მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი A23a მეჩეჩს მოშორდა და ანტარქტიდის წყლების მიღმა მოძრაობს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი (AP) იუწყება ბრიტანეთის ანტარქტიდის სამსახურის (The British Antarctic Survey) ინფორმაციაზე დაყრდნობით.
აისბერგი A23a ანტარქტიდის ფილჩნერის შელფურ მყინვარს 1986 წელს მოსწყდა, მაგრამ მაშინვე მოეჭიდა ოკეანის ფსკერს და ბოლო 37 წელი უედელის ზღვაში რჩებოდა. ყინულის მოედნის ფართობი დაახლოებით 4000 კვადრატული კილომეტრია, რაც 3-ჯერ მეტია ნიუ-იორკის ფართობზე და 2-ჯერ და უფრო მეტი – Greater London-ის, ლონდონის ადმინისტრაციული არეალის ფართობზე.
მკვლევრების თქმით, A23a-მ ნელ-ნელა აკრიფა სიჩქარე ზურგის ქარის და დინების ზემოქმედების შედეგად. ყინულის უზარმაზარი მასა ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ბოლოსკენ მიდის.
მკვლევრები ამბობენ, რომ აისბერგის მცირე მოძრაობა პირველად 2020 წელს შეამჩნიეს. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ A23a შესაძლოა მეჩეჩს შელფის წყლების ტემპერატურის მატების გამო მოშორდა. ყინულის მთა ნელ-ნელა დნებოდა, სანამ საბოლოოდ არ დაკარგა მოჭიდება წყალქვეშა გრუნტთან და ცურვა არ განაახლა.
ექსპერტები შიშობენ, რომ აისბერგი შესაძლოა კვლავ წამოედოს მეჩეჩს კუნძულ სამხრეთ ჯორჯიასთან, რაც ანტარქტიდის ველურ ბუნებას საფრთხეს შეუქმნის. ამ ტერიტორიაზე მილიონობით ზღვის ლომი, პინგვინი, მრავალნაირი ზღვის ფრინველი ბინადრობს და შესაძლოა მათ საკვების მოპოვების პრობლემა შეექმნათ.
არც ისაა გამორიცხული, რომ აისბერგი ნაწილებად დაიშალოს, როგორც A68-ს შემთხვევაში მოხდა. ექსპერტების შიში, რომ A68 სწორედ კუნძულ სამხრეთ ჯორჯიას შეეჯახებოდა, არ გამართლდა.
მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი A68, რომელიც სოციალური მედიის ვარსკვლავი გახდა, ფართობით 6000 კვადრატული კილომეტრი იყო და თითქმის მილიარდ ტონას იწონიდა. ის ანტარქტიდას 2017 წელს მოსწყდა. აშშ-ის მყინვარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილისთვის აისბერგი ათასობით პატარა ნატეხად დაიშალა, რომლებზე დაკვირვების საჭიროება აღარ არსებობს.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: სოციალური მედიის ვარსკვლავი, მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი დადნა (ვიდეო)
კომენტარები