ვიდეოქართველები უცხოეთშიარტისტი

საფრანგეთში გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი (ვიდეო)

საფრანგეთში გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მრავალი საერთაშორისო ჯილდოს და პრემიის ლაურეატი ოთარ იოსელიანი. იგი 2 თებერვალს 90 წლის გახდებოდა.

ოთარ იოსელიანი 1934 წელს დაიბადა თბილისში. მამამისი მეფის არმიის ოფიცერი იყო, საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რკინიგზაზე მუშაობდა ინჟინრად. 1920-30-იან წლებში იგი 5-ჯერ დააპატიმრეს (დროდადრო სახლში ბრუნდებოდა) და საბჭოთა ბანაკებსა და გადასახლებებში წლები გაატარა, ოჯახს საბოლოოდ მხოლოდ 1957 წელს დაუბრუნდა.

ოთარ იოსელიანი დედამ და ბებიამ გაზარდეს. იგი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია. 1965 წელს კი საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (ВГИК) დაამთავრა.

1956 წლიდან იოსელიანი მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959 წლებში – მემონტაჟედ; 1959-1961 წლებში – დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი. ფილმების გადაღება მან 1960-იანი წლებიდან დაიწყო. მისი უნიკალური რეჟისორული სტილი ადრეულ ნამუშევრებშივე გამოვლინდა.

ოთარ იოსელიანმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“ (1958), „აპრილი“(1961); მხატვრული ფილმები: „გიორგობისთვე“ (1966) –  ამ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის მან კანის კინოფესტივალის სპეციალური ჯილდო – FIPRESCI და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის. ოთარი იოსელიანი, ასევე, არის რეჟისორი ფილმებისა – „იყო შაშვი მგალობელი„ (1970), „პასტორალი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1983), „მთვარის ფავორიტები“ (1984), „პეპლებზე ნადირობა“ (1992), „ყაჩაღები“(1996), „In vino veritas!“ (1999), „მშვიდობით მწვანე მდელო“ (2000); მას ეკუთვნის, აგრეთვე, დოკუმენტური ფილმები: “ძველი ქართული სიმღერა” (1969), „თუჯი“ (1964), „საპოვნელა“ (1959).

პირველი წარმატება რეჟისორს მოუტანა 1966 წელს გადაღებულმა დრამამ „გიორგობისთვე“, რომელიც  ღვინის ქარხნის თანამშრომლების ამბავს მოგვითხრობს. ფილმი, რომლის მთავარი გმირი ნიკო (მის როლს მსახიობი რამაზ იოსელიანი ასრულებს) საბჭოთა კრიტიკამ დაიწუნა და საქართველოში მისი ჩვენება აიკრძალა, მას უწოდეს ანტისაბჭოთა, ანტიქართული პასკვილი, რომელიც ამასხარავებდა ქართულ ტრადიციებს, მეღვინეობას.

იოსელიანის მომდევნო ფილმი – „იყო შაშვი მგალობელი“ (1970) კინოგაქირავებაში 2 წლის განმავლობაში არ გაუშვეს. ცენზურის აზრით, ფილმის მთავარი გმირი (გია აღლაძე – მის როლს მსახიობი გელა კანდელაკი ასრულებს), მუსიკოსი, მუქთახორა და უსაქმური იყო.

მესამე ფილმი „პასტორალი“ (1976) სოფლის ცხოვრებაზეა – თბილისელი მუსიკოსები სამეგრელოს სოფელში ჩადიან ზაფხულის გასატარებლად. ფილმში ასახულია სოფლის მცხოვრებთა მეშჩანური ცხოვრება, ანგარება, ბრაკონიერობა, კორუფცია და ა.შ. „პასტორალი“ გოსკინოს თავმჯდომარემ ფილიპ ერმაშმა გააკრიტიკა. იოსელიანის თქმით, ამის შემდეგ მას უთხრეს, რომ „ფილმებს აღარ გადაიღებდა“, ამიტომ გადაწყვიტა საფრანგეთში წასვლა.

1984 წლიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, თუმცა საქართველოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. რეჟისორმა საფრანგეთში რამდენიმე დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო: „მთვარის ფავორიტები“ (1984), „პეპლებზე ნადირობა“ (1992), „ყაჩაღები“(1996), „In vino veritas!“ (1999), „მშვიდობით მწვანე მდელო“ (2000). 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც – „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „In vino veritas!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იყო რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“. 2011 წელს მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოთარ იოსელიანმა მიიღო პრემია CineMerit სიცოცხლეში მიღწეული წარმატებებისთვის.

2006 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ოთარ იოსელიანმა თქვა, რომ იგი საქართველოში ცხოვრობდა და ფილმებს საფრანგეთში იღებდა.

ოთარ იოსელიანი რუსეთის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა, კერძოდ, ჩეჩნეთის ომებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის გამო. რეჟისორის შეფასებით, საქართველოსთან ომში 2008 წელს რუსმა ჯარისკაცებმა თავი წარმოაჩინეს, როგორც „მაროდიორებმა და მოძალადეებმა“. 2022 წელს რეჟისორმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო, ვლადიმირ პუტინს „მკვლელი“ უწოდა და ჰიტლერს შეადარა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close