ფსიქოლოგიარჩევები

დღეში 12 წუთის ეფექტი: მეცნიერებმა ბედნიერებისა და კმაყოფილების რეცეპტი დაადგინეს

როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც სუფთა ჰაერზე სეირნობა, გარბენა პარკში, მაღაზიებში საყიდლებზე სიარული და სხვა ის მეთოდები, რომლებსაც ადამიანები გუნება-განწყობის გამოსაკეთებლად და დეპრესიისგან თავის დასაღწევად მიმართავენ ხოლმე, აღარ მუშაობს და ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება?

აიოვის (აშშ) უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ გუნების გამოსაკეთებლად საჭიროა დღეში სულ რაღაც 12 წუთის განმავლობაში იყოთ კეთილი ირგვლივ მყოფების მიმართ, წერს გამოცემა Springer-ი.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ფსიქოლოგი, პროფესორი დუგლას ჯენტილე ამბობს, რომ სხვების მიმართ გამოჩენილი სიკეთის მცირე დოზაც კი ადამიანს ბევრად უუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას – სულიერსაც და ფიზიკურსაც.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ სხვების მიმართ გამოჩენილი სიკეთე შფოთვის დონეს ამცირებს და  ბედნიერების შეგრძნებას ზრდის“, – აცხადებს ჯენტილე.

სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდნენ, მეცნიერებმა 496 სტუდენტს მოუყარეს თავი და სთხოვეს, 12 წუთის განმავლობაში ესეირნათ უნივერსიტეტის დერეფნებსა და კამპუსებში.

სტუდენტები ოთხ ჯგუფად დაყვეს და განსხვავებული დავალებები მისცეს.

  • პირველი ჯგუფის წევრები სეირნობისას კეთილ აზრებზე უნდა კონცენტრირებულიყვნენ და გზად შემხვედრების მისამართით გულში უნდა გაეფიქრებინათ: „მინდა, რომ ეს ადამიანი ბედნიერი იყოს“.
  • მეორე ჯგუფის წევრებს უნდა ეფიქრათ იმაზე, რასაც შემხვედრებს გაუზიარებდნენ, მაგალითად: გემოვნებაზე, გრძნობებსა თუ შიშებზე.
  • მესამე ჯგუფის წევრებს შემხვედრების დანახვაზე უნდა ეფიქრათ, როგორ გამხდარიყვნენ მათზე უკეთესი.
  • მეოთხე ჯგუფი კი საკონტროლო იყო და მის წევრებს სთხოვეს, მხოლოდ ესთეტიკურ დეტალებზე ეფიქრათ – სამოსზე თუ სხვა აქსესუარებზე.

ამასთან, ყველა სტუდენტმა გაიარა გამოკითხვა სეირნობის წინ და მის შემდეგ, რათა მათი შფოთვის, ბედნიერების, კმაყოფილების, თანაგრძნობისა და ზრუნვის დონეები გაეზომათ.

12-წუთიანი სეირნობის დასრულების შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ:
პირველი, ანუ „კეთილი აზრების“ ჯგუფის წევრები სხვებთან შედარებით ბევრად მხნედ, ბედნიერად და კმაყოფილებად გამოიყურებოდნენ; ასევე, კარგი შედეგი აჩვენა მეორე ჯგუფმაც, ხოლო მესამე და მეოთხე ჯგუფებში არანაირი დადებითი ცვლილება გუნება-განწყობაში არ მომხდარა.

ამასთან, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ პიროვნული თვისებები ამ მონაცემებზე გავლენას ვერ ახდენდა.

საბოლოოდ მკვლევრების „ვერდიქტი“ ასეთია: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შეეცადეთ, დღეში 12 წუთი მაინც იყოთ კეთილგანწყობილი სხვათა მიმართ. ეს თავად თქვენს ჯანმრთელობას წაადგება.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close