გოჩა აბაშიძე – მსახიობი, რომელიც მარადიულ ჭაბუკად დარჩა
ტრაგიკული ცხოვრება და ძალიან ადრე გარდაცვალება რომ არა, გოჩა აბაშიძე ( 26 მაისი, 1937 – 8 ოქტომბერი, 1961) ალბათ მწვერვალებს დაიპყრობდა. ხალასი ნიჭის მქონე მომხიბვლელი გარეგნობის მსახიობი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა და უკვდავ ფილმებთან ერთად („ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (დათო), „ცისკარა“ (ბადრი), „აბეზარა“ (მილიციელი), „ჩრდილი გზაზე“ (თედო), „ჩვენი ეზო“ (ვაჟა), „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“ (ელგუჯა), „მაია წყნეთელი“ (მანუჩარა), „გლახის ნაამბობი“ (გაბრო)) ქართველებს დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი სკანდალური ისტორიაც დაუტოვა. ამბობდნენ, რომ მან ლეილა აბაშიძის გულისთვის მოიწამლა თავი, რაც წლების შემდეგ მისმა მეუღლემ, ცნობილმა კომპოზიტორმა, ქალბატონმა ნუნუ გაბუნიამ უარყო.
***
გოჩა აბაშიძე უკვე კინოვარსკვლავი იყო, ნუნუ გაბუნია ცოლად რომ მოიყვანა. მაშინ ქალბატონ ნუნუს სკოლაც კი არა ჰქონდა დამთავრებული – 16 წლის იყო, გოჩა აბაშიძე კი – 19 წლის. ერთმანეთი ნუნუს უახლოესი მეგობრის, ლია თოხაძის მამიდაშვილის დაბადების დღეზე გაიცნეს, რის შესახებაც ქალბატონმა ნუნუმ რამდენიმე წლის წინ მომითხრო, ამიტომ ამჯერად აღარ შემიწუხებია და ჩემს არქივს მივმართე.
ნუნუ გაბუნია:
ალბათ, ესეც ბედია, რადგან მე იქ წასვლას ნამდვილად არ ვაპირებდი. დიდი თხოვნის შემდეგ ძლივს დამითანხმეს. მართლა შესანიშნავი საღამო იყო და აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ცოცხალი მსახიობები გავიცანი. იქ გოჩას გარდა იყო ნუკრი ალხაზიშვილი (ვეფხიას როლის შემსრულებელი ფილმში „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ – თ.ო), აგრეთვე, სხვა მსახიობები, რომელთაც იღებდნენ ფილმში „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“. გოჩამ იმ საღამოს სახლამდე მიმაცილა და რომ ნახა, სადაც ვცხოვრობდი, მეორე დღესვე გამომეცხადა. დედაჩემი გაოცდა, გუშინ ვიღაც გაიცანი და დღეს რატომ მოვიდა სახლშიო, კი მითხრა, მაგრამ თვითონ გოჩა იმდენად შინაურული, თბილი, ბუნებრივი და საოცრად უშუალო იყო, რომ მისგან ასეთი მოქცევა სრულიად ჩვეულებრივად აღიქმებოდა. ჩვენ ძალიან მალე დავმეგობრდით. თითქმის ყველაფერს ვუყვებოდი ხოლმე და, სხვათა შორის, ერთადერთი, ვისაც ვუთხარი, რომ თამაზი მომწონდა, ეს გოჩა იყო.
ვინ თამაზი?
თამაზ ტოგონიძე… ხომ იცით, სკოლის ასაკში როგორ ხდება ხოლმე, განსაკუთრებით როცა სკოლას ამთავრებ და ხედავ, რომ შენს მეგობარს ვიღაც ურეკავს, ვიღაც პაემანზე გარბის, ვიღაცას უკვე საქმრო ჰყავს და შენც გინდა, რომ ვიღაც მოგწონდეს და გიყვარდეს. მაშინ ჩვენ ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე ნანი ბრეგვაძესთან სახლში. იგი დედასთან ერთად კონსერვატორიის პირდაპირ ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. იმდენი მეგობარი იყრიდა ხოლმე მასთან თავს, გაოცდებოდით. იყო დაკვრა, ცეკვა სიმღერა. სწორედ მასთან გავიცანი თამაზ ტოგონიძე, რომელსაც გოჩასთან ერთად იღებდნენ ფილმში „ცისკარა“…
ანუ, თქვენ მაშინ უკვე კარგად იცნობდით გოჩა აბაშიძეს…
კი, უკვე ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით… მოკლედ, ლამის ყურები გამოვუჭედე მასზე საუბრით, მაგრამ ეს რაღაც ბავშვური გატაცება იყო, სურვილი იმისა, რომ მეც ვიღაც მყვარებოდა და მეტი არაფერი…
გოჩასგან ყოველთვის დიდ ყურადღებას ვგრძნობდი, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შევუყვარდებოდი. ხომ გეუბნებით, ჩვენ ძალიან დიდი მეგობრები ვიყავით, ყველა თემაზე შემეძლო მასთან მესაუბრა (მარტო მე კი არა, ყველა გოგო ასე იყო), ამიტომ ჩემთვის მოულოდნელი იყო, სიყვარული რომ ამიხსნა… შეიძლება ითქვას, რომ გოჩა ჩემთვის ყველაფერი პირველი იყო…
მაინც რა გხიბლავდათ მასში?
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ იგი ძალზედ უშუალო პიროვნება იყო, საოცრად მხიარული და ენამოსწრებული, საზოგადოების სული და გული… მერე, მართლა განსაკუთრებული მეხსიერება ჰქონდა. რომ გითხრათ, დღე და ღამე წიგნი ეჭირა ხელში და კითხულობდა-მეთქი, ასე არ იყო, მაგრამ რასაც კი საინტერესოს და კარგს გაიგებდა, ღრუბელივით ისრუტავდა ყველაფერს და არასოდეს ავიწყდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა, 24 წლის წავიდა ამქვეყნიდან, ასეთი მეხსიერების წყალობით საოცრად განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ასეც იყო. გარეგნობით, თქვენც მოგეხსენებათ, როგორი გარეგნობა ჰქონდა. ქუჩაში უკან დაგვდევდა ხალხი, გოჩასთვის თვალი რომ შეევლოთ. მეც მიხაროდა, ჩემი ქმარი ასეთი ცნობილი პიროვნება რომ იყო, ის კი ჩემით ამაყობდა – ჩემი ცოლი კომპოზიტორიაო. მერე, შესანიშნავი ტემბრის ხმა ჰქონდა, სასიმღერო… თავიდან სმენა არ ჰქონდა, მაგრამ ვამეცადინებდი ხოლმე და როცა სადმე სუფრაზე იმ მელოდიას წამოიწყებდა, რომელიც იცოდა, იფიქრებდით, ამაზე უკეთესი მომღერალი არ არსებობსო… შეიძლება ახლა ვინმეს გაუკვირდეს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ როცა გავთხოვდი, ძალიან გამხდარი ვიყავი. მახსოვს, გოჩა მეუბნებოდა ხოლმე, გრძელსახელოებიანი კაბა ჩაიცვი, თორემ იტყვიან, ქმარი საჭმელს არ აჭმევს და ასეთი გამხდარი იმიტომ არისო. მოსწონდა, თავის თავს ქმარს რომ უწოდებდა. მახსოვს, ქუთაისში გადაღებებზე იყო და ერთმა ფუმფულა ქალმა ჩემზე უთხრა: უიმე, ეს რამ მოგაყვანინა, სხვა ქალი ვერ იპოვნე, სული რომ შეუბერო, გაფრინდებაო! იმ ქალს, ახლა რომ ვნახე, ალბათ, მოვეწონებოდი (იცინის)…
ჯვარი თუ გქონდათ დაწერილი?
არა, იცით, მაშინ ასე მოდაში არ იყო ჯვრისწერა, ახლა როგორც არის. ჩვენ ქორწილიც არ გვქონია, რაზეც ძალიან მწყდება გული. წარმოიდგინეთ, არც ნიშნობის ბეჭედი მქონდა. მახსოვს, 17 აპრილი იყო, როცა ლესელიძის ქუჩაზე ერთ ბნელ, უღიმღამო ოთახში მოვაწერეთ ხელი. საბედნიეროდ, ქორწინების სახლები ახლა უკვე მოწესრიგებულია და საზეიმო განწყობაც სუფევს, მაშინ კი თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, იმასაც იქ ატარებდნენ და მექორწინეებსაც…
***
ხელი კი მოაწერეს, მაგრამ, რამდენიმე თვე, სანამ ნუნუ სკოლას დაამთავრებდა, მათ ერთად არ უცხოვრიათ. თავიდან ამ ამბის შესახებ არავისთვის არაფერი უნდა ეთქვათ, მაგრამ გოჩამ საიდუმლო არ შეინახა – ნუნუს დედას იმავე საღამოსვე ახარა ქალიშვილის გათხოვების ამბავი, ორიოდ დღეში ფილმის „ჩრდილი გზაზე“ გადაღების დროს კი დაქორწინებას ყველა გულწრფელად ულოცავდა.
მშვენიერ წყვილს მალე ქალიშვილი შეეძინა. გოჩას ძალიან უნდოდა, ბავშვისთვის ხათუნა დაერქმიათ, ნუნუს – მანანა. ცოლ-ქმარი კარგა ხანს დავობდა, ბოლოს გოჩამ დათმო, მაგრამ აკვანს რომ არწევდა, კარგა ხანს „ხა-თუ-ნა, ხა-თუ-ნას“ ეძახდა. სხვათა შორის, მანანამ გორში „მაია წყნეთელის“ გადაღებების დროს აიდგა თურმე ფეხი.
სამწუხაროდ, გოჩას და ნუნუს ბედნიერი თანაცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ორწლიანი აღმოჩნდა. ქვეყანას მოედო ლეილა აბაშიძისა და გოჩას სიყვარულის ამბავი… ისინი დაშორდნენ….
ლეილა და გოჩა მხოლოდ მოგვარეები არ ყოფილან, ნათესავებიც იყვნენ დედისა და მამის მხრიდან. ნუნუ ლეილასთან მეგობრობდა და უხაროდა, რომ „ჭრიჭინა“ მისი ახლობელი იყო, ლეილაც მის თავს ყველას ისე აცნობდა, როგორც რძალს. ერთხელაც, თელავში იყვნენ გადაღებებზე, როდესაც ერთ-ერთმა მსახიობმა ნუნუს აცნობა, გოჩას დამბაჩა გაუვარდა, ძალიან ცუდად არის, სისხლი ეწამლებაო. გადაღებების დროს ცხენზე მჯდარა, ცხენი დამფრთხალა და გოჩას სადავე რომ მოუქაჩავს, ძალაუნებურად დამბაჩას გამოჰკრა თურმე ხელი. საფანტი მაჯასთან დაგროვებია. ექიმები რომ არ მიმხვდარიყვნენ და ეს ადგილი არ გაეჭრათ, ალბათ, მდგომარეობიდან ვერ გამოიყვანდნენ. სანამ ნუნუ გაბუნია თელავში ჩავიდოდა, ლეილამ გოჩა თავის ოთახში გადაიყვანა, რადგან მაღალი სიცხე ჰქონდა და ის უვლიდა. ისინი არავის გაუფრთხილებია, რომ გოჩასთან მისი მეუღლე ჩაფრინდა (მაშინ რაიონებში პატარა ვერტმფრენები დაფრინავდნენ). ნუნუ სასტუმროში რომ შევიდა, მთელი მომსახურე პერსონალი ლამის კედელთან აკრული დახვდა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. ალბათ, გარდაიცვალაო, – გაიფიქრა და სიმწრით შეაღო ოთახის კარი. საბედნიეროდ, მეუღლე საღ-სალამათი იხილა, მაგრამ… პაწაწინა ოთახში ორი საწოლი იდგა, გოჩა იწვა და გვერდით ლეილა ჰყავდა ჩამომჯდარი. რომ მცოდნოდა, უკვე კარგად ხარ, ასე ვერ გავრისკავდი, ბავშვს ვერ დავტოვებდიო, უთხრა ქმარს. ლეილა ხელებზე კოცნიდა, ეფერებოდა, ამშვიდებდა, გოჩა კი ეუბნებოდა: აქედან არ გაგიშვებ, რომ წახვიდე დავიღუპებიო… წამოვიდა… გოჩა სულ ეხვეწებოდა შემირიგდიო, ერთხელ ტაქსითაც კი იტაცებდა, მაგრამ მძღოლმა მანქანიდან გადმოყარა – პრობლემები არ მჭირდებაო. „ვერაფრით დააჯერა, რომ მისი ცოლი ვიყავი“, – ამბობს ქალბატონი ნუნუ, რომელმაც მეუღლეს ღალატი ვერ აპატია, პატარა მანანას ხელი მოჰკიდა და სახლიდან წავიდა…
ქალბატონო ნუნუ, იმაზე თუ გიფიქრიათ, გოჩასთვის რომ გეპატიებინათ, როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრების გზა?
