ფსიქოლოგიაშეუცნობელი

რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში – ფსიქიატრის განმარტება

სიზმარი საინტერესო ფენომენია. ადამიანს ყველა დროში აინტერესებდა, თუ რა იყო იგი, საიდან მოდიოდა ადამიანის გონებაში. მიუხედავად უამრავი დაკვირვებისა, მოსაზრებისა თუ ცდისა, სიზმარი მაინც ამოუხსნელ ფენომენად რჩება.

რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში – ფსიქიატრი ლაშა კილაძე გადაცემა „შუადღეში“ სიზმრის ფენომენზე საუბრობს:

„სიზმარი ჩნდება ძილის იმ ფაზაში, რომელსაც ჰქვია სწრაფი ან პარადოქსული ძილი. ძილშიც გამოიყოფა სხვადასხვა სახის ციკლი. იწყება ეს ციკლი ფენომენით, რომელსაც ჰქვია ნელი ძილი და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მას მოჰყვება სწრაფი ან პარადოქსული ძილის ფაზა, როდესაც ვეგეტატიური ნერვული სისტემა ფუნქციონირებს და როდესაც ადამიანი სიზმარს ხედავს. შემდეგ მოდის ისევ ნელი ფაზა, ისევ სწრაფი ფაზა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ადამიანი ღამის განმავლობაში დაახლოებით 5 ამგვარ ციკლს გაივლის და 5 სიზმარს ხედავს.

სხვათა შორის, სწრაფი ძილი არის ყველაზე დიდი რისკის მატარებელი იმიტომ, რომ როდესაც დააკვირდნენ ინსულტებისა და ინფარქტების განვითარების დინამიკას, ყველაზე ხშირად ეს ხდება სწრაფი ძილის ფაზაში“, – ამბობს ფსიქიატრი.

რის მიხედვით გვამახსოვრდება სიზმრები?

თეორიები უამრავი არსებობს. მათ შორის, თანამედროვე თეორიით, ეს არის არაცნობიერიდან წამოსული იმპულსები, ანუ ანატომიურად თავის ტვინის ქერქის დაბალი ნაწილებიდან წამოსული იმპულსები, რომელიც შემდეგ თავის ქერქში პროეცირდება. ფსიქოანალიზისა და ფროიდის თეორიას თუ განვიხილავთ, ეს არის თეორია, რომლის მიხედვითაც ბრუნდება ის ემოციები და ის სიტუაციები, რომლებიც ცნობიერმა არაცნობიერში განდევნა. სიზმრის დამახსოვრების მთავარი კრიტერიუმი – ემოციაა. სიზმარი გვამახსოვრდება ემოციით, თუ მას მოჰყვება მძაფრი ემოცია, სწორედ ასეთი სიზმარი გვამახსოვრდება იმ ხუთიდან, რომელიც ღამის განმავლობაში ვნახეთ.

არსებობს თუ არა სიზმრის მართვის ფენომენი?

არსებობს ასეთი ტექნიკა, თერაპიაში გამოიყენება ნევროზული რეესტრის აშლილობის დროს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურადაა მიჩნეული. არის თეორიები, რომლებიც ამას პირდაპირ მავნებლობად და უხეშ ინტერვენციად აღიქვამენ, მაგრამ არიან მეცნიერები, რომლებიც ამას პრაქტიკაში ეფექტიანად იყენებენ. სიზმრის მართვის თემა გახლავთ ერთ-ერთი შესაძლო ინსტრუმენტი კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ.

რაზეა დამოკიდებული სიზმრის გამეორება?

ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ფიზიოლოგიურ მდგენელებზე. როდესაც კოშმარები გვესიზმრება, მაშინ ადამიანების უმრავლესობას მარცხენა მხარეს სძინავს ხოლმე. ფიზიოლოგიურად მარცხენა მხარეს გულია, შესაბამისად, მასზე დაწოლის დროს ჰაერის უკმარისობის ფენომენი ვითარდება, ადამიანს ესიზმრება, რომ განსაცდელშია, გული უჩქარდება, გარბის, ვერ გარბის, ბავშვობის შიშები და ასე შემდეგ, ამ მოცემულობაში პროვოცირდება.

მოუხერხებელ მდგომარეობაში ძილის დროს შესაძლოა დაგვესიზმროს, რომ ვიღაცამ ტრავმა მოგვაყენა ან სხეულის კონკრეტული ნაწილი დავიზიანეთ, შემდეგ დილას აღმოჩნდება, რომ ნამდვილად დაზიანებული გვაქვს. კარგი ძილი და დალაგებული ემოციური ფონი სასიამოვნო სიზმრების წინაპირობაა.

რატომ ხდება სიზმრები წინასწარმეტყველური?

მახსენდება ჩინური იგავი – ბრძენს დაესიზმრა, რომ იყო პეპელა, შემდეგ გამოეღვიძა და აღარ იცოდა, ეს ბრძენი იყო, რომელსაც დაესიზმრა, რომ პეპელა იყო თუ პეპელა იყო, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ბრძენი – ეს შეკრული წრეა. ბორხესი ამბობდა, რომ სიზმარი – ეს არის მხატვრული ნაწარმოები ყველაზე არქაულ და ღმერთებთან ყველაზე მიახლოებულ ენაზე, ამიტომ ეს ფენომენი იმდენად საინტერესო და ლამაზია, რომ ერთმნიშვნელოვნად ვერც ფიზიოლოგია ახსნის ამას, ვერც ფსიქოლოგია, ვერც ფსიქიატრია. ეს ადამიანის ბუნების ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და ლამაზი ნაწილია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close