BILD: „მან უცხო ქვეყანაში მაყურებელთა გულები დაიპყრო და „ვოისის“ ჟიური აღაფრთოვანა“
გერმანული „ბილდის“ ქართველი რეპორტიორის, ნინო ლოპესის ინტერვიუ ლიზი გოზალიშვილთან
პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ ორი ახალგაზრდა ქართველი ქალის საუბარი გამოაქვეყნა: Bild-ის რეპორტიორი ნინო ლოპესი, რომელიც 22 წელია გერმანიაში ცხოვრობს და ლიზი გოზალიშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში ერთი წელია, რაც სასწავლებლად ჩავიდა და უკვე ლამის მთელმა გერმანიამ გაიცნო „ვოისში“ შესანიშნავი გამოსვლების შემდეგ, ინტერვიუში უშუალოდ საუბრობენ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, სამშობლოზე, უცხოეთში ცხოვრების სირთულეებზე, მომავლის ხედვაზე და სხვ. გთავაზობთ ინტერვიუს ქართულ ვერსიას, რომელიც გერმანულიდან თავად ნინო ლოპესმა თარგმნა.
მან უცხო ქვეყანაში მაყურებელთა გულები დაიპყრო და „ვოისის“ ჟიური აღაფრთოვანა
საქართველოს შვილებმა ერთობლივ ინტერვიუში ისაუბრეს სამშობლოზე, ქართულ კულტურაზე, უცხოეთში ცხოვრების სირთულეებზე, ნოსტალგიაზე და, რა თქმა უნდა, ლიზის განვლილ გზაზე „ვოისამდე“.
ლიზი გოზალიშვილი (19 წლის) ერთი წელია, რაც გერმანიაში ცხოვრობს.
იგი ამ ქვეყანაში სასწავლებლად ჩავიდა და გერმანული „ვოისის“ წარმატებული მონაწილე გახდა.
ნინო: რამდენად რთული იყო შენთვის გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილების მიღება?
ლიზი: „საქართველოში დავდიოდი სკოლაში, სადაც გერმანული ენა მთავარი საგანი იყო. გარდა ამისა, მთელი ჩემი ოჯახი მიუნხენის „ბაიერნის“ ფანია, ამიტომ გერმანია ყოველთვის იყო ჩვენთვის სერიოზული თემა და მისწრაფება. ჩემთვის ბავშვობიდანვე ცხადი იყო, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ გერმანიაში წავიდოდი სასწავლებლად“.
ნინო: „ჩემს შემთხვევაში სხვანაირად იყო. გერმანიაში წასვლის იდეა მხოლოდ მოგვიანებით გამიჩნდა საქართველოში სწავლის პერიოდში, როცა გერმანული ენა და ლიტერატურა მთავარ საგნად ავირჩიე. აკადემიური ავიღე და ერთი წლით წამოვედი გერმანიაში, ახლა კი უკვე 22 წელია, რაც აქ ვცხოვრობ“.
ლიზი: „მე ჯერ არ ვიცი, აქ რამდენ ხანს დავრჩები…“
ნინო: „როდესაც კიოლნის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მსოფლიოში და როცა დავამთავრე, კიდევ უფრო ბედნიერი. დამთავრებამდე იყო ბევრი ცრემლი და სასოწარკვეთა, რადგან მეცნიერების ენა არ იყო ის გერმანული, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. ხომ გესმის?“
ლიზი: „რა თქმა უნდა! გერმანული ენა ძალიან განსაკუთრებულია და ქართულთან საერთო არაფერი აქვს“.
ნინო: „რამდენად მარტივად შეძელი გერმანიაში ინტეგრირება?“
ლიზი: „უცხო ქვეყანაში ცხოვრების ნულიდან დაწყება ყოველთვის რთულია, მაგრამ მე მიყვარს გამოწვევები, რადგან მხოლოდ ასე შემიძლია გავიზარდო. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასე სწრაფად გავხდებოდი „ვოისის“ მონაწილე და ამდენ დაბრკოლებას გადავლახავდი. ძალიან მადლობელი ვარ იმ შესაძლებლობებისა და შანსებისთვის, რაც აქ, გერმანიაში მაქვს“.
ნინო: „ამდენი ხნის შემდეგაც კი ნოსტალგია შემომიტევს ხოლმე. შენ?“
ლიზი: „რა თქმა უნდა, მენატრება ჩემი სახლი, დედის გაკეთებული საჭმელი, ქართული ენა, ნაცნობი ხალხი, გარემოს ნაცნობი სურნელი, დიდი ქალაქის ქაოსი და დედაქალაქი თბილისი, სადაც დავიბადე“.
ნინო: „მეც ასევე. ამიტომაც წელიწადში ერთხელ ვსტუმრობ სამშობლოს. თავს სახლში დასავლეთ საქართველოში ვგრძნობ, შავ ზღვასთან ახლოს. უკან დაბრუნებული ჩემს გერმანელ მეგობრებს ყოველთვის ენთუზიაზმით ვუყვები საქართველოს შესახებ. როგორ ფიქრობ, რა უნდა იცოდნენ გერმანელებმა საქართველოს შესახებ?”
ლიზი: „საქართველოს ძალიან ძველი კულტურა აქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ენა და დამწერლობა. თუ ქართულ ცეკვებს ნახავ და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას მოუსმენ, საქართველოს კულტურის შესახებ ბევრს გაიგებ“.
ნინო: „…და ღვინო! რაც ბევრმა არ იცის: ქართული მევენახეობა 8000 წლისაა. მე მიყვარს ღვინო. შენ?“
ლიზი: „მიყვარს, მაგრამ არც ისე ხშირად ვსვამ“.
ნინო: „რა უნდა იცოდნენ ქართველებმა გერმანელების შესახებ? ჩემთვის ყველაზე დიდი განსხვავება მენტალიტეტშია. გერმანელები პრაგმატულები არიან, ქართველები უფრო ემოციურები“.
ლიზი: „ზუსტად! გერმანული წესრიგისა და პუნქტუალურობის გარდა, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმან მოახდინა, რომ გერმანელები გადაწყვეტილებებს ემოციების გარეშე იღებენ. ისინი რაციონალურები არიან, არ ბრაზდებიან, ძალიან მომთმენები არიან. მე უფრო ემოციური ვარ“.
ნინო: „რაც უფრო დიდხანს ხარ აქ, თითქოს უფრო მეტად გიჯდება გერმანული მენტალიტეტი. ქართული ემოციურობა ჩემში უკვე იშვიათად ჭარბობს… რატომ გადაწყვიტე გერმანულ „ვოისში“ მონაწილეობა?“
ლიზი: „შვიდი წლისას უკვე მქონდა „ვოისის“ აპლიკაცია. ორი წლის წინ ქართულ „ვოისში“ მივიღე მონაწილეობა და ნახევარფინალში დატოვება მომიწია“.
ნინო: „საიდან მოდის შენი ნიჭი და ინტერესი მუსიკის მიმართ?“
ლიზი: „დედაჩემი უკრავს ფორტეპიანოზე და გიტარაზე. მამაჩემი „ლედ ზეპელინს“ და Deep Purple-ს უსმენდა მანქანაში. რაც თავი მახსოვს, ვმღერი. ჩემი საკუთარი სიმღერების წერა ექვსი წლის წინ დავიწყე“.
ნინო: „რა დამთხვევაა! მამაჩემიც „ლედ ზეპელინს“ და Deep Purple-ს უსმენდა. ხელოვნებისა და მუსიკისადმი მისი დიდი ინტერესის გამო ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი.
თვალში მოსახვედრია, რომ სცენაზე უკრაინის ფერებში გამოდიხარ. რატომ?“
ლიზი: „როგორც ქართველი, განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობ უკრაინასთან. ჩვენ საერთო მტერი გვყავს. ის, რასაც ახლა უკრაინა განიცდის, ჩემმა სამშობლომ რამდენჯერმე გამოიარა“.
ნინო: „სამწუხაროდ! 1992 და 2008 წლებში გავხდი მომსწრე იმისა, თუ როგორ შემოიჭრა რუსული ჯარი ჩვენს ქვეყანაში, როგორ იღუპებოდნენ ჩვენი ახლობლები, მეგობრები. ქვეყანა ტრაგედიებმა და შიმშილმა მოიცვა. მას შემდეგ ვიცი, რომ შეიძლება ნამდვილი ფქვილისგან გამომცხვარი ახალი პური ფუფუნება იყოს. კიდევ რა არის შენი გამოსვლების გზავნილი?“
ლიზი: „ვფიქრობ, საკუთარი დამოკიდებულება უნდა წარმოაჩინო და ხმა აიმაღლო. ქართველებს მებრძოლი სული გვაქვს. საქართველოს თავისი არსებობისთვის საუკუნეების მანძილზე მოუწია ბრძოლა. გარდა ამისა, ამჟამად ჩვენთან ახლოს ომია. სწორედ ამიტომ ავირჩიე მაიკლ ჯექსონის Earth Song-იც. ვგრძნობდი, რომ ჩემმა გზავნილმა ხალხამდე მიაღწია“.
View this post on Instagram
ნინო: „ბრძოლა მიზნის მისაღწევად, შეუპოვრობა ქართული გენის დამახასიათებელია. გამარჯვების შემთხვევაში რა არის შენი სამომავლო გეგმა?“
ლიზი: „ძალიან მინდა, რომ ჩემი საავტორო სიმღერები ფართო აუდიტორიამ გაიცნოს. მიყვარს სიმღერების წერა და სიმღერა“.
იხილეთ ორიგინალური ვერსია გერმანულ ენაზე: bild.de
p. s. დღეს, 23 სთ-ზე სატელევიზიო არხზე Sat.1 ნაჩვენები იქნება The Voice of Germany-ს ე. წ. Team fights-ის („გუნდური ორთაბრძოლები“) მეორე რაუნდი (პირველი 10 ნოემბერს გავიდა ეთერში). მესამე რაუნდი კი 24 ნოემბერს გადაიცემა. ლიზი მესამე რაუნდში გამოვა სცენაზე (ცნობისათვის, Team fights-ის რაუნდები ზაფხულში, 2023 წლის 23 და 24 ივლისსაა ჩაწერილი).
გუნდური ორთაბრძოლების თითოეული რაუნდის 12 კონკურსანტიდან ნახევარფინალში 4 გადადის, ანუ სულ ნახევარფინალში სამივე რაუნდიდან 12 მონაწილე გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის.
ამავე თემაზე: ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ს შემდეგ ეტაპზე გადავიდა (ვიდეო)
„ანგელოზივით მღერის!“ – The Voice of Germany-ს ქართველი მონაწილე ლიზი გოზალიშვილი (ვიდეო)
კომენტარები