მირეი მატიე 77 წლის ხდება – ცნობილი და მარტოხელა სუპერვარსკვლავი
ლეგენდარული ფრანგი მომღერალი მირეი მატიე 22 ივლისს 77 წლისა ხდება. ასაკის მიუხედავად იგი შესანიშნავად გამოიყურება და განმარტოებით ცხოვრობს პარიზის მოდურ გარეუბანში, Neuilly-sur-Seine-ში, საკუთარ სახლში. სუპერვარსკვლავი საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, მორწმუნე კათოლიკეა და ყოველთვის ესწრება წირვას.
მსოფლიოში ცნობილი ფრანგი მომღერალი ორჯერაა დაჯილდოებული საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი – საპატიო ლეგიონის ორდენით. მან 1200-ზე მეტი სიმღერა ჩაწერა 11 ენაზე, მსოფლიოში მისი 130 მილიონზე მეტი ალბომი და 55 მლნ-ზე მეტი სინგლია გაყიდუ;ო და მათგან შემოსავალი 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
როდესაც ცამეტი წლის გოგონას ავინიონიდან, ნათელმხილველმა უწინასწარმეტყველა დიდება, მსოფლიო გავლენის ადამიანებთან ურთიერთობა და სამეფო ოჯახის გარემოცვაში ტრიალი, გაკვირვებისგან მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა და და შეეცადა ამ უცნაური ქალის სიტყვები დაევიწყებინა.
მაგრამ მოგვიანებით ეს წინასწარმეტყველება ახდა – არაერთხელ გამოვიდა მატიე სამეფო ოჯახის წინაშე ლონდონის ცნობილ თეატრ „პალადიუმში“ და იტალიაში პაპის წინაშე იმღერა და პონტიფიკოსთან აუდიენციაც ჰქონდა..
„მატიესავით შემჭერი“ – ამ ფრაზით მიდიოდნენ მთელი მსოფლიოს გოგონები სილამაზის სალონებში, 60-იან წლებში კი მირეის ვარცხნილობას „მსოფლიოში ყველაზე პოპულარული“ შეარქვეს. მრგვალი კარე, რომელსაც ბოღმიანებმა „ქოთნით შეჭრილი თმა“ უწოდეს, აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
ბავშვობის წლები
მირეი მატიე 1946 წელს დაიბადა. იგი ძალიან ღარიბ ოჯახში იზრდებოდა. გოგონა 13 დედმამიშვილთან ერთად სახელდახელოდ აშენებულ ბარაკებში ცხოვრობდა. ხშირად ელემენტარული საკვები, ჰიგიენის საშუალებებიც კი არ ჰქონდათ და თავი ძლივს გაჰქონდათ. გოგონა უკვე 15 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ოთხოთახიან ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.
დაწყებით სკოლაში მირეი მატიეს წერა-კითხვა ძალიან უჭირდა და ამის გამო ერთხელ კლასშიც ჩატოვეს. 14 წლის ასაკში სკოლა საერთოდ მიატოვა. ვინაიდან გოგონა 13 და-ძმას შორის უფროსი იყო,ოჯახის დასახმარებლად. ქაღალდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც კონვერტებს ამზადებდა.
იგი დაბალი იყო და ამის გამოც კომპლექსი ჰქონდა. იმისათვის, რომ ტანი აეყარა, ფრენბურთსაც კი თამაშობდა, თუმცა უშედეგოდ – თავის ტანმორჩილობას ვერ უშველა. მირეი სიმაღლეში 153 სანტიმეტრია და ფეხიც ცეროდენას ზომა აქვს – 33.
კარიერა
მატიეს სიმღერა შესანიშნავად შეეძლო და ეს ბავშვობიდან ჩანდა. როგორც კი სიმღერას დაიწყებდა, ყველას ყურადღებას იპყრობდა.
გოგონას სიმღერის ნიჭი მამისგან გამოჰყვა, რომელიც საოპერო მომღერლის ხმით იყო დაჯილდოებული და სახლში თუ ეკლესიაში ქალიშვილთან ერთად ხშირად მღეროდა.
