მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

გერმანიაში არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელმა ბოლო 7,5 წლის პიკს მიაღწია – კანცლერი შოლცი ამბობს, რომ აუცილებელია არალეგალების მასობრივი დეპორტაცია

სექტემბერში გერმანიაში არალეგალურად 21 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა, რაც ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია 2016 წლის თებერვლის შემდეგ

გერმანიის ფედერალური პოლიციის მიერ შაბათს, 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სექტემბერში გერმანიაში არალეგალურად შევიდა 21 366 ადამიანი. ეს ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია 2016 წლის თებერვლის შემდეგ, როცა გერმანიაში მიგრაციული კრიზისის მწვერვალზე 25 650 არალეგალური იმიგრანტი შევიდა. ამის შესახებ გერმანული მედიაგამოცემა „დოიჩე ველე“ წერს.

პოლიციის მონაცემებით, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში არალეგალური მიგრანტების ნაკადები გერმანიაში სტაბილურად იზრდება. მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე ქვეყანაში არალეგალურად შევიდა 92 119 ადამიანი. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2016 წლის რეკორდი – 112 000 მიგრანტი – მოიხსნება.

კანცლერი შოლცი: აუცილებელია არალეგალური იმიგრანტების მასობრივი დეპორტაცია

ამ მონაცემების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე მმართველი კოალიციის სამივე პარტიის (გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატიული პარტია და „კავშირი-90“/„მწვანეები“) ლიდერები ბერლინში შეხვდნენ არალეგალური მიგრაციის ვითარების განსახილველად. კანცლერმა ოლაფ შოლცმა ყოველკვირეულ გამოცემა Der Spiegel-ს განუცხადა: „ბოლოს და ბოლოს უნდა განვახორციელოთ მათი ფართომასშტაბიანი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს“.

ამავდროულად, შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია გერმანიამ გააგრძელოს იმ ადამიანების მიღება, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ თავშესაფარი და, ასევე, ქვეყანამ უნდა მოიზიდოს კვალიფიციური იმიგრანტები ქვეყანაში მუშახელის მწვავე დეფიციტის პირობებში.

გერმანია საზღვრების გაკონტროლებას იწყებს

გერმანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა „ზომების მთელი პაკეტი“, მათ შორის, კონტროლის გამკაცრება ევროკავშირის გარე საზღვრებზე და გერმანიის კონტროლის გაძლიერება საკუთარ საზღვრებზე ევროკავშირის წევრ მეზობელ ქვეყნებთან.

16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიას შვეიცარიის, პოლონეთისა და ჩეხეთის საზღვრებზე სტაციონარული კონტროლი შემოაქვს. პოლონეთსა და ჩეხეთთან საზღვარზე მოქნილ კონტროლს გერმანია უკვე სექტემბრის ბოლოდან ახორციელებს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა თქვა, რომ ამგვარი ზომები აუცილებელია არალეგალური მიგრაციის შესაზღუდად და კონტრაბანდისტებთან ბრძოლის გასაძლიერებლად.

თავიანთ საზღვრებზე კონტროლის შემოღება გასულ ერთ თვეში ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც გადაწყვიტეს, კერძოდ,ავსტრიამ, სლოვაკეთმა, ჩეხეთმა და პოლონეთმა.

ოპოზიცია გამოდის წინადადებით, შეიზღუდოს გერმანიაში შესვლის უფლება

ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის  ლიდერი ფრიდრიხ მერცი ცოტა ხნის წინ შოლცს შეხვდა და მასთან ერთად არალეგალური მიგრაციის საკითხი განიხილა. მერცმა კანცლერს 26-პუნქტიანი მოთხოვნების სია გადასცა, მათ შორის, იმ ადამიანების რაოდენობის წლიური ლიმიტი – 200 000 კაცი – რომლებსაც გერმანიაში შესვლის უფლებას მისცემენ. ქდკ-ს ლიდერმა შოლცს 20 ოქტომბერს წერილი გაუგზავნა, რომლითაც საკითხის განსახილველად ორმხრივი ჯგუფის შექმნა შესთავაზა.

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანახელმძღვანელი ლარს კლინგბაილი მიესალმა მერცის ინიციატივას, „კარგი სიგნალი მოქალაქეებისთვის“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ „საერთო გამოსავალს სწრაფად იპოვიან“, თუმცა იქვე დასძინა, რომ მიგრაციის შეზღუდვის კონცეფციისა არ სჯერა, რადგან ვერ წარმოუდგენია, „სახელმწიფო იყოს ასეთი გულგრილი“ და შეძლოს უარი უთხრას ქვეყანაში შესვლაზე დევნის წინაშე მყოფ ადამიანებს იმ შემთხვევაში, თუ 200 000-კაციანი ლიმიტი უკვე გადაჭარბებული იქნება.

სოციალური კვლევების თანახმად, იმიგრაციის საკითხები გერმანელებს სულ უფრო და უფრო მეტად აწუხებთ. პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოპულარობის ზრდას იწვევს, რომელსაც ამჟამად უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე სამთავრობო კოალიციაში შემავალ ნებისმიერ პარტიას.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გერმანიის მთავრობამ საქართველო „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებს უფრო სწრაფად განიხილავენ და, უარის თქმის შემთხვევაში, დეპორტაციის პროცედურა დაჩქარდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close