ჩვენი ფავორიტიარტისტიინტერვიუ

კომიკოსი, რომლის იუმორმაც დროს გაუძლო – დაუვიწყარი აკაკი კვანტალიანი (ვიდეო)

სამჯერ გამოაგდეს თეატრიდან, რადგან უშიშროების მასალებში ეწერა: „არაკეთილსაიმედო, უყვარს ლაყბობა“

ცნობილი ქართველი კომიკოსის, აკაკი კვანტალიანის მიერ შექმნილი კოლორიტული იერსახეები, ხალასი იუმორით გამსჭვალული შემოქმედება დღემდე სიამოვნებას ანიჭებს ყველა თაობის მაყურებელს.  მისი სამოღვაწეო ასპარეზი თეატრი, კინო, ესტრადა და ქართული სუფრა იყო. აკაკი კვანტალიანის სუფრაზე მოლხენა და ოხუნჯობა თავისებურ თეატრალურ სანახაობას წარმოადგენდა. მისმა იუმორმა დროს გაუძლო. „იმ სუფრაზე, სადაც იგი თამადობდა, საჭმელი ხელუხლებელი რჩებოდა. მახსოვს, სკოლაში ორი პარალელური კლასი ვიყავით, ჩვენმა კლასმა გამოსაშვები საღამო ჩვენთან გადაიხადა – თამადა მამა იყო. მეორე დღეს დედაჩემი ბრაზობდა: არავის არაფერი არც უჭამია და არც დაულევიაო. ჩვენი სიცილ-კისკისის ამბავი პარალელურმა კლასმა რომ გაიგო, მეორე დღეს ისინიც ჩვენთან მოვიდნენ“, – იხსენებს აკაკი კვანტალიანის ვაჟი  გელა კვანტალიანი, რომელსაც მამამ სახელი პირველ კინოფილმში („უკანასკნელი ჯვაროსნები“) შესრულებული როლის გამო დაარქვა.

„პატარა კომიკოსის“ ასრულებული ოცნება

აკაკი კვანტალიანი 1907 წლის 27 დეკემბერს დაიბადა სამტრედიაში. მამა – ლუკა კვანტალიანი მიწის მუშა იყო, დედა – ანეტა ტორონჯაძე კი – დიასახლისი. კვანტალიანების  შეძლებულ ოჯახში ხუთი შვილი იზრდებოდა, რომელთა შორის მომავალი კომიკოსი მსახიობი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავისი მუსიკალურობითა და იმიტაციის უნარით. პატარა აკაკი თვითონ თხზავდა სახუმარო ამბებს და საკუთარი სახლის კიბის ქვეშ თავადვე მართავდა წარმოდგენებს შინაურებისთვის. ათასგვარ სიუჟეტს იგონებდა, არაჩვეულებრივად მღეროდა და ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟსაც კი განასახიერებდა. მის მიერ გათამაშებულ გმირებში ოჯახის ახლობლებს ხშირად შეუცნიათ საკუთარი თავი. იმდენად დიდი ყოფილა მასში მსახიობობის სურვილი და იმდენად აშკარა – იუმორის გრძნობა, რომ „პატარა კომიკოსს“ სამტრედიის ახლომახლო სოფლებშიც გაუთქვამს სახელი.

აკაკის მამას – ლუკა კვანტალიანს მთელი ქონება თავისი შრომით ჰქონია შეძენილი: ყანები, წისქვილი… თურმე ცხენები უყვარდა ძალიან და რამდენიმე ფაეტონიც კი უყიდია. როგორც ამბობენ, გასაბჭოებისას უფროსმა შვილმა, რომელიც პარტიული მუშაკი იყო, სთხოვა, ხომ იცი, რა დროა, ყველაფერი მთავრობას ჩააბარეო. მშრომელმა კაცის გულმა ეს ამბავი ვერ აიტანა და… სწორედ ამ პერიოდში აკაკი კვანტალიანმა წარჩინებით დაამთავრა სამტრედიის გიმნაზია და მიუხედავად იმისა, რომ მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, შინაურების დაუკითხავად გაიპარა თბილისში ერთადერთი გადაწყვეტილებით – ნამდვილი მსახიობი გამხდარიყო.