კი, როგორ არა. მე მაშინ თვითონაც ბავშვი ვიყავი, ამბიციური… ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ალბათ, რაღაც უნდა აიტანო, თუნდაც შვილის გულისთვის…
გოჩას თქვენთან სიკვდილის შესახებ არასოდეს უსაუბრია?
არა, არასოდეს… მხოლოდ ერთხელ, სიყვარული რომ ამიხსნა, მაშინ თქვა, უარს თუ მეტყვი, თავს არ ვიცოცხლებო, არადა, უარი ვუთხარი. სიყვარული რომ გაგივლის, მაშინ მოდი, ძმასავით გიყურებ და სხვანაირად როგორ შემოგხედო, ან რა დროს ჩემი გათხოვებაა-მეთქი. ჩემგან რომ წავიდა, მერე თურმე მისი მეგობარ სოსო ხელაშვილი ძლივს იჭერდა, ხიდიდან ხტებოდა, თავის მოკვლა უნდოდაო… ეს იყო და ეს…
***
გოჩა აბაშიძემ თავი მაინც მოიკლა… 24 წლის ასაკში საწამლავი დალია და ამ ცხოვრებას გაერიდა. ამბობდნენ, რომ მან თავი ლეილა აბაშიძის გულისთვის მოიწამლა. ასე ეგონა ქალბატონ ნუნუსაც, მაგრამ… გვიან გაიგო, რაც მოხდა და არ დაუმალავს: „მართალია, ლეილას ჩვენი ოჯახის დანგრევაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ გოჩას სიკვდილში ვერ დავადანაშაულებ“, – მითხრა მან.
თითქოს გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, მაგრამ გოჩა აბაშიძეს მძიმე ბავშვობა ჰქონდა გადატანილი: მამა დაპატიმრებული ჰყავდა – გადასახლებაში. გადასახლებიდან ავადმყოფობის გამო გამოუშვეს, მაგრამ სახლში ძალიან ცუდი მდგომარეობა დახვდა: მეგობარს, რომელსაც თავისი ოჯახი ჩააბარა, მის ცოლთან ჰქონდა ურთიერთობა – ქალი მასთან იყო წასული. ბავშვების გამო ყველაფერს გაპატიებ, ოღონდ დაბრუნდიო, უთხრა, მაგრამ გოჩას დედა არ დაბრუნდა. ისედაც ავადმყოფი კაცი ამგვარმა სიტუაციამ კიდევ უფრო დაამძიმა და მალე გარდაიცვალა. გოჩას მეგობრები ეუბნებოდნენ ხოლმე, მამის მკვლელს სახლში როგორ უშვებო. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო… დედა უზომოდ უყვარდა, – ის მისთვის ყველაფერი იყო, მაგრამ მამინაცვალი ვერ მიიღო… მეუღლესთან ოფიციალურად არა, მაგრამ მაინც გაცილებული იყო… ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ „თეთრ ქარავანში“ იღებდნენ, მთავარ როლზე იყო დამტკიცებული და მოულოდნელად როლიდან მოხსნეს. არადა, ვალი ჰქონდა. მანქანა იმ იმედით გაყიდა, რომ გადაღებებიდან ფულს აიღებდა, დაამატებდა და ახალს იყიდდა. სომეხმა კაცმა, ვინც ეს მანქანა შეიძინა, ფულის საკმაოდ დიდი ნაწილი გადაუხადა, ნაწილი კი გაფორმების შემდეგ უნდა მიეცა. აღმოჩნდა, რომ ამ კაცს მანქანა ვერ გადაუფორმებია, უკან დაუბრუნებია და გოჩასთვის ფული მოუთხოვია, რომელიც ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონია. მოვალე