ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

პროგოჟინმა მოსკოვის აღება გადაიფიქრა და უკან გაბრუნდა – ვინ და როგორ დაითანხმა იგი (ფოტო, ვიდეო)?

რუსეთში, სავარაუდოდ, დასასრულს უახლოვდება „სამხედრო ამბოხი“, როგორც ხელისუფლება უწოდებს  ანუ „სამხედრო გადატრიალების მცდელობა“, როგორც ექსპერტები უწოდებენ, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ (ЧВК Вагнер) მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით დაიწყო. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ, ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებით, მოლაპარაკებები გამართა „ვაგნერის“  დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან, რის შედეგადაც მათ მოახერხეს შეთანხმება, რომ „ვაგნერის“ შეიარაღებული ქვედანაყოფები მოსკოვისკენ სვლას აღარ გააგრძელებენ. ამის შესახებ ლუკაშენკას პრესსამსახურთან დაახლოებული ტელეგრამ არხი “Пул Первого” იტყობინება.

ტელეგრამ არხის ავტორების ინფორმაციით, მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. შედეგად, ლუკაშენკამ და პრიგოჟინმა „მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის გაჩაღება დაუშვებელია“.

ინფორმაციის ავტორები ამტკიცებენ, რომ პრიგოჟინმა, სავარაუდოდ, მიიღო ლუკაშენკას წინადადება „შეაჩეროს კომპანია „ვაგნერის“ შეიარაღებული პირების მოძრაობა რუსეთის ტერიტორიაზე და  დაძაბულობის დეესკალაციისთვის შემდგომი ნაბიჯები გადადგას“.

„ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ მათი ქვედანაყოფები, მოსკოვამდე 200 კმ-ში არმისულები, შემობრუნდნენ და საპირისპირო მიმართულებით განაგრძეს სვლა თავიანთი საველე ბანაკებისკენ.

„უნდოდათ, ЧВК Вагнер-ი დაეშალათ. 23 ივნისს სამართლიან მარშზე წამოვედით, ერთ დღეში მივუახლოვდით მოსკოვს 200 კმ-ში, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მებრძოლების ერთი წვეთი სისხლიც არ დაგვიღვრია, ახლა ის მომენტი დადგა, რომ შეიძლება სისხლი დაიღვაროს. ამიტომ, ვაცნობიერებთ რა მთელ პასუხისმგებლობას, რომ  რუსული სისხლი დაიღვრება ან ერთ, ან მეორე მხარეს, ჩვენს კოლონებს უკან ვაბრუნებთ და საპირისპირო მხარეს მივდივართ საველე ბანაკების მიმართულებით, გეგმის თანახმად“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კსკ „ვაგნერის“ სამხედრო ნაწილები ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე შევიდნენ და მოსკოვისკენ სვლა განაგრძეს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეო, როგორ თხრის გზებს ლიპეცკის ოლქში მძიმე ტექნიკა – ლიპეცკის ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გადაწყვიტა, დაეზიანებინა რეგიონული მნიშვნელობის გზების ნაწილი, რათა „ვაგნერის“ კოლონებს წინსვლა შეეფერხებინა. მათ განაცხადეს, რომ „როგორც კი სიტუაცია საშუალებას მისცემთ“, დაზიანებული გზები შეკეთდება.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე: VIDEO: მოსკოვის ცენტრში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა – რა ხდება რუსეთში?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close