ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

აშშ-მა გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ ცდილობენ რუსული ავიაგამანადგურებლები ამერიკული დრონის დაზიანებას შავი ზღვის თავზე

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ Су-27-ის მოდელის რუსული სამხედრო თვითმფრინავები ამერიკული მზვერავი დრონის, MQ-9 Reaper-ის ჩამოგდებას. ინციდენტი 14 მარტს მოხდა.

პენტაგონის ცნობით, ვიდეომასალაში ჩანს კრიტიკული მომენტები, რომელიც 30-40 წუთს გაგრძელდა. ვიდეო დრონმა ჩამოგდებამდე გადაიღო.

ვიდეოში ჩანს, როგორ ასხამენ საწვავს რუსული ავიაგამანადგურებლები ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს. შემდეგ რუსული გამანადგურებელი აპარატს ეჯახება და მის პროპელერს აზიანებს.

რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ განზრახ დაზიანების გამო დრონი უმართავი გახდა, ამიტომ ამერიკულმა სარდლობამ მისი ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო. უპილოტო აპარატი შავ ზღვაში ჩავარდა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ინციდენტის მიუხედავად აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები შავი ზღვის თავზე ფრენებს გააგრძელებენ.

მისი თქმით, აშშ-ის საჰაერო ხომალდები ამ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში წელიწადზე მეტია დაფრინავენ.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკული დრონი რუსეთის საჰაერო სივრცეში დაფრინავდა.

„რუსეთის საჰაერო ძალების კონტროლის სისტემებმა დააფიქსირა ამერიკული თვითმფრინავი, რომელიც შავ ზღვაზე, ყირიმის ნახევარკუნძულთან, რუსეთის სახელმწიფო საზღვრისკენ დაფრინავდა. უპილოტო თვითმფრინავი დაფრინავდა გამორთული ტრანსპორდერებით, საჰაერო სივრცეში არღვევდა დროებითი შეზღუდვების საზღვრებს, რომლებიც დაწესებულია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად…“ – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის საგარეო უწყებაში აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი დაიბარეს.

ტელეკომპანია „სიენენი“ იტყობინება, რომ დრონის ჩამოვარდნის ადგილის სიახლოვეს რუსული სამხედრო ხომალდების აქტივობა შეინიშნება და შესაძლოა რუსები წყლიდან დრონის ნარჩენების ამოღებას ცდილობდნენ.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარკ მილის თქმით, დრონის ამოტანის ნებისმიერი ოპერაცია ტექნიკურად ძალიან რთული იქნება. ამ მხარეში სავარაუდოდ, სიღრმე 1219-დან 1524 მეტრამდეა და განსაზღვრას შესაძლოა, რამდენიმე დღეც დასჭირდეს. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკვე იზრუნა კონფიდენციალური სადაზვერვო ინფორმაციის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად იმ შემთხვევაში, თუ რუსები Reaper-ის ზღვიდან ამოტანას შეძლებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close