ათენში ბერძენი ევროდეპუტატის – ევა კაილის სახლში და მისი პარტნიორის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა
ბელგიელმა და ბერძენმა სამართალდამცველებმა ათენში, „კატარგეითის“ საქმის მთავარ ფიგურანტ ევა კაილისთან დაკავშირებულ სამ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ Politico საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
ჩხრეკა ჩატარდა ათენში ევა კაილის სახლში, მისი დის, მანტალენას სახლში, და უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე ოფისში, რომელიც კაილის და მის პარტნიორს, ასევე „კატარგეითის“ საქმის ერთ-ერთ ეჭვმიტანილს, ფრანჩესკო ჯიორჯის ეკუთვნის.
ბელგიელმა პროკურორებმა სამივე მისამართიდან კომპიუტერები ამოიღეს. მანტალენა კაილიმ და მისმა მეუღლემ საკუთარი ტელეფონები და კომპიუტერები პოლიციის განკარგულებაში გადასცეს . ევა კაილის დის ადვოკატი აცხადებს, რომ ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ვერაფერი საეჭვო ვერ იპოვეს და გამოძიების 7 თვის განმავლობაში საქმეში არ ყოფილა ისეთი მტკიცებულება, რომელიც აუცილებელს გახდიდა ათენში გამოძიების ჩატარებას.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.
კომენტარები