მიგრაციამსოფლიო

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს და ორმაგი მოქალაქეობა შემოაქვს – რეფორმის დეტალები

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. კანონმდებლობა, რომელიც მთავრობამ 23 აგვისტოს წარადგინა, დასაშვებს გახდის ორმაგ მოქალაქეობას. ამას გარდა, იგი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გერმანიის მოქალაქეობის მოპოვების პროცედურებსაც გაამარტივებს. 

უფრო კონკრეტულად, ახალი კანონმდებლობა შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:

  • გერმანიაში ლეგალურად მცხოვრებ იმიგრანტებს გერმანიის მოქალაქეობის მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთება 5 წლის შემდეგ შეეძლებათ. ამ ეტაპზე აღნიშნული პერიოდი 8 წლითაა განსაზღვრული. ამასთან, თუკი პიროვნებას „განსაკუთრებული მიღწევა“ ექნება, მას მოქალაქეობის მიღებისთვის განაცხადის შეტანა 3 წელიწადში შეეძლება.
  • გერმანიაში დაბადებული ბავშვები, რომელთა ერთი მშობელი მაინც მინიმუმ 5 წლით ლეგალურად ცხოვრობდა გერმანიაში, ავტომატურად მიიღებენ გერმანიის მოქალაქეობას.
  • 67 წელს გადაცილებული მიგრანტები გერმანული ენის გამოცდის მხოლოდ ზეპირ ნაწილს ჩააბარებენ. შესაბამისად, წერითი ნაწილის ჩაბარება მათ აღარ მოეთხოვებათ.
  • ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები გახდება.

კანონპროექტს გერმანიის პარლამენტი მალევე განიხილავს და მას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მიიღებენ.

გერმანიის მთავრობა, რომლის უმრავლესობასაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ქმნიან, ამბოს, რომ მოქალაქეობის მიღების გამარტივება ქვეყანას კვალიფიციური კადრების მოზიდვისთვის სჭირდება.

საყურადღებოა, რომ გერმანიის მოსახლეობის 14%-ს გერმანული პასპორტი არ აქვს, რაც ჯამში 12 მილიონ ადამიანზე მეტია; ხოლო მათგან დაახლოებით 5 მილიონი გერმანიაში უკვე ათ წელზე მეტია ცხოვრობს. 2022 წელს გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი 168 545-მა ადამიანმა შეიტანა, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბალი რიცხვია.

აღნიშნული სირთულის გამოსწორების გზად გერმანიის მთავრობას ორმაგი მოქალაქეობის დაშვება მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს შვედეთში მცხოვრებ უცხოელთა 8.6%-მა გაიარა ნატურალიზაცია. გერმანიაში კი აღნიშნული მაჩვენებელი ბევრად დაბალი, მხოლოდ 1.1% იყო.

მიუხედავად ამისა, კანონპროექტს თავისი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად, ოპოზიციური მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) აცხადებს, რომ „გერმანიის მოქალაქეობა ძვირფასი რამაა, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეა ასევე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელიც რადიკალი მემარჯვენე და ანტიიმიგრაციული იდეოლოგიის მქონე პარტიაა.

businessformula.ge

ამავე თემაზე: გერმანიის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებაზე შეთანხმება მიღწეულია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close