საზოგადოებასწავლასაბერძნეთი

ბერძენი სტუდენტები აძლიერებენ პროტესტს მთავრობის მიერ დაგეგმილი საუნივერსიტეტო რეფორმის წინააღმდეგ

საბერძნეთში საუნივერსიტეტო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, რის გამოც ათენის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა შეუძლებელი იყო. 

პოლიციის ინფორმაციით,  საპროტესტო აქციაში 15 ათასამდე სტუდენტი მონაწილეობდა, მათ შეუერთდნენ ლექტორები და საჯარო სექტორის სხვა თანამშრომლები.

უკვე მეხუთე კვირაა, ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტების 150-მდე ფაკულტეტის სტუდენტი აპროტესტებს დაგეგმილ რეფორმებს.

სტუდენტები და პედაგოგები აცხადებენ, რომ რეფორმა ცუდად იმოქმედებს საბერძნეთის საჯარო უნივერსიტეტების ხარისხზე და კიდევ უფრო შეამცირებს საჯარო განათლების დაფინანსებას.

„სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსება უკვე არასაკმარისია“, – ამბობს ელენი იატრუ, პელოპონესის უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც ათენში მიტინგზე ჩამოვიდა.

„თუ კერძო უნივერსიტეტები ასევე დაიწყებენ სამეცნიერო ხარისხების შეთავაზებას, საჯარო უნივერსიტეტების სახელმწიფო დაფინანსება კიდევ უფრო შემცირდება“, – უთხრა მან სააგენტო „ფრანს პრესს“.

ბევრი უნივერსიტეტის პროფესორი ასევე ეწინააღმდეგება კერძო უნივერსიტეტებს, რომლებიც, როგორც სტუდენტები ამტკიცებენ, იქ სწავლის მსურველებს დაბალ მოთხოვნებს შესთავაზებენ სოლიდური გადასახადის სანაცვლოდ.

„კერძო უნივერსიტეტებში ხარისხის გარანტია არ არსებობს და სწავლის ღირებულება გაიზრდება“, – თქვა ალექსანდრა ბალანტინამ, მუსიკოსის პროფესორმა კორფუს იონიის უნივერსიტეტიდან.

200-მდე პროფესორმა ამ კვირაში ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც გმობს მთავრობის „არაკეთილგანზრახულ“  მცდელობებს, დაძლიოს რეფორმის მოწინააღმდეგეთა პროტესტი. მათ უარი თქვეს ონლაინგამოცდებში მონაწილეობაზე, რომელიც ტარდება ფაკულტეტებში, სადაც სტუდენტები მსხდომარე აქციებს აწყობენ.

მთავრობა ამბობს, რომ რეფორმა საშუალებას მისცემს საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებს, დაამყარონ პარტნიორობა პრესტიჟულ უცხოურ აკადემიურ უმაღლეს სასწავლებლებთან, რაც მათ საერთაშორისო მიმზიდველობას გაზრდის. მთავრობის გეგმის თანახმად, კერძო არაკომერციული უნივერსიტეტები სტუდენტების მიღებას 2025 წლიდან დაიწყებენ.

პარლამენტმა კანონპროექტს მიმდინარე თვეში უნდა უყაროს კენჭი.

პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა პირობა დადო, რომ მკაცრ წესებს შემოიღებენ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ფუნქციონირებისთვის.

ამჟამად საბერძნეთში მოქმედ უცხოურ სასწავლებლებს მხოლოდ პროფესიული დიპლომების გაცემა შეუძლიათ, მათ  სრული დიპლომების გაცემის უფლება არ აქვთ.

საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბევრი ოჯახი აგზავნის შვილებს საზღვარგარეთ სასწავლებლად, თუ ამის საშუალება აქვთ და ახალგაზრდები სწავლის დასრულების შემდეგ ხშირად რჩებიან უცხოეთში, საბერძნეთის მთავრობა კი იბრძვის, რომ ახალგაზრდებმა განათლება საკუთარ ქვეყანაში მიიღონ და სწავლის დამთავრების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დაიწყონ სამსახური.

არსებული სტატისტიკით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ 40 ათასამდე ბერძენი ახალგაზრდა სწავლობს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს საბერძნეთმა თავისი სახელმწიფო ბიუჯეტის 7,1 პროცენტი დახარჯა განათლებაზე, რაც ყველაზე დაბალი პროცენტული წილია მინიმუმ 25 წლის განმავლობაში.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close