თბილისში ჩამოსული ჭაბუკი სწავლას უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე აგრძელებს. ამავე დროს, მუშაობას იწყებს მილიციის სამმართველოში გადამწერად, თან  მუშაობს მიხეილ ჭიაურელის მიერ შექმნილ რევოლუციურ-სატირულ თეატრში, რომელსაც „ლურჯი ხალათი“ ერქვა. ერთი პერიოდი ამ თეატრს „წითელ შოლტსაც“ უწოდებდნენ. აკაკი კვანტალიანი ამ თეატრის სული და გული იყო. შემდგომში, ერთი სეზონის განმავლობაში, თბილისის  მუშათა თეატრში მუშაობდა, 1928 წლიდან კი მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა. პარალელურად, 1933 წელს მისი დებიუტიც შედგა ქართულ კინოში, კინორეჟისორ სიკო დოლიძის ფილმში „უკანასკნელი ჯვაროსნები“, სადაც ნატო ვაჩნაძისა და სერგო ზაქარიაძის გვერდით აკაკი კვანტალიანმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ,  შემდგომში უკვე ცნობილმა კინომსახიობმა შვილს სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლის გამო დაარქვა სახელი – გელა.

შემდეგში ეკრანზე განსახიერებული ორმოცამდე კინოროლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მენახშირე მიტუა კინოფილმ „მაგდანას ლურჯაში“, რომელსაც აკაკი კვანტალიანი თავის საუკეთესო როლად მიიჩნევდა. ასევე,  ბერიკა – „მაია წყნეთელში“, ვარდენი – „უდიპლომო სასიძოში“, პაპა ლაზარე – ფილმში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, დათა – „გიორგობისთვეში“, ოტია – „განძში“, კოსტა – ტელეფილმში „ქოჩორა“ და სხვა. როგორც კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე იხსენებდა, აკაკი კვანტალიანმა თვითონ ითხოვა, გადაეღოთ სინჯი „მაგდანას ლურჯაში“ მენახშირე მიტუას როლისთვის, რომელზეც ფილმის რეჟისორებს, რეზო ჩხეიძესა და თენგიზ აბულაძეს, ცნობილი მსახიობის, შალვა ღამბაშიძის მიწვევა ჰქონდათ განზრახული.

ვარდენი, „უდიპლომო სასიძო“, 1961

რეზო ჩხეიძე:  „ბატონი შალვა მაღალი და მსუქანი იყო. ვფიქრობდით, რომ ძალიან საინტერესო შესახედავი იქნებოდა ვირზე გადამჯდარი ამხელა აყლაყუდა. მაშინ კვანტალიანის კანდიდატურა აზრადაც არ მოგვსვლია… შალვა ღამბაშიძემ კი როლზე უარი თქვა. გავიდა რამდენიმე დღე და სტუდიაში თვითონ მოვიდა აკაკი კვანტალიანი. გვითხრა, გავიგე, რომ „მაგდანას ლურჯას“ იღებთ. ვიცი, ფილმში მენახშირის როლია. გამსინჯეთ, სხვას არაფერს არ გთხოვთ, ახლავე შევალ საგრიმიოროში, მხოლოდ გრიმიორი და მხატვარი შემაყოლეთ, ჩავიცვამ კოსტიუმს, გავიკეთებ გრიმს ისე, როგორც წარმომიდგენია, თუ მოგეწონებათ, დავრჩები, თუ არადა – წავალო. ცხადია, უარი არ გვითქვამს. შევიდა საგრიმიოროში და სულ მალე იქიდან მსუქანი, ბანჯგვლიანი კაცი გამოვიდა – ყურებშიც კი თმები ჰქონდა დაწებებული. რა თქმა უნდა, ტიპაჟი ძალიან მოგვეწონა და დავტოვეთ“.

