ტექნოლოგიებირჩევები

როგორ დავიცვათ სმარტფონი სიცხეში, რომ არ გადაიწვას – Bitkom-ის რჩევები

ზაფხულის სიცხის დროს სმარტფონი შეიძლება დაზიანდეს და მწყობრიდან გამოვიდეს. როგორ ავიცილით ეს უსიამოვნება თავიდან - ციფრული ინდუსტრიის გერმანული ასოციაცია Bitkom-ი რჩევებს გვიზიარებს

ზაფხულის შვებულების დროს ტემპერატურა ზოგჯერ 30 გრადუსს აჭარბებს, განსაკუთრებით სიცხე დაიჭირა ბოლო წლებში. ბევრი ადამიანი ზღვის სანაპიროზე ისვენებს და ნათესავ-მეგობრებს ფოტოებს და ვიდეოებს უგზავნის პლაჟიდან. არადა, სმარტფონი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს, რადგან მარტო ადამიანებს კი არ ვნებს მეტისმეტი სიცხე, ელექტრონულ მოწყობილობებსაც აზიანებს.

„თუ მობილურ ტელეფონს მწველ მზეში დავტოვებთ, შეიძლება შეფერხდეს მგრძნობიარე კომპონენტების მუშაობა, როგორიცაა აკუმულატორები და დისპლეი, ან საერთოდ გამოვიდეს მწყობრიდან. ტელეფონი სასწრაფოდ ჩრდილში უნდა გააგრილოთ, თუ ასე არ მოიქცევით, შედეგები შესაძლოა ცუდად აისახოს მათზე – მცირდება სმარტფონის მწარმოებლურობა, აგრეთვე, მუშაობის ვადა და მონაცემები იკარგება აპარატის უეცარი გათიშვის გამო“, – გვაფრთხილებს სებასტიან კლესი (Sebastian Klöß), ციფრული ინდუსტრიის გერმანული ასოციაცია Bitkom-ის სამომხმარებლო ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი.  ამის თავიდან ასაცილებლად გერმანელი ექსპერტი  5 მარტივ, მაგრამ ღირებულ რჩევას გვაძლევს, როგორ დავიცვათ ჩვენი სმარტფონი სიცხისგან.

ჯობია სმარტფონი პლაჟზე საერთოდ არ გამოიყენოთ

უნდა მოერიდოთ სიცხეში სმარტფონის ინტენსიურ გამოყენებას: ფოტოების გადაღებას, სანავიგაციო მოწყობილობებით სარგებლობას, სოციალურ ქსელებში ურთიერთობას, რთული გრაფიკების მქონე ათასგვარი დანართის გამოყენებას, აგრეთვე, ვიდეოს გადაღებას – ეს დამატებით დატვირთავს თქვენს ტელეფონს. ასე რომ, პლაჟზე უმჯობესია სმარტფონების გარეშე  იყოთ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც – გამორთეთ მოწყობილობა და გრილ ადგილას დადეთ.

გადართეთ ავიარეჟიმზე და დამცავი ბუდიდან ამოიღეთ

„თუ სმარტფონს აქტიურად არ იყენებთ, რეკომენდებულია ავიარეჟიმის ჩართვა. ეს ენერგიის მოხმარებას და სითბოს გამოყოფას ამცირებს”, – გვირჩევს Bitkom-ი. ამას გარდა, უმჯობესია ტელეფონი პლასტიკის ან ლითონის დამცავი ბუდიდანაც ამოიღოთ: დამცავი ბუდე ტელეფონს მტვრისგან, სილისა და ტენისგან იცავს, მაგრამ სიცხეში შესაძლოა ჯეროვან თბოარინებას ხელი შეუშალოს. რამდენადაც სმარტფონს სწრაფად გაცხელების თვისება აქვს, აუცილებელია დროებით უარი თქვათ დამცავ ბუდეზე.

სწორად შეინახეთ

ყველაზე უფრო კომფორტული ტემპერატურა მობილური ტელეფონისთვის  ოთახის ტემპერატურაა. გარეთ შესაძლოა მოწყობილობა სწრაფად გაცხელდეს, განსაკუთრებით – თუ ის ავტომანქანაში მოწყობილობების პანელზე ან პლაჟზე მზის სხივების პირდაპირი მოხვედრის არეალშია მოთავსებული. შარვლის ან ქვედაბოლოს ჯიბეები მობილური ტელეფონის შესანახად არ გამოდგება ჩვენი სხეულის სითბოსგან ტელეფონის დამატებით გაცხელების და ჰაერის ცირკულაციის შეუძლებლობის გამო. კარგი ვარიანტია, თუ სმარტფონი ზურგჩანთაში თუ ჩანთაში ინახება ან რაიმე ქსოვილით არის დაფარული.

სმარტფონი მხოლოდ მაშინ დატენეთ, თუ გრილია

ფიჭური კავშირის ტელეფონის დატენა მხოლოდ მაშინაა რეკომენდებული, როდესაც  აპარატი გრილია. არ შეიძლება ტელეფონის დატენა, თუ ის გახურებულია. „რადგანაც აკუმულატორი საკუთარ სითბოს გამოყოფს, განსაკუთრებით სწრაფი დატენის დროს, ისედაც გაცხელებული სმარტფონი შესაძლოა დამატებითი ტემპერატურული დატვირთვის ქვეშ მოექცეს“, – ხაგზასმით აღნიშნავს ექსპერტი კლესი.

მოარიდეთ სიცხეს და სინესტეს

თუ თქვენი სმარტფონი აღარ რეაგირებს, აუცილებლად დახურეთ ყველა დანართი და ტელეფონი ჩრდილში დადეთ. თუმცა ფრთხილად იყავით: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სმარტფონის მაცივარში გაგრილება. ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა ტელეფონის შიგნით კონდენსატის წარმოქმნა გამოიწვიოს და დედაპლატა ანუ ტელეფონის მთელი ელექტრონული შიგთავსი დააზიანოს.

მობილურ ტელეფონს სინესტე არ უყვარს. მწყობრიდან რომ გამოვიდეს, აუცილებელი არ არის, წყალში მოხვდეს. „მაღალი ტენიანობაც საკმარისია, რომ დაზიანება გამოიწვიოს, მარილიანმა წყალმა, კერძოდ, შესაძლოა აპარატში კოროზია გამოიწვიოს იმ მოწყობილობებშიც კი, რომლებიც წყალგამძლედ ითვლება“, – გვაფრთხილებს სებასტიან კლესი.

მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა

მსგავს თემაზე: რატომ ჯდება სწრაფად თქვენი ტელეფონი, რას აკეთებთ არასწორად?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close