ფსიქოლოგიაჯანმრთელობარჩევები

გინდა მოწევას თავი დაანებო და ვარჯიში დაიწყო? – ფსიქოლოგის რჩევა 2024 წლისთვის

ყოველი ახალი წელი იწყება ისეთი კეთილშობილური გეგმებით, როგორიცაა მოწევისთვის თავის დანებება, ვარჯიშისა და სწორი კვების რეჟიმის დაწყება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ წლის დასაწყისში დასახული მიზნების მიღწევას იშვიათად ვახერხებთ. ამ მხრივ არც 2024 წელია გამონაკლისი და ბევრი ჩვენგანი აპირებს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას, ცხოვრების ტემპის შენელებას, საყვარელ ადამიანებთან მეტი დროის გატარებას და ა.შ. თუმცა საკითხავია, იყო თუ არა განსხვავებული შარშანდელი და შარშანწინდელი გეგმები?!

როგორც წესი, ყოველი წელი ერთი და იმავე ენთუზიაზმით იწყება. ეს ყველაფერი საახალწლო ფეიერვერკს ჰგავს: ძლიერი აფეთქებები და კაშკაშა განათებები სწრაფად ჩნდება და უმალვე ქრება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სცენარი უნივერსალური სულაც არ არის. თქვენი საახალწლო გეგმები მომავალ წელსაც იგივე რომ არ იყოს და 2024 წელი ახლის დასაწყისად რომ იქცეს, Deutsche Welle-მ რჩევა ფსიქოლოგებს ჰკითხა.

უპირველეს ყოვლისა, იყავით თანმიმდევრული!

„ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვათ, არის რამდენიმე პრობლემის ერთდროულად გადაჭრის მცდელობა“, – ამბობს გერმანელი ფსიქოლოგი მარიო შუსტერი. თუ გსურთ მოწევას თავი დაანებოთ და, ამავდროულად, გინდათ გამორიცხოთ რაციონიდან ტკბილეული და რეგულარული სირბილი დაიწყოთ, არსებობს საშიშროება, რომ თავს ძალიან გადაიტვირთავთ. „ძველი ჩვევების დასაძლევად ნებისყოფა გვჭირდება“, – ხაზს უსვამს შუსტერი, – თუმცა ეს ნებისყოფა უხვად არავის აქვს. რამდენიმე მიზნის ერთდროულად მიღწევის მცდელობისას ჩვენმა ნებისყოფამ რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს, შესაბამისად, ის ძალიან სწრაფად იხარჯება. არაფერია ცუდი იმაში, რომ ჯერ ერთი ან ორი ჩვევა შევცვალოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანმიმდევრულად მოხდეს“, – განმარტავს ექსპერტი.

ყველაფერი უნდა აკეთოთ სიამოვნებით!

პირველ რიგში, უნდა ავირჩიოთ დავალება, რომელზედაც სრულად ვიქნებით კონცენტრირებული, თუმცა აქ ისმის კითხვა: რომელი წამოვწიოთ წინ, თუ თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია?! პასუხი მარტივია: „ის უნდა იყოს სახალისო. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური მიდგომა იმ ცვლილებების მიმართ, რომელთა განხორციელებაც გვინდა“, – ამბობს შუსტერი. „მოწევას თავი უნდა დავანებო“ და „მინდა, მოწევას თავი დავანებო“ – ეს ორი ფრაზა ლინგვისტური თვალსაზრისით მცირედით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჩვენი განზრახვის გრძელვადიანი წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ჩვენ ვალდებულები ვართ რაღაც შევცვალოთ (უნდა), თუ ეს ჩვენი სურვილია (მინდა).

დარჩით რეალისტებად!

ისინი, ვინც 2023 წელს თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი დივანზე მოკალათებულებმა გაატარეს და 2024 წელს კვირაში ოთხჯერ, ერთი საათის განმავლობაში სირბილს გეგმავენ, საკუთარ თავს მაღალ თამასას უწესებენ. უფრო მეტიც, უკიდურესად მაღალს. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარი თავით იამაყონ, თუ ფიზიკურ აქტივობას კვირაში ორჯერ მაინც მოახერხებენ, თუნდაც ეს მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდეს. „რეგულარობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხანგრძლივობა და ინტენსივობა“, – ამბობს სპორტული ფსიქოლოგი შუსტერი. აქ საუბარია იმაზე, რომ ვარჯიში ახალ ჩვევად გადაიქცეს. თუ თავს თავიდანვე არ გადატვირთავთ, მიზნის მიღწევის უკეთესი შანსი გექნებათ.

თქვენი განზრახვა სხვებსაც გააცანით

როცა მიზანი დასახული და ჩამოყალიბებულია, „ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, რამდენიმე ადამიანს მოუყვე შენი განზრახვის შესახებ, რადგან ეს შენს პოზიციას აძლიერებს“, – გვირჩევს ექსპერტი. დაპირება, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს ვაძლევთ, უფრო სწრაფად ირღვევა, ვიდრე ის, რომლის შესახებაც ხმამაღლა განვაცხადეთ.

მარცხი ნორმალურია. მთავარია, სასოწარკვეთას არ მიეცეთ!

2024 წელი კარგი განზრახვით კი დაიწყეთ, მაგრამ მალე შეიძლება მოტივაცია დაკარგოთ. შესაბამისად, შესაძლოა სიგარეტმა მიგიზიდოთ და დივნის გრავიტაციული ძალაც ხომ არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი! ასე რომ, დადგა მომენტი, როდესაც მხარ-თეძოზე წამოწოლილი ეწევით… და რა ხდება ახლა? „არავითარ შემთხვევაში არ უნდა განსაჯოთ ამის გამო საკუთარი თავი, – გვაფრთხილებს შუსტერი, – რადგან ეს მთელი პროექტის სწრაფ ჩავარდნას გამოიწვევს. წარუმატებლობა ხომ ყოველთვის არის მოსალოდნელი. „ეს მხოლოდ გააძლიერებს თქვენს თავდაჯერებას, – განმარტავს ფსიქოლოგი. – ვინც ამ რწმენას ინარჩუნებს, სწრაფად არ ნებდება“, – ასკვნის იგი.

უმჯობესია, არ გქონდეთ განზრახვა, რომელიც იწყება სიტყვით „უნდა“

კარგი განზრახვაც კი შეიძლება ცუდი იყოს. მაგალითად, როდესაც ჩვენი ცხოვრებისთვის მის მორგებას დიდი სირთულე ახლავს თან, ან როდესაც მამოძრავებელი ძალა არის სიტყვა „უნდა“ და არა – „მინდა“. თუ თვითგანსჯა თქვენს რწმენას მთლიანად გადაფარავს, უნდა გააცნობიეროთ, რომ ყველაზე კეთილი ზრახვაც კი არ არის ხოლმე საუკეთესო. ამიტომაც, ობიექტურად რომ ვთქვათ, ჯობს, ახალი წელი დაიწყოთ ისე, რომ არც საკუთარ თავს და არც სხვებს არაფერს დაჰპირდეთ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close