კადრი ფილმიდან „მაგდანას ლურჯა“, 1955. მარცხნივ – აკაკიმ კვანტალიანი მენახშირე მიტუას როლში

„მინიატიურების ანსამბლი“

შეუფასებელია აკაკი კვანტალიანის ღვაწლი ქართულ საესტრადო ხელოვნებაშიც. ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში მან პირველმა შექმნა მინიატიურების თეატრი „მინიატიურების ანსამბლის“ სახელწოდებით. წლების განმავლობაში იგი ესტრადიდან  ალექსანდრე გომელაურთან ერთად ფელეტონებით, პაროდიებით, შარჟებითა თუ სკეტჩებით საზოგადოების მანკიერ მხარეებს აკრიტიკებდა.  „მინიატიურების ანსამბლმა“ მთელი საქართველო მოიარა  კონცერტებით.  მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ქართულ ჯაზთან ერთად თუ მათ გარეშე, მართავდნენ კონცერტებს ღია ცის ქვეშ, სამხედრო გემებსა და ჰოსპიტლებში… მინიატიურების უმრავლესობის ავტორი და დამდგმელი თავად აკაკი კვანტალიანი იყო.

„საბუდარელი ჭაბუკი“, 1957

„წერეთლის მწვადები“

სხვათა შორის, აკაკი კვანტალიანის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ამსახველი უნიკალური ფოტომასალა მისივე შვილის – გელა კვანტალიანის საოჯახო არქივში ინახება. მას წლების განმავლობაში აგროვებდა მსახიობის მეუღლე, ქალბატონი მაია ჭიპაშვილი, რომელიც თეატრში მუზეუმის გამგედ მუშაობდა.

38 წლის იყო აკაკი კვანტალიანი, როდესაც თავისზე 18 წლით უმცროსი მაია ჭიპაშვილი ცოლად მოიყვანა. მიუხედავად ასეთი დიდი ასაკობრივი განსხვავებისა, მათი ურთიერთობა ბევრს შეშურდებოდა. ქალბატონი მაია ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა მეუღლის შემოქმედებით ცხოვრებაში. მსახიობობის გენი არც შვილებში (გელა და ქეთევანი) და არც შვილიშვილებში არ გაგრძელებულა.

გელა კვანტალიანი ბავშვობიდან ყველაზე ლამაზად იმ პერიოდს იხსენებს, როცა მამამ წყნეთში ნაკვეთი მიიღო და იქ სახლის მშენებლობა დაიწყეს:

„მახსოვს, იმ სახლის პროექტი დედამ დახატა. ყველაფერი იმის მიხედვით ჰქონდათ მოფიქრებული, პურ-მარილის დროს რამდენი კაცი დაეტეოდა, რადგან ჩვენთან მართლა ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა. ზოგჯერ სახლში არაფერი გვქონია, მაგრამ „წერეთლის მწვადებზე“ ისე მოგვილხენია, თქვენი მოწონებული. „წერეთლის მწვადები“ ქონში მოხრაკული ხახვია. მამას უყვარდა მისი გაკეთება. ღვინოს ჩვენ თვითონ ვწურავდით (მამას ბოლო წლებში შაქარი ჰქონდა და მაღაზიის ღვინოს არ ენდობოდა) და მე და ჩემი მეგობრები რომ დავსხდებოდით „წერეთლის მწვადებზე“ საქეიფოდ, მეზობლებს ეგონათ, დიდი ლხინი გვქონდა: აუჰ, რას ქეიფობენ კვანტალიანებიო? – ამბობდნენ. მამა ჩვენი გაჭირვების ტალკვესი იყო.  თუ რაიმე შეგვემთხვეოდა მე და ჩემს მეგობრებს, წამსვე იქ გაჩნდებოდა ხოლმე. როგორი არაორდინარული პიროვნებაც თვითონ იყო, ისეთივე არაორდინარული მდგომარეობა სუფევდა ჩვენს სახლშიც. ან არავინ იყო, ან პირიქით, ძალიან ბევრი ხალხი იყრიდა თავს. სუფრაზე მისი მოლხენა და ოხუნჯობა თავისებურ თეატრალურ სანახაობას წარმოადგენდა. თუ მამა სახლში იყო, მხიარულება არ გვაკლდა, მაგრამ, მახსოვს, ერთხელ სათამაშოდ ტრაგიკული როლი მისცეს (აკაკი კვანტალიანი, ძირითადად, კომიკურ როლებს ასრულებდა – თ. ო.) და მამა მუშაობის დროს იმდენად შედიოდა როლში, რომ ასეთი კაკო ძალიან გვეუცხოებოდა. თვითონ სერიოზულად არასოდეს უცდია წერა, მაგრამ ძალიან კარგი გემოვნება ჰქონდა, შესანიშნავად შეეძლო შესწორება და ნაწარმოების თანამედროვეობისთვის მორგება, ამიტომ მასთან სხვადასხვა თეატრიდან ბევრი დრამატურგი მუშაობდა და ჩვენს სახლში მუდმივად იდგმებოდა რამდენიმე პიესა, იწერებოდა სცენარი ან სკეტჩი. სხვათა შორის, „ჯარისკაცის მამის“ სცენარი ჩვენს სახლში დაიწერა. ერთი ეგზემპლარი ახლაც გვაქვს – ნაწილი მამაჩემის ხელითაა დაწერილი, ნაწილი – რეზო ჩხეიძისა. ეს როლი მამას უნდა ეთამაშა, მაგრამ… საერთოდ კი, როდესაც მამა სახლში როლზე მუშაობდა, მე და ჩემი და ვცდილობდით, ხელი არ შეგვეშალა მისთვის“…

გელა კვანტალიანი, ფოტო: Facebook

შეჯიბრი ჭამა-სმაში

სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როცა აკაკი კვანტალიანის ახალგაზრდობის ფოტოები ვნახე (რამდენიმე წლის წინათ ბატონმა გელა კვანტალიანმა დამათვალიერებინა ფოტოარქივი – თ. ო.)  – არ მეგონა, ასე გამხდარი თუ იყო. 18-19 წლის ასაკში კაკო კვანტალიანს ტიფი გადაუტანია და მხოლოდ მას შემდეგ მოუმატია წონაში. რაც შეეხება იუმორს, ეს მათი გვარის განსაკუთრებული მახასიათებელია, რომელიც კვანტალიანებს ტორონჯაძეების მხრიდან მიუღიათ. კაკო კვანტალიანს დედის (ანეტა ტორონჯაძე) მხრიდან ორი ბიძა ჰყოლია, ძალიან ენამოსწრებულები და, როგორც ჩანს, იუმორის გრძნობით კომიკოსი მსახიობი სწორედ მათ დაემსგავსა.

სხვათა შორის, აკაკი კვანტალიანი თავისი მადითაც საქვეყნოდ იყო ცნობილი. ერთხელ თურმე ჭამა- სმაში შეჯიბრი მოაწყვეს დოდო აბაშიძემ და აკაკი კვანტალიანმა. ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ და მეგობრობდნენ, მაგრამ მაინც ხშირად კამათობდნენ და ქიშპობდნენ, არა, მე შენზე მეტს შევჭამ და დავლევ, არა მეო. „მაგი რომ ჭამს და მაგი რომ სვამს, მე ცალ ყურში ჩავისხამო“, – ამბობდა დოდო აბაშიძე. ერთ დღესაც რესტორანში დასხდნენ, თავიანთი სურვილით შეარჩიეს ღვინის მარკა და 15-15 ბოთლი მოიდგეს გვერდით. დასაწყისისთვის ორივემ პირნათლად მოასუფთავა ოთხი ულუფა „ოსტრი“, თან ღვინოს სვამდნენ და ულამაზეს სადღეგრძელოებს ამბობდნენ. მერე ნაირ-ნაირ კერძს უკვეთდნენ: ხაჭაპური, კეცზე შემწვარი სოკო, მჭადი, ყველი, ხბოს და ღორის მწვადები, ზეთისხილი… ბატკნის მწვადები… და გემრიელად მიირთმევდნენ.

