სამზარეულორჩევები

ტირამისუს ყველაზე მაგარი რეცეპტი – სხვანაირად აღარასდროს გააკეთებთ!

ტირამისუს გაკეთება ბევრნაირი რეცეპტით მიცდია: კლასიკური, კვერცხიანი, უკვერცხო, ნაღებით, უნაღებოდ, ეკონომიური (ნადუღით), შესქელებული რძით და ა.შ. ათასნაირ რეცეპტს ნახავთ ინტერნეტში, მაგრამ იმ ვერსიას, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ და რომელიც ექსპერიმენტების შედეგად ავირჩიე, ნამდვილად არაფერი შეედრება.

მასალად დაგჭირდებათ:

6 მოზრდილი კვერცხი გული  (0 კატეგორია; ცილა არ დაგჭირდებათ);

150 გრამი შაქარი (თუ უფრო ტკბილი გიყვართ, მაშინ – 180 გრამი);

500 გრამი „მასკარპონე“;

400 გ 33-36%-იანი ნაღები (უფრო დაბალპროცეტიანი არ გამოგადგებათ);

400 მლ ყავა (2 ჩაის კოვზი შაქრით; შეგიძლიათ მოადუღოთ მაგარი ხსნადი ყავა ჩვეულებრივად ან თუ აპარატი გაქვთ, ესპრესო).

ორცხობილა „სავოიარდი“  350 გ

2-3 სუფრის კოვზი რომი ან 2-3 წვეთი რომის ესენცია.

მომზადება:

უპირველეს ყოვლისა, მოამზადეთ ყავა, რომ სანამ კრემს გააკეთებთ, გაცივდეს.

შემდეგ მოამზადეთ გოგლიმოგლი: კვერცხის გულები მოათავსეთ ისეთ თასში, რომ  შეძლოთ ორთქლის აბაზანაზე დადგმა. დააყარეთ შაქარი, თქვიფეთ 3-4 წუთი, შემდეგ შემოდგით ორთქლის აბაზანაზე ისე, რომ ჯამის ძირი წყალს არ ეხებოდეს (წყალი ნელა უნდა დუღდეს). ამისთვის ქვაბში, რომელზეც ჯამს დადგამთ, ცოტა წყალი ჩაასხით. დადგით გოგლიმოგლიანი ჯამი ორთქლის აბაზანაზე და მიქსერით თქვიფეთ 10 წუთი. კვერცხის და შაქრის მასა კარგად უნდა გათეთრდეს. გადმოიღეთ, 3 წუთი კიდევ თქვიფეთ და დადგით, რომ გაცივდეს. „მასკარპონე“ გამოიღეთ მაცივრიდან და ცოტა ხანს დადეთ, სანამ ნაღებს ათქვეფთ.

ნაღები ცივი უნდა იყოს, მაცივრიდან მხოლოდ მაშინ გამოიღეთ, როცა უკვე უნდა გათქვიფოთ. ჯამი, რომელშიც ნაღების გათქვეფას აპირებთ, მაცივარში უნდა შედგათ დაახლოებით 15-20 წუთით ადრე მაინც. მიქსერის ჯოხებიც უმჯობესია  ცივი იყოს, ამიტომ ცივ წყალში გარეცხეთ და გაამშრალეთ (თუ მაცივარში შედებას ვერ მოასწრებთ).

ნაღები მოათავსეთ ცივ ჯამში და დაბალ სიჩქარეზე დაიწყეთ თქვეფა, სანამ კარგად არ გასქელდება (დაახლოებით 5-7 წუთი დაგჭირდებათ ან ცოტა მეტი). მაღალ სიჩქარეზე არ გათქვიფოთ.

გათქვეფილი ნაღები ისევ მაცივარში შედგით, სანამ „მასკარპონეს“ და გოგლიმოგლს ერთმანეთში აურევთ. კვერცხისა და შაქრის მასას დაუმატეთ „მასკარპონეს“ დაახლოებით მეოთხედი და დაბალ სიჩქარეზე გათქვიფეთ ძალიან ცოტა ხანს, შემდეგ კიდევ მეოთხედი, ისევ გათქვიფეთ, შემდეგ დანარჩენი. დიდხანს და მაღალ სიჩქარეზე თქვეფა არ უნდა, თავად მიხვდებით, ერთმანეთს კარგად რომ შეერევა, ჩაასხით რომი ან რომის ესენცია (ან კარგი ლიქიორი – თუ რომი არ გაქვთ) და აურიეთ.

„მასკარპონეს“ და გოგლიმოგლის ნარევს შემდეგ ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ათქვეფილი ნაღები ხის კოვზით ან სილიკონის პატარა ნიჩბით (მიქსერით არ აურიოთ, კრემი გათხელდება), ფრთხილად ურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.

უგემრიელესი კრემი მზადაა.

ფორმაში ჩააწყვეთ ყავაში ამოვლებული „სავორიადის“ ორცხობილები (უცბად, 2 თვლაზე უნდა დაასველოთ ორივე მხრიდან, დიდხანს არ გააჩეროთ, თორემ ძალიან დალბება), წაუსვით ზემოდან კრემის ნახევარი, დააწყვეთ მეორე  ფენა და ზემოდან გადაუსვით კრემის მეორე ნახევარი. დააფარეთ თავზე და შედგით მაცივარში მინიმუმ 8 საათი, ან მთელი ღამე. გამასპინძლების წინ საცრით მოაყარეთ დაახლოებით 10-15 გრამი კარგი ხარისხის კაკაოს ფხვნილი.

თუ ვიწრო ფორმა გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ 3 ფენად გააკეთოთ (ამჯერად მე 3 ფენად გავაკეთე)..

გემრიელად მიირთვით!

კირა კარიაული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close