ფრინველები და მწერები ავიაციას „უტევენ“ (ვიდეო)
პარასკევს ვენეციის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი თოლიების გუნდს „ოკუპირებული“ ჰქონდა.
აეროპორტი ერთ საათზე მეტხანს დაიკეტა და რეისები ვერონაში, ტრიესტსა და მილანში გადამისამართდა.
მარკო პოლოს აეროპორტის ადმინისტრაციამ მგზავრებს შეფერხების გამო ბოდიში მოუხადა.
„ჩიტებთან შეჯახება აეროპორტებში ყველაზე ხშირად აფრენისა და დაფრენის დროს ხდება და შეიძლება თვითმფრინავის დაზიანება გამოიწვიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ოკუპანტმა“ თოლიებმა საფრენი ბილიკი ერთ საათში დატოვეს და Marco Polo–ს აეროპორტმაც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა.
მექსიკაში კი ავიარეისის შეფერხების მიზეზი კოღოები გახდნენ.
მექსიკაში Volaris-ის რეისი, რომელიც გვადალახარიდან მეხიკოში უნდა გაფრენილიყო, თვითმფრინავის სალონში კოღოების „შემოტევის“ გამო ორ საათზე მეტით გადაიდო.
თვითმფრინავში მყოფმა მგზავრებმა ვიდეო გადაიღეს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, სადაც თვითმფრინავის სალონში არსებული ვითარება ჩანს. ბორტგამცილებლები ხელებს იქნევდნენ და ჰაერში მწერების საწინააღმდეგო საშუალებებს აფრქვევდნენ.
თვითმფრინავი 6 ოქტომბერს 16:30 საათზე უნდა აფრენილიყო, თუმცა „ფრთოსანმა მავნებლებმა“ ავიაკომპანია აიძულეს, ფრენა 19:00 საათამდე გადაედო.
მექსიკური მედია აღნიშნავს, რომ ტერიტორია, სადაც აეროპორტი მდებარეობს, იდეალური გარემოა კოღოების გავრცელებისთვის, ვინაიდან იგი მცენარეულობით მდიდარ, ნესტიან უბნებთან მდებარეობს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები