ბერძენი მომღერლის ფრანგულად ნამღერი „სულიკო“ – მოუსმინეთ, მტრედის ღუღუნივითაა (ვიდეო)
სიმღერა „სულიკო“ ქართველთა სავიზიტო ბარათია. არსებობს სიმღერის უამრავი ვერსია, მათ შორის, არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.
„სულიკო“ თითქოს იწოვს და ითვისებს იმ ქვეყნის სასიმღერო ტრადიციებს, რომელ ენაზეც სრულდება.
ბერძენი მომღერლის, ნანა მუსკურის (Nάνα Μούσχουρη) ფრანგულად შესრულებული „სულიკო“ ფრანგული სახალხო სიმღერების – შანსონის სტილში ჟღერს.
ბერძენ მომღერალს ნანა მუსკურის თავისი 50-წლიანი კარიერის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით 300 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.
მომღერალი აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასაც ეწეოდა, იყო UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი. 1994-1999 წლებში კი ნანა მუსკური ევროპარლამენტის წევრი გახდა საბერძნეთიდან, ის პარტია „ახალი დემოკრატიიდან“ (ბერძ. „ნეა დიმოკრატია“) აირჩიეს.
მას შემდეგ, რაც 2010 წლის დასაწყისში საბერძნეთი დეფოლტის ზღვარზე აღმოჩნდა პოლიტიკოსმა და მსოფლიოში აღიარებულმა 75 წლის მომღერალმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს უბრუნებდა პენსიას, რომელიც გამოიმუშავა, როგორც ევროპარლამენტის წევრმა (BBC-ს ცნობით, საუბარია წლიურ 25000 ევროზე). საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროსადმი მიწერილ წერილში ნანა მუსკური წერდა, რომ თავის მოვალეობად მიაჩნდა, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ სამშობლოს დახმარებოდა.
2003 წლიდან ნანა მუსკური შვეიცარიაში ცხოვრობს. მას პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს.
ნანა მომღერლის ბავშვობის სახელია, ეს სახელი მას სცენაზეც შემორჩა. ნამდვილი სახელი კი იოანაა. სიმღერები ჩაწერილი აქვს მრავალ ენაზე, მათ შორის, ბერძნულად, ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად, ნიდერლანდურად, იტალიურად, პორტუგალიურად, ესპანურად, ებრაულად, უელსურად, ჩინურ მანდარინზე, მაორიზე და თურქულად.
მანანა ბანძელაძე
მსგავს თემაზე: „რა იქნება, თქვენ მახლობლად მეც ვიყო“ – დოდონა ნამორაძის პირველი კონცერტი ათენში (ვიდეო)
კომენტარები