სპორტი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023-ზე ბელგიასთან მატჩი ფრედ დაასრულა და მეოთხედფინალს მიუახლოვდა

„დინამო არენაზე“ უეფას რეკორდი დამყარდა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნაკრებმა ბელგიასთან მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულა. შეხვედრა „დინამო არენაზე“ დღეს, 24 ივნისს გაიმართა.

ქართველი ფეხბურთელებისთვის პირველი ტაიმი ცუდად წარიმართა – ბელგიელებმა მეტოქეს აქტიურად შეუტიეს, არაერთი კარგი მომენტი შექმნეს და 2 გოლი გაიტანეს მამარდაშვილის კარში. პირველი ნახევარი ბელგიელთა სასარგებლოდ – 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეტევის ხაზი გააძლიერა და მოედანზე გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე და გიორგი გოჩოლეიშვილი შეიყვანა. სვანაძის ტაქტიკამ გაამართლა  – მალევე, 52-ე წუთზე წიტაიშვილმა საჯარიმო მოედნის სიახლოვიდან ზუსტი დარტყმით ბელგიელთა კარი აიღო  და სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.

ქართველებს კიდევ ჰქონდათ გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა – 64-ე წუთზე ფრანგული „ბორდოს“ ქართველმა ლეგიონერმა ზურიკო დავითაშვილმა შეტევა წამოიწყო, აზაროვი მეკარის პირისპირ დატოვა, მაგრამ ბელგიელთა კარი გადარჩა – აზაროვმა შანსი ვერ გამოიყენა.

ქართველებმა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება – 87-ე წუთზე აზაროვმა ზუსტად ჩააწოდა საჯარიმოში, კარის სიახლოვეს, სადაც კარგ პოზიციაზე იმყოფებოდა  გულიაშვილი, რომელმაც თავური დარტყმით ბურთი კარში შეაგდო.

საბოლოოდ მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს 27 ივნისს ნიდერლანდებთან გამართავს. ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 4 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე-მესამე ადგილზე 2-2 ქულით ბელგია და ნიდერლანდები არიან, ხოლო პორტუგალია 1 ქულით ბოლო პოზიციაზეა. საქართველოს ნაკრებისთვის მომდევნო ეტაპზე, მეოთხედფინალში გადასასვლელად ბოლო შეხვედრაში ფრეც საკმარისია.

აღსანიშნავია, რომ „დინამო არენაზე“ დღეს რეკორდი დაფიქსირდა –  უეფას 21-წლამდელთა ფინალური ტურნირის ისტორიაში მატჩს ყველაზე მეტი – 41 887 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. ამის შესახებ ინფორმაცია უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close