თურმე სადარბაზოში უდარაჯებდა გოჩას, რომელიც სახლში ფანჯრიდან შედიოდა. შემდეგ კინოსტუდიაში მისულა და ავანსი უთხოვია, რათა ვალის ნაწილი მაინც დაეფარა, მაგრამ იქ უთქვამთ, რა ავანსი, როლიდან მოხსნილი ხარო. გაგიჟებულა, რადგან დიდხანს, ლამის წელიწად-ნახევარი უხელფასოდ რჩებოდა – როლები უკვე განაწილებული იყო და მას ვეღარც სხვა ფილმში აიყვანდნენ. როგორც ჩანს, კინოსტუდიის დირექტორს უთხრა, თავს აღარ ვიცოცხლებო, რადგანაც მათ საუბარს მდივანი ქალი შეესწრო და მან გაიგონა დირექტორის სიტყვები: „შენ კი არა, შავგულიძე მოკვდა და თან არავინ გადაჰყოლია“. გოჩა გიჟივით გამოვარდნილა დირექტორის კაბინეტიდან. ამ დროს მისაღებში ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე ყოფილან. დევის ლეილასთვის უთქვამს, გაჰყევი, თავს არაფერი აუტეხოსო. ლეილაც გაჰყოლია. გოჩა სახლში რომ მისულა, აივანზე ვაზის შესაწამლად გამზადებული შაბიამანი დაუნახავს და ის დაულევია… ლეილას მეზობელი ბიჭი შეუგზავნია მასთან, უთხარი, ლეილა გელოდება, გარეთ გამოვიდესო. რას გავიდოდა?… სასწრაფო გამოიძახეს, და ლეილაც რომ ჩაჯდა იმ სასწრაფოში, როგორც ჩანს, ამის გამო დააბრალეს მას, გოჩამ თავი ლეილას გამო მოიკლაო… არადა, ძირითადი მიზეზი როლიდან მისი გათავისუფლება იყო…
საავადმყოფოში რამდენიმე დღე იცოცხლა. სიკვდილის წინა დღეს მეგობრებთან ერთად უმღერია კიდეც, – ეგონა გადავრჩიო, მაგრამ… ნაწლავები სულ დაფლეთილი ჰქონდა… ექიმებს მისთვის კუჭის ოპერაცია რომ გაეკეთებინათ, ალბათ, გადარჩებოდაო, მერე ამბობდნენ. სახლში რომ მიასვენეს, ნუნუ გაბუნია მაშინ მივიდა, მერე კი აღარ გამომშვიდობებია… დღეს უკვე ცნობილი კომპოზიტორი აღიარებს: „ალბათ, უნდა მეპატიებინა და ვინ იცის, იქნებ ახლა ცოცხალი ყოფილიყო, ჩემს შვილს მამა ეყოლებოდა“.
გოჩასთვის თუ გაქვთ რომელიმე სიმღერა მიძღვნილი, ქალბატონო ნუნუ?
ჩემი პირველი ნაწარმოებები, ფაქტობრივად, გოჩასთვის მაქვს მიძღვნილი. სხვათა შორის, ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც მაშინ დავწერე, როცა გოჩასთან უკვე გართულებული მქონდა ურთიერთობა, რამდენიმე წლის წინათ ჩავწერე – „და ის, რომ ჩემი არ იქნები, არ მინდა ვიცოდე“, – ლია ახობაძის ლექსზე.
***
24 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობი ხალხის მეხსიერებაში მარადიულ ჭაბუკად დარჩა და ალბათ, კვლავაც დიდხანს ემახსოვრებათ როგორც მისი სახასიათო კინოგმირების, ისე არაჩვეულებრივი მეუღლისა და სასიყვარულო სკანდალის გამო.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები