21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა – რა უნდა გააკეთოთ, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ და რის გაკეთებაა დაუშვებელი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად
ძველებს სწამდათ, რომ ამ დღეს წყალი ჯადოსნურ თვისებებს იძენს, ამიტომ ნებისმიერი წყლის პროცედურა ძალზე სასარგებლოა
21 ივნისს წლის განმავლობაში ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამეა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, შესაბამისად, საქართველოშიც. ამ მოვლენას ზაფხულის მზებუდობა ჰქვია.
ზაფხულის მზებუდობა საქართველოში 21 ივნისს, თბილისის დროით 18:57 სთ-ზე დადგება. მზე, რომელიც ეკლიპტიკაზე (ცის სფეროს დიდი წრეწირი, რომელზეც მზის წლიური მოძრაობა ჩანს ვარსკვლავებს შორის) მოძრაობს, ამ მომენტში ცის ეკვატორიდან ყველაზე დაშორებულ მდგომარეობას მიაღწევს ჩრდილოეთ პოლუსის მხარეს.
21 ივნისს ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული ზაფხული დგება, სამხრეთ ნახევარსფეროში კი – ასტრონომიული ზამთარი.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე იმიტომ დგება, რომ ზაფხულის მზებუდობის დღეს მზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ამოდის, ჰორიზონტთან სამხრეთით ყველაზე მაღალ სიმაღლემდე ადის ცის კაბადონზე და ჩრდილო-დასავლეთით ჩადის (ჰორიზონტს მიეფარება). მზე დღე-ღამის დიდი ნაწილის განმავლობაში ჰორიზონტს ზემოთაა, ამიტომაც 21 ივნისს დღე ყველაზე გრძელია წელიწადში (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში). საქართველოში 21 ივნისს დღის ხანგრძლივობა 15 სთ-ს, 12 წუთს და 36 წამს შეადგენს (შედარებისთვის: ზამთრის მზებუდობის დღეს, 21 დეკემბერს, როცა დღე ყველაზე მოკლეა, მისი ხანგრძლივობა საქართველოში 09:08:28 სთ-ს უდრის).
რამდენიმე დღის განმავლობაში მზებუდობამდე და მის შემდეგაც მზეს „ეს სიმაღლე უჭირავს“, შემდეგ კი სამხრეთისკენ დაიწყებს დაშვებას ანუ შუადღის მაქსიმალური სიმაღლე (ზენიტი) ყოველდღე უფრო და უფრო მიუახლოვდება ჰორიზონტს და დღე კლებას დაიწყებს. 21 დეკემბერს კი ზამთრის მზებუდობა – ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე გრძელი ღამე იქნება.
22 ივნისამდე მზე კუროს თანავარსკვლავედში მოძრაობს, 22 ივნისიდან კი ტყუპის თანავარსკვლავედში გადადის.
ათასწლეულების განმავლობაში ზაფხულის მზებუდობის დღეს ყველა ხალხისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ადამიანები ბუნებრივ ციკლებთან ჰარმონიაში ცხოვრობდნენ და თავიანთ ცხოვრებას ამ ციკლების შესაბამისად აწყობდნენ. ტაძრების უმეტესობა სწორედ ზაფხულის მზებუდობის დღეს მზის ამოსვლისკენაა ორიენტირებული. ადამიანებს მიაჩნდათ, რომ ზაფხულის მზებუდობა მთელ ბუნებას მზის მძლავრი ენერგიით ავსებს, კვებავს და ძალას აძლევს ყველა ცოცხალ არსებას ჩვენს პლანეტაზე.
არსებობს უამრავი რწმენა და განსაკუთრებული ნიშანი, რომელიც ზაფხულის მზებუდობას უკავშირდება. მაგ., თუ 21 ივნისს ცუდი ამინდი დაემთხვეოდა, ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ იმ წელს ცუდი მოსავალი იქნებოდა. ასევე, ამბობდნენ, რომ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა 21 ივნისის ღამეს სოკოს სიმრავლეს მოასწავებდა შემოდგომის დასაწყისში. თუ დილით ბევრი ცვარი იყო, მაშინ პირიქით, უხვ მოსავალს ელოდნენ.
ცვარს ცალკე ჭურჭელში აგროვებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ მას გამაახალგაზრდავებელი და სამკურნალო თვისებები ჰქონდა.
