აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე მიგრანტების ნაკადის გაზრდის მოლოდინის გამო უსაფრთხოების გასაძლიერებლად მოქმედი არმიის 1500 სამხედროს გაგზავნის. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში პენტაგონის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა გააკეთა.
„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, ამერიკელი სამხედროები შეუერთდებიან იმ 2 500 გვარდიელს, რომლებიც მესაზღვრეებს უკვე ეხმარებიან სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების დაცვაში.
საქმე ისაა, რომ 11 მაისს იწურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული რეგულაციის, ე. წ. Title 42-ის მოქმედების ვადა, რომელიც აშშ-ის მთავრობას არალეგალური მიგრანტების დაუყოვნებლივი დეპორტაციის უფლებას აძლევს. ამის შემდეგ ხელისუფლება მიგრანტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას ელოდება. აშშ-ის სასაზღვრო სამსახურში ვარაუდობენ, რომ 11 მაისის შემდეგ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობათა რიცხვი გაორმაგდება და დღეში 10-11 ათასს მიაღწევს.
ბოლო დღეებში არალეგალ მიგრანტთა დიდი ნაკადი უკვე შევიდა ელ პასოში (ტეხასის შტატის სასაზღვრო ქალაქი მდინარე რიო გრანდეზე; ქალაქი სამი შტატის – ამერიკული ტეხასის და ნიუ მექსიკოს და მექსიკური ჩიუაუას – საზღვარზე მდებარეობს; მდინარე რიო გრანდეზე გადის საზღვარი მექსიკასთან). ადგილზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ სასაზღვრო ქალაქის ცენტრში, ეკლესიის გარშემო ასობით ადამიანია თავმოყრილი, რომლებმაც თავშესაფრებში ადგილი ვერ იპოვეს.
ქალაქის მერის მოადგილე მარიო დ’აგოსტინო ამბობს, რომ სიუდად ხუარესში, რიო გრანდეს მეორე ნაპირზე, დაახლოებით 35 ათასი მიგრანტი ელოდება აშშ-ის საზღვრის გადაკვეთას.
ბაიდენის ადმინისტრაცია მთელი ძალებით ცდილობს, მოემზადოს იმისთვის, რომ 11 მაისს სტატია 42-ის მოქმედების დასრულების შემდეგ მიგრანტების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება. იმავე დღეს მთავრდება Covid-19-თან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო რეგულაცია, Title 42, რომლის ძალითაც მიგრანტებს უკან აბრუნებენ მექსიკაში მანამ, სანამ ისინი თავშესაფარს მოითხოვენ. ბაიდენის ადმინისტრაცია შეეცადა, ამ რეგულაციის მოქმედება შეეწყვიტა, მაგრამ სასამართლოებში ეს მცდელობა დაიბლოკა.
ამჟამად ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, აშშ-ში არალეგალურად შესული მიგრანტების უმეტესობა დაუყოვნებლივ უკან დააბრუნოს თავიანთ წარმოშობის ქვეყნებში და არა მექსიკის გავლით, მაგრამ ამ პოლიტიკას სწრაფი შედეგი არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ სასაზღვრო სამსახური ისე გადაიტვირთება, რომ ვერ შეძლებს მიგრანტების დროულად გაფორმებას დეპორტაციისთვის.
ამერიკელი ჩინოვნიკის, პეტ რაიდერის განმარტებით, თავდაცვის სამინისტრო დროებით, 3 თვის ვადით სამხრეთ საზღვარზე 1500 სამხედრო მოსამსახურეს გზავნის ადგილზე საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების გასაძლიერებლად. მანამდე პენტაგონმა უკვე გაგზავნა 2500 სამხედრო მოსამსახურე შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს მოთხოვნით.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ამერიკული ჯარების პირველი კონტინგენტი, რომელიც საზღვაო ქვეითებისა და ჯარისკაცებისგან შედგება, უკვე 10 მაისს ჩავა ადგილზე.
ცნობისათვის: ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს აშშ-ის სამხრეთ საზღვარი არალეგალურად 2,76 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები