პოლიტიკახელოვნებასაბერძნეთი

საბერძნეთის პრემიერის განცხადების გამო ბრიტანეთის პრემიერმა მასთან შეხვედრა გააუქმა – XIX საუკუნეში დაწყებული სკანდალი XXI საუკუნეშიც გრძელდება

ბრიტანეთის მუზეუმსა და ათენის აკროპოლისის მუზეუმს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების მიუხედავად მარმარილოს მოპარული სკულპტურები ბრიტანეთში რჩება

პართენონის ტაძრის სკულპტურებთან დაკავშირებული უთანხოების გამო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ბერძენ კოლეგასთან – კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრა გააუქმა.

შეხვედრამდე საბერძნეთის მთავრობის ხელმძღვანელმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიტანეთმა პართენონის ტაძრის მარმარილოს სკულპტურები უნდა დააბრუნოს, რადგან ზოგიერთი არტეფაქტი რომ ლონდონშია და დანარჩენი – ათენში, ეს იმას ჰგავს, რომ მონა ლიზა შუაზე გაჭრა.

მოგვიანებით კი, როდესაც ბრიტანელმა კოლეგამ მასთან პირისპირ საუბარი აღარ ისურვა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრის დანიშნულ დრომდე რამდენიმე საათით ადრე გაუქმების გამო იმედგაცრუებულია.

„ის, ვისაც თავისი პოზიციების სისწორისა და სამართლიანობის მტკიცედ სჯერა, არასოდეს ყოყმანობს კონსტრუქციულ არგუმენტაციასა და დებატებში ჩართვაზე. საბერძნეთსა და ბრიტანეთს დიდი ხნის მეგობრული კავშირები აქვთ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სფერო ფართოა. პართენონის სკულპტურების საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ცნობილია. ვაპირებდი ამ საკითხზე ჩემს ბრიტანელ კოლეგასთან დისკუსიას, ასევე, მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევების განხილვას, როგორიცაა ღაზისა და უკრაინის სიტუაციები, კლიმატის კრიზისი და მიგრაცია“, – განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.

ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ რიში სუნაკმა თავის ბერძენ კოლეგასთან შეხვედრა გააუქმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ვიცე-პრემიერ ოლივერ დაუდენთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ამაზე მიცოტაკისმა უარი განაცხადა.

რაც შეეხება იმას, როგორ აღმოჩნდა ბერძნული ქანდაკებები ბრიტანეთის მუზეუმში: ათენის პართენონის ტაძრიდან მარმარილოს სკულპტურები ბრიტანელმა ჯარისკაცმა და დიპლომატმა, ლორდმა ელგინმა მე-19 საუკუნის დასაწყისში წაიღო. ქანდაკებები ბრიტანეთის მთავრობამ 1816 წელს იყიდა და მას შემდეგ ისინი ბრიტანეთის მუზეუმშია.

მარმარილოები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 446-432 წლებით თარიღდება. პირველი ლიტერატურული წყარო, სადაც ქანდაკებების ეს კომპოზიციაა ნახსენებია, ჰომეროსის „ოდისეაა“.

ცნობისათვის: პართენონი, აკროპოლისის სხვა ნაგებობებთან ერთად, საბერძნეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული არქეოლოგიური ძეგლია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close