუთვნოდა. მკვლელობაში ბრალდებულის ძმას გამოძიება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულს – ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.
ნანა ძნელაძე
კომენტარები