ფსიქოლოგიარჩევები

როგორ გავუმკლავდეთ სინანულს?

სინანულის დროს ხშირად საკუთარ თავს ვადანაშაულებთ და ვფიქრობთ, რომ პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში რაღაცები სხვაგვარად უნდა გაგვეკეთებინა – არ გამოვიყენეთ კონკრეტული შესაძლებლობა, რაღაცები არ გავრისკეთ ან არ ვუთხარით სხვებს, რას ვგრძნობდით მათ მიმართ. კვლევის თანახმად, ჩვენ უფრო მეტად იმ საკითხებზე ვწუხვართ, რაც არ გაგვიკეთებია და არა იმაზე, რაც უკვე გავაკეთეთ… 

ექსპერტების თქმით, სინანულის მიზანი ჩვენი შეცდომების დადგენაა, რათა მომავალში მათი გამეორებისგან დაზღვეული ვიყოთ. იმის შემჩნევით, თუ რა შეგვეშალა, ჩვენივე პიროვნული ზრდისა თუ განვითარებისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია.

დაასრულეთ და გადადით რაღაც ახალზე

ეს არის დაუმთავრებელი საქმის გადაჭრის, რაღაც სიტუაციის ან მოვლენის დასრულების პროცესი. როცა ადამიანები გრძნობენ, რომ კონკრეტული ამბავი დასრულდა, ისინი ნაკლებად ნანობენ წარსულზე. მართალია, სინანული შეიძლება კორექტული ქმედების ძლიერი მოტივატორი იყოს, მაგრამ ეს მეტად ეფექტური მოკლევადიან პერსპექტივაშია მანამ, სანამ მივხვდებით, რომ სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა დავკარგეთ…

დაიცავით დისტანცია

აქ იმაზე ვისაუბრებთ, რასაც ფსიქოლოგები მოტივირებულ მსჯელობას უწოდებენ – კოგნიტიური პროცესი, რომელშიც ინფორმაციის ინტერპრეტაციას ჩვენივე რწმენების შესაბამისად ვახდენთ. ამ პროცესს კი ზოგჯერ მიკერძოებულ აზროვნებამდე მივყავართ. შესაბამისად, ვერც სამართლიან გადაწყვეტილებებს ვიღებთ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ადამიანებს მიზნისა და მიმართულების პოვნაში ეხმარება. მაგალითად, თუ ვინმეს სურს, კარიერაში წარმატებას მიაღწიოს, ის მოტივირებულ მსჯელობას მიმართავს, რათა დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ კონკრეტული ქმედებები მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

ამასთან, მოტივირებული მსჯელობა ნეგატიურ სიტუაციებში უფრო პოზიტიური დასკვნების გაკეთებაში გვეხმარება და დისტანცირებას გვთავაზობს იმ ტკივილისგან, რომელსაც მსგავსი გარემოებები წარმოშობს. გამოდის, ცუდ სიტუაციას თუ იმ გზებით განვიხილავთ, რომლებიც თავს უკეთ გვაგრძნობინებს, ასე სინანულის ინტენსივობის შემცირებასაც შევძლებთ. მეტიც, მოტივირებული მსჯელობა ნეგატიურ და ტრავმულ მოვლენებს გვაშორებს. დისტანცია კი საშუალებას გვაძლევს, დავაფასოთ ის, რაც ხდება და  სინანულის ნებისმიერი შეგრძნებაც ვმართოთ.

მიმართეთ ე. წ. დაყოფის მეთოდს

დაყოფა, იგივე ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის ერთმანეთისგან განსხვავებულ მენტალურ ნაწილებად განცალკევება, სტრესის მართვისა და ჩვენი ცხოვრების კონტროლის საშუალებას გვაძლევს. თავდაცვის მექანიზმსაც წარმოადგენს, რომელსაც მაშინ ვიყენებთ, როცა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები და ემოციები ცნობიერად თუ არაცნობიერად დანაწევრებულია ან ერთმანეთისგან იზოლირებულია ჩვენს გონებაში.

ამ მეთოდით თქვენი სინანულის დონეც შეიძლება შემცირდეს იმ უარყოფითი გამოცდილებებისა და გადაწყვეტილებების თავიდან არიდებით, რომლებიც ცხოვრების ერთ კონკრეტულ სფეროში მიიღეთ. მაგალითად, თუ სამსახურში რაღაც არასწორად გააკეთეთ, არ დაუშვებთ, რომ ამან თქვენს პირად ცხოვრებასა თუ სამუშაოს სხვა ასპექტებზე იქონიოს გავლენა.

გამოდის, როცა ჩვენი აზრებისა და ემოციების დაყოფა შეგვიძლია, კომპლექსურ პრობლემებს უკეთ ვუმკლავდებით და შემოქმედებითადაც ვფიქრობთ. ცხოვრებაში სამსახურისა და ოჯახის განცალკევებით კი შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ თითოეულის მოთხოვნებით გადატვირთვა. ეს ფოკუსირებასა და პროდუქტიულობაში გვიწყობს ხელს, თანაც, პირადი ცხოვრების უგულებელყოფის გარეშე.

დაყოფის პროცესი მიზნების განსაზღვრასა და მიღწევაშიც გვეხმარება. დიდი მიზნების პატარა ნაწილებად, უფრო მართვად ამოცანებად დაყოფით დიდ პროგრესსაც ვაღწევთ. შესაძლოა, ეს ყველა პრობლემის პასუხად არ გამოდგებოდეს, მაგრამ ნამდვილად ღირებული იარაღია ჩვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში ბალანსის შენარჩუნებისა და წარმატების მიღწევისთვის.

დაბოლოს, ამ სტრატეგიების გამოყენებით, ნეგატიურ ემოციებს ზრდის საშუალებად და ცვლილებების ძლიერ მოტივატორად აქცევთ…

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close