ერთხელ ქალაქში გამართულ კონკურსში მატიემ გაიმარჯვა და ეს მისთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. მერიამ იგი პარიზში, გადაცემა „ბედის თამაშში“ მონაწილეობის მისაღებად გაგზავნა. კონკურსზე გოგონას დასცინეს. მიზეზი კი დისლექსია და მისი განსხვავებული, პროვინციული აქცენტი იყო. ამის გამო მირეი დეპრესიაში ჩავარდა.
1965 წლის 21 ნოემბერს იგი სცენაზე დაბრუნდა და მისმა ერთ-ერთმა გამოსვლამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე, რომ მას შემდეგ ათასობით თაყვანისმცემელი შეიძინა.
ამავე წელს იგი თავის მომავალ პროდიუსერს, ჯონი სტარკს შეხვდა. მისი ხელმძღვანელობით მატიე 1968 წელს საფრანგეთში ყველაზე პოპულარული მომღერალი გახდა. სტარკის რჩევით, გოგონამ სტილი საერთოდ შეიცვალა, ცეკვის შესწავლა, ენისა და მეტყველების დახვეწა დაიწყო და მთლიანად გარდაიქმნა.
კარიერის განმავლობაში მატიემ 1200-ზე მეტი სიმღერა ჩაწერა და 11 ენაზე იმღერა, მათ შორის, გერმანულად, იტალიურად, ფინურად და იაპონურადაც კი.
პირადი ცხოვრება
მომღერალი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და შვილები არ ჰყავს. იგი მთელი ცხოვრება მხოლოდ სცენის ერთგული დარჩა. მილიონობით გულშემატკივარი მას თაყვანს სცემდა, ხოლო მისი სილამაზითა და საოცარი ნიჭით აღფრთოვანებული ძლიერი სქესის წარმომადგენლები უბრალოდ აღმერთებდნენ, მირეი მატიეს ხელი არაერთხელ სთხოვეს, თუმცა შანსონის უბადლო შემსრულებელმა ოჯახის შექმნას მარტოობა არჩია.
თუმცა არა – ერთხელ მირეიმ გადაწყვიტა და გავლენიან ბიზნესმენს ქორწინებაზე თანხმობა უთხრა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამაკაცმა მომღერალს კარიერის მიტოვება კატეგორიულად მოსთხოვა, მირეი მატიემ საქმრო ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მიატოვა.
ჰყავდა მეორე რჩეულიც, ცნობილი კოსმეტოლოგი, თუმცა მომღერალი მასაც მაშინ დაშორდა, როცა საქორწილო კაბა უკვე შეკვეთილი ჰქონდა.
„ეს ჩემი შეგნებული არჩევანია. მე მსხვერპლად არაფერი შემიწირავს. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორი მთავარი რამ არსებობს: სიმღერა და ჩემი ოჯახი – დედაჩემი, ჩემი ძმები და დები“, – განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
იყო ჭორები, რომ მომღერალს რომანი ჰქონდა ალენ დელონთან და რაღაც ეპიზოდში თავად ჩარლი ჩაპლინთანაც ჰქონდა კავშირი…
მომღერალი გულწრფელ ინტერვიუებს არ იძლევა. იგი ამბობს: „რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, ამაზე არ ვლაპარაკობ“.
სამაგიეროდ ღიად საუბრობს თავის ჩვევებზე, იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნა სიმხნევე და მომხიბვლელობა. „არასოდეს ვირუჯები, არ ვსვამ ალკოჰოლს, არ ვეწევი და მხოლოდ ორგანულ პროდუქტებს ვიყენებ“, – ამბობს იგი ინტერვიუში.
მირიე მატიეს ბოლო დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აქვს, რის გამოც პირადი ექიმი ყოველთვის თან დაჰყვება.
კითხვაზე, რას თვლის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვნად? – იგი პასუხობს: „იმას, რომ 14-შვილიან ოჯახში – შვიდი ძმა და შვიდი და – უფროსი ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ისინი ფეხზე დამეყენებინა და მე ეს შევძელი!“
მანანა ბანძელაძე
Une Vie D’Amour („მარადიული სიყვარული“) – ასრულებენ მირეი მატიე და შარლ აზნავური. კიდევ ერთხელ მოუსმინეთ და ისიამოვნეთ!
კომენტარები