არალეგალური მიგრანტების მორიგი ლეგალიზაცია საბერძნეთში – ვის ეხება ახალი რეგულაცია?
განაცხადების შეტანა შესაძლებელია 2024 წლის 31 დეკემბრამდე, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ განაცხადები აღარ მიიღება
გასულ წელს საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტმა, მთავრობის წარდგენის შემდეგ, დაამტკიცა ახალი საიმიგრაციო კოდექსი, რომლის დებულებების უმრავლესობა ძალაში შევიდა 2024 წელს. კერძოდ, კოდექსის 193-ე მუხლი ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიის იმიგრანტების ლეგალიზაციას.
მიმდინარე წლის 22 იანვარს გამოვიდა მიგრაციის სამინისტროს ცირკულარი, რომელიც დეტალურად განმარტავს ლეგალიზაციის პროცედურას. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ლეგალიზაციისთვის საჭიროა კანდიდატი აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უნდა ჰქონდეთ დამსაქმებლის ოფიციალური განცხადება (Δήλωση εργοδότη) რომელიც ადასტურებს კანდიდატის დასაქმების ფაქტს;
ბ) უნდა ცხოვრობდნენ საბერძნეთში ბინადრობის მოწმობის გარეშე ბოლო 3 წლის განმავლობაში განაცხადის შეტანის დღემდე;
გ) უნდა დაამტკიცონ, რომ ცხოვრობენ საბერძნეთში უწყვეტად ბოლო 3 წლის განმავლობაში განაცხადის შეტანის მომენტისთვის.
განაცხადების შეტანა შესაძლებელია 2024 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ განაცხადები აღარ მიიღება.
ცირკულარის მიხედვით, რეგულაცია ეხება შემდეგი კატეგორიის პირებს:
ა) მესამე ქვენების მოქალაქეები, რომლებიც ადრე ფლობდნენ ბინადრობის მოწმობას, მაგრამ მოგვიანებით, სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს საბერძნეთში ცხოვრების უფლება, თუმცა იმყოფებიან ქვეყანაში არალეგალურად.
ბ) მესამე ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად შემოვიდნენ საბერძნეთში, მაგრამ ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ დარჩნენ ქვეყანაში არალეგალურად;
გ) მესამე ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად შემოვიდნენ საბერძნეთში და აგრძელებენ არალეგალურად ცხოვრებას;
დ) პირები, რომლებმაც მოითხოვეს ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ მათი მოთხოვნა უარყოფილი იქნა, ან არ მიუღიათ საბოლოო პასუხი შესაბამისი დაწესებულებისგან.
ცირკულარში აღნიშნულია, რომ ზემო აღნიშნული კატეგორიები არ არის სრულყოფილი და შესაძლებელია არსებობდეს სხვა შემთხვევებიც. მთავარია, რომ კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს ძირითადი მოთხოვნები: ცხოვრობდეს ქვეყანაში უწყვეტად ბოლო 3 წლის განმავლობაში არალეგალურად და იყოს დასაქმებული, რის შესახებაც დამსაქმებელმა უნდა გასცეს შესაბამისი დოკუმენტი.
განაცხადის შეტანასთან ერთად კანდიდატი იხდის სახელმწიფო ბაჟს, ე. წ. პარავოლოს (Παράβολο) 300 ევროს ოდენობით, ასევე, ბინადრობის მოწმობის ბარათის დამზადების საფასურს – 16 ევროს.
ცირკულარი ასევე განსაზღვრავს დამსაქმებლის მიერ გასაცემი დოკუმენტის ფორმას და რეგისტრაციის წესს.
რამდენადაც ცირკულარი შეიცავს ბევრ დეტალს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია განაცხადის შეტანის დროს, გირჩევთ, მიმართოთ თქვენს ადვოკატს. საჭირო საბუთების შესაგროვებლად დრო საკმარისია და შეგიძლიათ არ იჩქაროთ. გისურვებთ წარმატებებს.
გიორგი ჯანელიძე
ცირკულარის ტექსტი სრულად იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.e-nomothesia.gr/kat-allodapoi/egkuklios-24621-2024.html
კომენტარები