საბოლოოდ მათი შერკინება ფრედ დასრულდა, თუმცა იმ დღეს დოდო აბაშიძე ცუდად გამხდარა და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს. გონზე რომ მოსულა, დედისთვის უთხოვია,  კაკოსთან დარეკე, გაიგე, როგორ არისო. დაურეკავს დედამის და კვანტალიანის მეუღლეს უთქვამს, მეგობრები მოვიდნენ და ქორწილში სათამადოდ წაიყვანესო. დოდოსთვის ამის დაჯერება შეუძლებელი აღმოჩნდა, გამწარებული მივარდნილა კაკოსთან სახლში და ყველგან ეძება, მაგრამ ვერსად იპოვა – კვანტალიანი მართლა ქორწილში იყო წასული. ბოლოს უთქვამს, მაინც მაჯობაო…

ჩანაწერი ჩემი ჟურნალისტური არქივიდან

გელა კვანტალიანი:

მამას ძალიან უყვარდა საჭმელების კეთება, ბაზარში თუ რამეს იყიდდა, ის აუცილებლად საუკეთესო იყო – კარგი ამორჩევა იცოდა. რასაც ფიქრობდა, ყველაფერს ხმამაღლა ამბობდა, სამჯერ გამოაგდეს თეატრიდან სულელური მიზეზით, რადგან უშიშროების მასალებში ეწერა: „არაკეთილსაიმედო, უყვარს ლაყბობა“.

პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა. ის, რასაც კინოში ვერ ამბობდა, ცდილობდა, სცენაზე ეთქვა, რასაც სცენაზე ვერ იტყოდა – უფრო მეტრი თავისუფლება ესტრადაზე ჰქონდა, ბოლო ეტაპი კი ქართული სუფრა იყო, სადაც ყველაფერს თავისი იუმორით, მამხილებელი ფელეტონებითა თუ სკეტჩებით ჰყვებოდა, საზოგადოების მანკიერ მხარეებს აკრიტიკებდა. მამა ახლოს იცნობდა ბევრ ქართველ მოღვაწეს, რომლებიც რეპრესიებს შეეწირნენ. მაგალითად, გრიშა კოსტავას – მერაბ კოსტავას ბიძას. გრიშა ჩემი ნათლია იყო. მე რომ დავბადებულვარ, იმ დღეს თბილისში დიდი თოვლი მოსულა. საშინელი ქარბუქი ყოფილა. თურმე სახურავები მოხადა სახლებს. მამა და გრიშა სამშობიაროში მისულან. გრიშამ თურმე „პილიონკებზე“ ქიმიური ფანქრით „გიორგი“ დაწერა. მეორე დღეს დაიჭირეს, გაასამართლეს და თხუთმეტი წელი ციხე მიუსაჯეს. გრიშა მედეა ჯაფარიძის ქმარი იყო. მამაჩემმა როგორღაც მოახერხა, რომ სასამართლოს შემდეგ მედეა გამოსამშვიდობებლად გრიშასთვის შეეხვედრებინა. მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ მყავს ნათლია, რომელიც პოლიტიკური მოტივით ზის ციხეში, რადგან არ უყვარს კომუნისტები. ამას, ცხადია, სკოლაში არ ვამბობდი, მაგრამ… მახსოვს, გრიშა ციხიდან რომ გამოვიდა, ჩვენთან წყნეთში იყო სამი დღე. ის და მამაჩემი მთელი ეს პერიოდი ისხდნენ და საუბრობდნენ.

ბატონო გელა, სინამდვილეში რა გქვიათ, გელა თუ გიორგი?

გელა მამაჩემმა დამარქვა, რადგან მისი პირველი როლი იყო კინოში. „გ“-ზე ხომ იწყება, კაცო, რა მოხდა მერე, გრიშას არ ეწყინებაო, ამბობდა.

