გარდაიცვალა დამლაგებელი, რომელიც მეუფე შიოს სამუშაო ოთახს ასუფთავებდა – უკავშირდება თუ არა მისი გარდაცვალება პატრიარქის ტახტის მოსაყდრის მოწამვლის ვერსიას
საპატრიარქოს დამლაგებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. რუსუდან მაისურაძე ერთადერთი თანამშრომელი იყო, რომელიც პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სამუშაო ოთახს ასუფთავებდა. ამ დრომდე უცნობია, უკავშირდება თუ არა რუსუდან მაისურაძის გარდაცვალება მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ფაქტს.
გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოს დამლაგებელი გარდაიცვალა და დაწერა, რომ „რუსთავი 2“-სთვის ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.
.საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა. ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა. გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ შედეგებს“, – წერია განცხადებაში.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები