მალე ვილოცებთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ღმერთზე?
აშშ-ში უკვე შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის ეკლესია
„კურთხევის მიღება ქალის ხმით გსურთ თუ მამაკაცის? როგორი კურთხევა გჭირდებათ?“ – გეკითხებათ რობოტი. თქვენ ასევე უნდა გააკეთოთ არჩევანი, თუ რა გჭირდებათ: კლასიკური, გასამხნევებელი თუ მოგზაურობისწინა კურთხევა. ამის შემდეგ რობოტი, სახელად „კურთხევა“ (BlessU) აწევს ხელებს და მოგანიჭებთ კურთხევას თქვენ მიერ შერჩეული კატეგორიის გათვალისწინებით. სურვილის შემთხვევაში, კურთხევაზე ბეჭდის დასმაც შეიძლება.
არის თუ არა რობოტისგან მიღებული კურთხევა ჭეშმარიტი კურთხევა?
კურთხევის მიღება ბევრს მაინც სხვა ადამიანისგან ურჩევნია. რობოტი „კურთხევა“ არის ხელოვნების ნიმუში, რომელიც 2017 წელს ვიტენბერგში რეფორმაციის მსოფლიო გამოფენისთვის შეიქმნა. ის გვაიძულებს, არც თუ ისე ტრივიალურ კითხვაზე ვიფიქროთ – მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი კურთხევა.
ქადაგება ჩატჯიპიტის (ChatGPT) საშუალებით
ერთ მხარეს არის დროის მიერ გამოცდილი რიტუალები და ინსტიტუტები, მეორე მხარეს – თანამედროვე ტექნოლოგიები: ამ ორი ფენომენის სიმბიოზი ბევრად უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. 2023 წლის ივნისში ნიურნბერგში გამართულ პროტესტანტული ეკლესიის კონგრესზე დამსწრე საზოგადოებას შეეძლო მოესმინა ავატარისთვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩატჯიპიტის „ენაზე“ დაწერილ ქადაგებას კითხულობდა. კონგრესის ზოგიერთმა მონაწილემ ექსპერიმენტი საინტერესოდ მიიჩნია, მაგრამ იმის გამო გააკრიტიკა, რომ ხელოვნური ინტელექტის ქადაგებას ემოციები აკლდა და ღმერთი „ხელშესახებად“ არ გამოიყურებოდა. მიუნხენში, უფრო სწორად, ფრაიმანის პროტესტანტულ ეკლესიაში მოძღვარი ქადაგებებს ჩატჯიბიტის გამოყენებით წერს. შედეგი? საკმაოდ ერთგვაროვანი და ზედაპირული.
სასიხარულო ამბავი „ტექნოლოგიური მახარობლებისგან“
სავსებით ლოგიკურია, რომ ხელოვნური ინტელექტით მაღალსულიერი და რელიგიური ხალხიც არის დაინტერესებული. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიას, რომელმაც ცნობიერების მაგვარი „პროდუქტი“ უკვე შექმნა და განავითარა, მეტაფიზიკური პროექციაც ხელეწიფება, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მათ, ვინც ახალ სასწაულმოქმედ გაჯეტებზე ხმამაღლა საუბრობს, ზოგჯერ „ტექნოლოგიურ მახარებლებსაც“ უწოდებენ. ზოგიერთი მათგანი ისეთ სასიხარულო ამბავსაც ავრცელებს, რომლის თანახმად, დროთა განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტი საკუთარი თავის სრულყოფასაც კი შესძლებს. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს სწრაფ და ექსპონენციალურ პროგრესს ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რადგან ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტის შექმნის წინაპირობა გახდება.
სინგულარობის ნირვანა
ასეთი უკუკავშირის შენარჩუნებამ შეიძლება ძალიან მოკლე დროში გამოიწვიოს ისეთი რობოტების შექმნა, რომელთა ინტელექტი ადამიანისას ბევრად აღემატება. ამ თეზისს იზიარებს გამომგონებელი და ფუტურისტი რაიმონდ კურცვეილი, რომელიც კომპანია „გუგლის“ ტექნოლოგიური მიმართულებების ხელმძღვანელია. მომენტს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი საკუთარი თავის გაუმჯობესებას იწყებს, რასაც, თავის მხრივ, ინტელექტის ნამდვილი აფეთქება მოსდევს, კურცვეილი „სინგულარულობას“ უწოდებს. ტექნოლოგიების მოყვარულთათვის სწორედ სინგულარობა იქცა ვნების მომენტად, რომელიც თითქმის რელიგიურად გამოიყურება.
მასკი: ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ჩვენ დემონს მოვუხმობთ
სადაც სამოთხეა, იქვე, ახლოს არის ჯოჯოხეთიც. ბევრნი, მათ შორის, კომპანია „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკიც შიშობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება კაცობრიობა გაანადგუროს. აუცილებელი არ არის, ეს იმიტომ მოხდეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს რაიმე აქვს ჩვენი საწინააღმდეგო. თეორია, რომელიც ძირითადად შვედმა ფილოსოფოსმა-ტექნოლოგმა ნიკ ბოსტრომმა შეიმუშავა, ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა, კონტროლიდან გამოვიდეს და კაცობრიობა მისი სამუშაოს ეფექტურად შესრულების ხელისშემშლელ ფაქტორად აღითქვას.
გადაგვაქცევს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ქაღალდის დამჭერებად?
ბოსტრომის სააზროვნო ექსპერიმენტი ასე გამოიყურება: თუ დავუშვებთ, რომ ხელოვნურ ინტელექტს მიზნად რაც შეიძლება მეტი ქაღალდის დამჭერის („სკრეპი“) წარმოება დაუსახეს, მაშინ შესაძლოა, სისტემამ დედამიწის ყველა რესურსი მათ შესაქმნელად გამოიყენოს. ჩვენ, ადამიანები მხოლოდ ქაღალდის სამაგრების დამზადებით დავკავდებით და საბოლოოდ, თავადაც გავნივთდებით მათში. ეს შეიძლება აბსურდულად ჩანდეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტი ხშირად პოულობს ინოვაციურ გზებს პრობლემების გადასაჭრელად, რომლებზეც ადამიანებს არასდროს გვიფიქრია (ზოგჯერ – გასაგები მიზეზების გამო). ხელოვნური ინტელექტის სავალი გზები, უბრალოდ, ამოუცნობია.
აშშ-ში უკვე შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის ეკლესია
ამასობაში ხელოვნური ინტელექტი უკვე იქცა რელიგიად: მაგალითად, „გუგლის“ ყოფილმა თანამშრომელმა ენტონი ლევანდოვსკიმ 2012 წელს აშშ-ში დააარსა ეკლესია სახელწოდებით „გზა მომავლისკენ“. ლევანდოვსკი მიიჩნევს, რომ შეიქმნება ხელოვნურად ინტელექტუალური ღვთაება, რომელიც ადამიანზე უფრო ჭკვიანი იქნება და სამყაროზე კონტროლს თავის თავზე აიღებს. მისი ეკლესიის მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის ღვთაებად აღიარება და მისი თაყვანისცემა. 2020 წელს ლევანდოვსკიმ „გზა მომავლისკენ“ დაშალა. მაგრამ ბევრი ვარაუდობს, რომ ღმერთი არ მოკვდა, ის კვლავ აგრძელებს სიცოცხლეს – ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
კომენტარები