გრიშა რომ დაიჭირეს, მისი ძმა – ვანოც (მერაბის მამა) მალევე დააპატიმრეს. მახსოვს, ქალბატონი ოლღა მოვიდოდა ჩვენთან, მერაბს მოიყვანდა (მერაბი ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო), დატოვებდა, თვითონ და მამა კი პროკურატურაში მიდიოდნენ იმის გასარკვევად, რა მოხდა, რატომ დაიჭირეს ვანო. მერაბი სულ გულჩათხრობილი იყო ხოლმე, საჭმელსაც კი არ ჭამდა, სანამ ისინი არ დაბრუნდებოდნენ. შემდეგ ვანო გადაასახლეს და ქალბატონი ოლღა და მერაბიც იქ წავიდნენ საცხოვრებლად. ის დღეც კარგად მახსოვს, გადასახლებიდან რომ დაბრუნდნენ. მამამ საღამოს ჩვენთან დაპატიჟა. ცხადია, მოვიდნენ. დიდხანს საუბრობდნენ, შემდეგ კი მერაბს სთხოვეს, დაგვიკარიო. გადასარევად დაუკრა. კოსტავები წავიდნენ თუ არა, მამამ ჩვენი (ჩემი და ჩემი დის) დამუშავება დაიწყო: ბავშვი ციმბირში იყო, ტაიგაში, არც სითბო ჰქონდა, არც საჭმელი და მაინც მეცადინეობდა, თქვენ კი არაფერი გაკლიათ და მაინც არ მეცადინეობთო. შავი დღესავით გვახსოვს ის საღამო მე და ჩემს დას. ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა. თუ ძალიან კარგ ხასიათზე იყო, სულ ცეკვა-ცეკვით დადიოდა სახლში – ტრუსებით, რადგან მუდმივად ცხელოდა. მე პატარა სამოყვარულო კამერა მქონდა და მის ოხუნჯობებს ვიღებდი. თეატრში თავისუფალ დროს თუ გამონახავდა, დაიჭერდა ვინმე მანქანიან კაცს, სთხოვდა, წყნეთში ამიყვანეო და იქ ფუსფუსებდა თავისთვის. რადგან მსუქანი იყო, პატარა ტაბურეტზე ჯდებოდა,  და ისე თოხნიდა ხოლმე. გაზაფხულზე მე და ჩემს მეგობრებს მობილიზაციას გვიკეთებდა – ვიმუშაოთ და საღამოს დავლიოთო. დავამუშავებდით მიწას, ჩითილებს დავრგავდით, საღამოს კი თამადად დაგვიდგებოდა და ვქეიფობდით.

თეატრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. ყოფილა შემთხვევა, 40-გრადუსიანი სიცხით წასულა თეატრში და ისე უთამაშია, ვერავის ვერაფერი გაუგია, მისულა გასახდელთან და იქ გულწასული დავარდნილა. დედაჩემი ამბობდა, რა ვქნა, ვიცოდი, რომ სიცხე ჰქონდა, მაგრამ მე რას დამიჯერებდაო…

სამოცი წლის ხდებოდა, როცა გარდაიცვალა. ცხოვრების უკუღმართობის გამო, ძალიან ბევრი წყენა შეხვდა, თანაც ისეთი ხალხისგან, მის ხელში რომ იყვნენ გაზრდილები და გულმა ვერ გაუძლო. პირველად ქუთაისში მოუვიდა კრიზი, შემდეგ – თბილისში, ბოლოს კი – წყნეთში. არ ეშინოდა სიკვდილის, მამა, ნუ გეშინიათ, არ მოვკვდებიო, – გვეუბნებოდა მე და ქეთინოს, როდესაც რაღაცას დავუშლიდით…

***

აკაკი კვანტალიანის ბოლო როლი სცენაზე  „ძია ბაღდასარი“ იყო, ცნობილი სომეხი დრამატურგის, აკოფ პარონიანის ამავე სახელწოდების კომედიაში. 1967 წლის 18 ივლისს გორის თეატრში გასვლით წარმოდგენაში უკანასკნელად გამოვიდა ამ როლში. რამდენიმე დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. განუხორციელებელი დარჩა მრავალი სცენური თუ ეკრანული სახე. რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი ამბობდა, რომ მისი შემოქმედების გვირგვინი უნდა ყოფილიყო შექსპირის ფალსტაფი, ხოლო რომენ როლანის კოლა ბრუნიონი თითქოს მისთვის იყო დაწერილი…

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close