ვიდეოხელოვნებაარტისტი

ნუცას ბრწყინვალე, თუმცა ბოლო გამოსვლა AMERICAN IDOL-ში – „შენ უკვე ხარ ვარსკვლავი“ (ვიდეო)

„ნუცამ რეალურად შეცვალა ამ უზარმაზარი ტელეშოუს 25-წლიანი ისტორია და შეაღო ამ პრესტიჟული კონკურსის კარი ახალგაზრდა ტალანტებისთვის მთელი დანარჩენი მსოფლიოდან!“

დღეს, პირველ მაისს (თბილისის დროით, ამერიკის დროით – 30 აპრილს) ნუცა ბუზალაძე კიდევ ერთხელ გამოვიდა ამერიკული მეგაშოუს American Idol-ის ცოცხალ კონცერტზე და ბრწყინვალედ შეასრულა ბრიტანული როკბენდის, „ქვინის“ ცნობილი სიმღერა The Show Must Go On. კონცერტის მსვლელობისას 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ხმის მიცემა. სამწუხაროდ, ნუცამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო იმისათვის, რომ Top 10-ში მოხვედრილიყო და გაეგრძელებინა გამარჯვებისთვის ბრძოლა.

„22 მილიონი ხმა შემოვიდა, როგორ შეიძლება, რომ ქართველმა ემიგრანტებმა, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ, აჯობონ 22 მილიონ ადამიანს, ეს არ იყო რეალური, თუმცა ის ფაქტი, რომ Top 12-ში ვარ, ძალიან მახარებს.

თავს ვგრძნობ გამარჯვებულად.

ერთადერთი, მინდა, რომ ვისაც ჩემ მიმართ აგრესია ჰქონდა, რაც შეიძლება მალე დაინახონ, რომ ძალიან ცდებოდნენ,

ჟიურის რჩეული გავხდი პროექტში, არა მარტო ჟიურის, პროდიუსერების… ვერ აგიწერთ, როგორი სიყვარული იყო ამ პროექტში ჩემ მიმართ და ეს გამყვება მთელი ცხოვრება“, – ამბობს ნუცა გულშემატკივრებისადმი ვიდეომიმართვაში და უზარმაზარ მადლობას უხდის ყველას, ვინც კონკურსის მიმდინარეობისას მხარს უჭერდა.

შეგახსენებთ, რომ ნუცამ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერც წინა ტურში მიიღო, მაგრამ იგი ჟიურიმ შეიყვანა 12 საუკეთესოში.

„ვულოცავ ნუცა ბუზალაძეს ფანტასტიკურ გამოსვლას დღევანდელ ტურში და, ზოგადად, მთელ პროექტში. მისი გამოსვლა იყო უაღრესად გამორჩეული, ღირსეული და ხარისხიანი.

იყო რა პირველი უცხოელი, რომელიც ამ კონკურსის საფინალო ლაივ შოუების ეტაპზე გავიდა, ნუცამ რეალურად შეცვალა ამ უზარმაზარი ტელეშოუს 25-წლიანი ისტორია და შეაღო ამ პრესტიჟული კონკურსის კარი ახალგაზრდა ტალანტებისთვის მთელი დანარჩენი მსოფლიოდან!

ნუცასთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს, რომელმაც ნუცას დახმარებით გაანგრია უზარმაზარი ყრუ კედელი და დაფიქსირდა მსოფლიოს უმსხვილესი და წამყვანი ამერიკული მუსიკალური ბაზრის რუკაზე, რაზეც მანამდე ოცნებაც კი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა.

თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ამერიკული ტელეაუდიტორია (ყოველ შემთხვევაში მისი დიდი ნაწილი) არც მენტალურად და არც მორალურად არ აღმოჩნდა მზად არაამერიკელი კონკურსანტის მისაღებად და პირიქით – ნუცას უნიჭო მეწყვილის, კარინა დიანჯელოს სპეკულაციური პროვოკაციის გამო ფსიქოლოგიური წნეხის და ბულინგის ქვეშ მოაქცია ნუცა, თუმცა ამ სიტუაციაში ნუცა უაღრესად ღირსეულად მოიქცა და სტრესულ სიტუაციას კარგად გაართვა თავი. ეს ფაქტიც მის მებრძოლ ხასიათზე მიუთითებს.

დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც რამოდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში გადაბმულად მუშაობდნენ ნუცასთვის მისაცემი ხმების მობილიზაციისათვის. განსაკუთრებული მადლობა ცნობილ ქართველებს სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით ჩაერთნენ ნუცას მხარდამჭერ კამპანიაში.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჟიურის წევრების პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული კეთილგანწყობა ნუცას მიმართ. მე ასე ვიტყოდი: წინა ტურში მათ არა მარტო გადაარჩინეს ნუცა, არამედ ირიბად აგრძნობინებდნენ, რომ ნუცა ამ შოუში ნიჭით, პროფესიონალიზმით და შრომისმოყვარეობით აბსოლუტურად გამორჩეული კონკურსანტი იყო.

როგორც ლაიონელ რიჩიმ ბოლო გამოსვლაში აღნიშნა, რომელ ადგილზეც არ უნდა გასულიყო ნუცა, მან American Idol-ის მრავალმილიონიან ტელეაუდიტორიას დაანახა, რომ ის არის უკვე შემდგარი ვარსკვლავი და აბსოლუტურად მზადაა ამერიკულ შოუ-ბიზნესში მუშაობისათვის!“ – წერს კომპანია „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.

ნუცა ყაველაშვილი

p. s. ნუცა ბუზალაძე American Idol-ში კიდევ ერთხელ იმღერებს, მაგრამ უკვე არა როგორც კონკურსანტი – იგი  ფინალურ შოუში გამოვა სცენაზე და ერთ-ერთ ცნობილ მომღერალთან ერთად შეასრულებს სიმღერას. ამის შესახებ ნუცამ ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს თავად განაცხადა. მისი თქმით, შოუში ასეთი წესია, რომ ფინალურ კონცერტზე ტოპ-12-ში შესული ყველა მონაწილე იმღერებს.

American Idol-ის ფინალი 25 მაისს გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close