უმრავლესობა ბანანს არასწორად მიირთმევს: რას გვირჩევენ მეცნიერები
ბევრი ადამიანი, როცა ბანანს მიირთმევს, კანთან ერთად ძაფის მსგავს ბოჭკოებსაც აშორებს მას, მაგრამ მეცნიერები გვირჩევენ, არ ვიჩქაროთ ამ უცნაური ძაფების მოშორება, წერს IFL Science.
სწავლულთა განმარტებით, ეს ბოჭკოები, რომლებიც მეცნიერებაში ფლოემის კონების სახელითაა ცნობილი, ძალიან სასარგებლოა და საოცარი კვებითი თვისებები აქვს.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ერთი საშუალო ბანანი სულ რაღაც 100 კალორიას შეიცავს. ნაყოფი მდიდარია ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით, როგორიცაა უჯრედისი, კალიუმი, ვიტამინი B6, ვიტამინი C, მაგნიუმი, მანგანუმი და სხვადასხვა ანტიოქსიდანტები.
ფლოემის კონები – ეს ბანანის შიდა წყალმომარაგების სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ხდება შაქრისა და ფოტოსინთეზის სხვა პროდუქტების მიწოდება. ეს მილები უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რათა თავისი მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულოს. ამიტომ ფლოემის კონები უფრო მაგარია, ვიდრე ბანანის რბილობი.
როგორც BerkleyRD-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლას გილიტი განმარტავს, მართალია, ფლოემის კონებზე სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბოჭკოები სასარგებლო ფერმენტების გადასატანადაა განკუთვნილი, მას ნამდვილად აქვს ბანანის რბილობისგან განსხვავებული შემადგენლობა.
„სავარაუდოდ, ისინი შეიცავს ბოჭკოს უფრო მრავალფეროვან ტიპებსა და სტრუქტურულ კომპონენტებს, რომლებიც მათი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. ამის გამო, [ფლოემის კონებს], დიდი ალბათობით, განსხვავებული კვებითი პროფილი ექნება ადამიანებისთვის“, – აღნიშნა გილიტმა.
როგორც IFL Science წერს, იგივე ითქმის ბანანის კანზეც. მიუხედავად იმისა, რომ ის მაგარია და თანაც მწარე, იჭმება კიდეც და სასარგებლოცაა, ვინაიდან ადამიანისთვის აუცილებელი რამდენიმე საკვანძო ელემენტითაა მდიდარი.
ექსპერტები გვირჩევენ, ბანანის კანი ორიოდე დღით წყალში ჩავდოთ, რათა სასარგებლო ნივთიერებებმა წყალში გააღწიოს. ამ გზით შეგიძლიათ საუკეთესო ხსნარი მიიღოთ ოთახის ყვავილების მოსარწყავად.
sputnik-georgia.com
კომენტარები