როგორ გამოიყურება საქართველოს წარმომადგენელი „ევროვიზიის“ დიდ სცენაზე – პირველი კადრები ირუ ხეჩანოვის რეპეტიციიდან
ირუ ხეჩანოვი უკვე ლივერპულშია და რეპეტიციებს „M@S bank არენაზე“ გადის, სადაც 2023 წლის „ევროვიზიის“ კონკურსი გაიმართება. 21 წლის მომღერალი 160 მილიონი მაყურებლის წინაშე საქართველოს წარადგენს.
ახალგაზრდა ქართველმა შემსრულებელმა ევროვიზიის საგზური მუსიკალურ კონკურს Voice-ში გამარჯვებით მოიპოვა. ირუ ჯგუფ „ქენდის“ ყოფილი წევრია, რომელმაც 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვება მოუტანა.
„ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველო ფინალში გავიდეს. ყველანაირად ვეცდები, მაქსიმუმი დავდო სცენაზე და გულშემატკივრების დიდი იმედი მაქვს, განსაკუთრებით, ემიგრანტების, რადგან საქართველოდან ხმის მიცემის საშუალება არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ერთ ზარს მაინც გამომიშვებენ. ერთად გადავიყვანოთ საქართველო ფინალში“, – განაცხადა ირუმ ლივერპულში გამგზავრების წინ.
უკვე გავრცელდა კადრები „ევროვიზიის“ პირველი რეპეტიციიდან. ქორეოგრაფია, ვიზაჟი, განათება – ყველაფერი ირუს სასცენო იერსახეზეა მორგებული.მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან უხდება ქართველი დიზაინერის, მარიკა ქურდუბაძეს შექმნილი ეფექტური თეთრი სამოსი.
@eurovision This thing is known…Iru’s first rehearsal was breathtaking 🫢 🇬🇪 #Eurovision2023 #Eurovision @IruKhechanovi
ირუ სრულ „საბრძოლო“ მზადყოფნაშია და ამბობს, რომ „ყველა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა“, მოიგო და ამასაც მოიგებს.
ირუ ხეჩანოვი „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალურ ტურში, 11 მაისს შეასრულებს საკონკურსო სიმღერას Echo. ფინალი კი 13 მაისს გაიმართება და შოუს პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველო კონკურსის მოგებას მეთხუთმეტედ შეეცდება. აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, ხოლო 2011-ში ჯგუფმა Eldrine-მა დაიკავეს.
2023 წელს „ევროვიზია“, კონკურსის წესდების თანახმად, უკრაინაში უნდა გამართულიყო შარშან უკრაინელი მომღერლის გამარჯვების შესაბამისად, თუმცა ომის გამო წელს ეს პატივი მეორე ადგილზე გასულ ბრიტანეთს ხვდა წილად. „ევროვიზიის“ 67-ე კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს. ფესტივალი ლივერპულში 9 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები