ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება ხელს არ უწყობს წონის დაკლებას და დიაბეტის (ტიპი 2) განვითარების რისკს 24%-ით ზრდის
ამის შესახებ ნათქვამია სამეცნიერო მტკიცებულებების მიმოხილვაში, რომელიც ჟურნალ „აქტუალური მოსაზრებები კარდიოლოგიაში“ ((Current Opinion in Cardiology) გამოქვეყნდა.
კვლევაში გაანალიზებულია ხელოვნური დამატკბობლების მოხმარების სიხშირის გავლენა ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა სიმსუქნე, ჰიპერტენზია და გულ-სისხლძარღვთა დარღვევები.
ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება არათუ ხელს უწყობს წონის კლებას, არამედ უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე და 18-24%-ით ზრდის დიაბეტის (ტიპი 2) განვითარების რისკს, ხოლო 44%-ით – მეტაბოლური სინდრომის რისკს, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც ესპანეთის არტერიოსკლეროზის საზოგადოების (SEA) და შინაგანი მედიცინის ესპანური საზოგადოების (SEMI) წევრებმა, დოქტორმა ფრანცისკო გომესმა და დოქტორმა პაბლო პერესმა Current Opinion in Cardiology-ში (https://journals.lww.com/co-cardiology/pages/default.aspx) გამოაქვეყნეს. აღნიშნული კვლევა ხელოვნურ დამატკბობლებსა და კარდიოვასკულარულ რისკს შორის ურთიერთკავშირს შეეხება.
კვლევაში გააანალიზებულია, თუ როგორ მოქმედებს ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება სიმსუქნის განვითარებაზე, აგრეთვე ისეთ კარდიომეტაბოლურ რისკ-ფაქტორებზე, როგორიცაა ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. შეგროვებული მონაცემების ანალიზის შემდეგ, გომესი და პერესი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხელოვნური დამატკბობლები ხელს კი არ უწყობს წონის დაკლებას, არამედ პირიქით – „მის მატებას განაპირობებენ“. თავის მხრივ, ეს ფაქტორი (წონის მატება) უკავშირდება „ ნეიროენდოკრინულ დონეზე არსებულ სხვადასხვა მექანიზმს, რომლებიც დამატკბობლების მიღების შემდეგ ანომალიურად აქტიურდებიან“.
შესაბამისად, ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება გამორიცხავს მათ სარგებელს „წონის მართვაზე“ და „ისინი არ შეიძლება წარმოადგენდნენ ისეთი ჯანსაღი კვების ალტერნატივას“, როგორიცაა მცენარეული საკვების მიღება, გადამუშავებული საკვების შემცირებული მოხმარება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მუშაობაში
ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება სერიოზულ დარღვევებს იწვევს ენდოკრინულ სისტემაში, რაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს: კვლევამ აჩვენა, რომ დამატკბობლები ზრდიან დიაბეტის (ტიპი 2) განვითარების რისკს 18-24%-ით და მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს – 44%-მდე.
ხელოვნური დამატკბობლები ქმნიან „იდეალურ სცენარს დიაბეტისთვის“, რადგან ისინი იწვევენ ცვლილებებს გაჯერების მექანიზმების რეგულირებაში, ასევე ცვლილებებს ნაწლავის მიკრობიოტაში და განაპირობებენ ინსულინის სეკრეციის ზრდას. „არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება უარყოფითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე, განსაკუთრებით გლუკოზის ცვლაზე და ზრდის დიაბეტის (ტიპი 2) განვითარების რისკს“, – დაასკვნის დოქტორი გომესი.
„მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა მეტი მტკიცებულება ხელოვნური დამატკბობლების მოხმარების და ჯანმრთელობაზე მათი მავნე ზემოქმედების შესახებ მკაფიო პოზიციის დასაკავებლად, იდეალური ვარიანტია, შეზღუდოთ ან საერთოდ უარი თქვათ ყავაში ან მცენარეულ ჩაიში ხელოვნური დამატკბობლების დამატებაზე“, – დასძენს დოქტორი პერესი.
ორივე მეცნიერი საზოგადოებას რაციონში ხელოვნური დამატკბობლების მოხმარების დოზის დარეგულირებისკენ მოუწოდებს. გომესი და პერესი ასევე მოითხოვენ მოქმედი კანონმდებლობის შეცვლას, რათა მინიმუმამდე დავიდეს მათი მავნე გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები