იტალიელებს „საშვილოსნოს გაქირავება“ აეკრძალებათ – პარლამენტში სუროგაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ
დემონსტრანტები ბანერებითა და შეძახილით იტალიის პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, რადგან იტალიის მთავრობა გეგმავს, სუროგაცია კრიმინალურ ქმედებად გამოაცხადოს. კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ იტალიელს, საზღვარგარეთ მყოფსაც კი, ეკრძალება, სუროგაციის გზას მიმართოს. მას, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს და სუროგაციის მეშვეობით ცდილობს ბავშვის გაჩენას, კანონპროექტის მიხედვით, პატიმრობა და ჯარიმა ემუქრება.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მარია სოლე ჯარდინის თქმით, ბევრ ქვეყანაში სუროგაციის გზით ფეხმძიმობა კანონიერია და ეს საკითხი იდეალურად არის დარეგულირებული შეერთებულ შტატებში, ინგლისში, პორტუგალიაში, უკრაინასა თუ საქართველოში. მას აინტერესებს, თუ ადამიანს სურს, ამ ქვეყნებში გაემგზავროს და რეპროდუქციის მიზნით ჩაიტაროს სამედიცინო პროცედურა, რატომ უნდა ეშინოდეს იტალიაში დაბრუნებისა? როგორც თავად ამბობს, ის ოჯახები, რომლებსაც სურთ, ამ გზით გააჩინონ შვილები ან უკვე ამ პროცესში არიან, შეშინებული არიან. მას ეს გადაწყვეტილება ცივილიზებულ ქვეყანაში უსამართლოდ მიაჩნია.
პოლიტიკურმა პარტია „ევროპა პლუსმა“ შეიმუშავა ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც სუროგაციას დანაშაულად არ მიიჩნევს, თუმცა იძლევა გარანტიას, რომ ქალებს ეკონომიკური მიზნებისთვის ვეღარ გამოიყენებენ. სამთავრობო კანონპროექტს კონსერვატორი იტალიელების დიდი მხარდაჭერა აქვს.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი გრაცია დი მაჯო ამბობს, რომ მიმდინარე კვირას წარდგენილი კანონპროექტი იტალიაში სააბოლოოდ აკრძალავს საშვილოსნოს ე.წ. „გაქირავებას“, ბავშვთა უფლებები კი უკეთესად იქნება დაცული.
მიმდინარე კვირას პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით დებატები კვლავ გაგრძელდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობის უმრავლესობამ უნდა მიიღოს.
წყარო: euronewsgeorgia.com
ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია აიკრძალება და ამ მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.
კომენტარები