ძველებს სწამდათ, რომ ამ დღეს წყალი ჯადოსნურ თვისებებს იძენს, ამიტომ ნებისმიერი წყლის პროცედურა ძალზე სასარგებლოა. თუ ზაფხულის მზებუდობის დღეს მზის ამოსვლას შეხვდებით, შეგიძლიათ მთელი წლისთვის შეავსოთ თქვენი ორგანიზმი ძალებით, ჯანმრთელობა განიმტკიცოთ და ავადმყოფობა თავიდან აიცილოთ. ამ დროს ყველაზე კარგია, თუ სურვილს ჩაუთქვამთ.
არსებობს ზოგიერთი ცრურწმენა 20 და 21 ივნისს დაბადებულ ბავშვებზე: მიაჩნდათ, რომ მათ „ცუდი თვალი“ ჰქონდათ და ადამიანების გათვალვა შეეძლოთ. აგრეთვე, ითვლებოდა, რომ ისინი მზის დაცვის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ჩვენს დროში ადამიანთა უმეტესობა ზაფხულის მზებუდობას ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ დღედ მიიჩნევს და ბევრმა ძველმა ტრადიციამ ფასი და მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც ამ დღის განსაკუთრებული ენერგიისა სჯერა.
რის გაკეთებაა რეკომენდებული გარგებთ 21 ივნისს
მზის კეთილდღეობის მოსაპოვებლად ამ დღეს სწორად უნდა აირჩიოთ ტანსაცმლის ფერები – ჩაიცვით ნარინჯისფერი, ოქროსფერი ან ყვითელი სამოსი. ითვლება, რომ ამით მზის იღბალს მოიზიდავთ. და პირიქით, არ ჩაიცვათ მუქი ფერის ტანსაცმელი – პრობლემები შეგექმნებათ. რეკომენდებულია, აგრეთვე, სწორედ ამ დღეს შეაგროვოთ სამკურნალო მცენარეები, რადგან ამ პერიოდში მათ განსაკუთრებული ენერგია აქვთ.
ძველ დროში მიღებული იყო კარის ზღურბლთან ჭინჭრის დადება, რათა უბედურებებს სახლისთვის გვერდი აექცია და შიგნით ვერ შეეღწია.
აგრეთვე, რეკომენდებულია, დღე მაქსიმალურად აქტიურად გაატაროთ: ადრე გაიღვიძოთ, ივარჯიშოთ, თუ მოახერხებთ შეგროვებას – ცვრით დაიბანოთ პირი, შემდეგ კი ყოველდღიურ საქმეებს შეუდგეთ. იდეალური იქნება, თუ ბუნებაში გასვლას მოახერხებთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ დროს.
ყველაზე გრძელი დღე პეტრე-პავლეს მარხვის პერიოდს ემთხვევა, ამიტომ რომც არ მარხულობდეთ, ამ დღეს ხორცისა და რძის პროდუქტებისგან თავი მაინც შეიკავეთ.
რის გაკეთება არ შეიძლება ზაფხულის მზებუდობის დღეს
არ აჰყვეთ ცუდ ემოციებს: არ ჩაერთოთ კონფლიქტებში, კამათში, თუნდაც საკუთარი სიმართლის დასაცავად, არავის დაემუქროთ, არ გამოხატოთ აგრესია, არ იტიროთ, არ იყვიროთ. დაივიწყეთ ჭორაობა და მითქმა-მოთქმა და თქვენს მდგომარეობას ბოროტად ნუ გამოიყენებთ სხვებთან ურთიერთობისას.
დაუშვებელია მკითხაობა. განსაკუთრებით სახიფათოა ის რიტუალები, რომლის დროსაც მიღმიერი სამყაროდან სულებს იძახებენ.
ნუ დაივიწყებთ სიფრთხილეს და ცეცხლთან თამაშს მოერიდეთ.
მზე ხომ ენერგიის წყაროა, ამიტომ ამ დღეს უსაქმურობა არ შეიძლება.
არ ღირს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც თქვენს მომავალ ცხოვრებას ეხება.
ამ დღეს შეიძლება და აუცილებელიცაა, რამე განაახლოთ სახლში ან ბინაში – ცხადია, კაპიტალურ რემონტზე არ არის საუბარი. უბრალო დეტალის შეცვლაც საკმარისია. ვინც ამ დღეს დაქორწინდება ან დაინიშნება, მყარი და ხანგრძლივი კავშირი ექნება.
წარმატებებს გისურვებთ!
თამთა გურული
კომენტარები