მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

როდის და რატომ მღერიან კლდეები? – უცნაური, აუხსნელი მოვლენა (ვიდეო)

ამერიკაში, პენსილვანიის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით არის კლდეები, რომლებსაც „მომღერალს“ უწოდებენ. ეს სახელი მათ შემთხვევით არ მიუღიათ. საკმარისია კლდეს ჩაქუჩი შემოჰკრათ, რომ ისინი უცნაურ მჟღერად ხმას გამოსცემენ. 

არის კიდევ ერთი უცნაურობაც: ქვიანი ადგილების უმეტესობა მთის დაშლისა და მეწყრის ჩამოსვლის შედეგად წარმოიქმნება. პენსილვანიის პარკის „მომღერალი“ ქვები კი არა მთის ძირში და არც ფერდობზე, არამედ მწვერვალზეა გაფენილი. მყინვარები აქ არასდროს ყოფილა. როგორ მოხვდა ქვები მთის წვერზე, საიდუმლოდ რჩება.

აგრეთვე,  ამ მხარეში თითქმის არ არის მცენარეულობა და ცხოველები – მწერებიც კი არ ბინადრობენ მჟღერ კლდის ნატეხებს შორის. ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ამ ადგილას კომპასიც არ მუშაობს, მაგრამ რაიმე მაღალი  გამოსხივების, ანომალიური მაგნიტური ველის ან უცნაური ელექტრომაგნიტური აქტივობის კვალი ამ მიდამოებში არ ფიქსირდება.

„მომღერალი“ კლდეებისა და ქვების შესახებ ამერიკაში გადასახლებულმა ევროპელებმა ინდიელებისგან 1700-იან წლებში შეიტყვეს. მას შემდეგ მეცნიერები ამ საოცარი საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ.  განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი კვლევები 1965 წელს ლაფაიეტის უნივერსიტეტის გეოლოგმა რიჩარდ ფაასმა დაიწყო. იგი თანამედროვე აპარატურას იყენებდა და აღმოაჩინა, რომ თითოეული ქვა დაბალი სიხშირის ბგერებს გამოსცემს, რომელთაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთქმედებით ქვების მიერ დარტყმისას გამოცემული ბგერები ადამიანსაც ესმის. ფაასმა ვერ შეძლო აეხსნა, თუ რატომ ხდება ასე.

არსებობს მოსაზრება, რომ ცხოველები და მწერები, რომლებიც კლდეებზე გადაადგილდებიან, ასევე მათ „ამღერებას“ იწვევენ, რის გამოც ისინი ფრთხებიან. ამ შემთხვევაში მთავარ როლს ალბათ ადამიანის ყურით აღუქმელი ბგერები თამაშობს…

ძალიან საინტერესო გამოდგა ამერიკელი მეცნიერის, ივენ  სანდერსონის კვლევები. მან აღმოაჩინა, რომ კლდეების სხვადასხვა ადგილიდან აღებული ნიმუშები ბგერების სრულიად სხვადასხვა სპექტრს გამოსცემენ – ერთნი მხოლოდ ერთ ნოტს, სხვები კი – მთელ აკორდებს, მაგრამ კლდის ამ ნატეხებს შორის რაღაც კავშირებიც არსებობს. სანდერსონმა სხვადასხვა ნიმუში ერთმანეთის გვერდით დაკიდა და აღმოაჩინა, რომ ასეთ მომენტში ყველა ქვა მხოლოდ ერთსა და იმავე ნოტს გამოსცემს. ამ მოვლენას ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს ვერც სანდერსონმა და ვერც სხვა მკვლევრებმა.

მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ამ ფენომენის მთავარი მიზეზი კლდეების შემადგენლობაა და მის დასადგენად ანალიზი არაერთხელ ჩატარდა, მაგრამ საიდუმლო ამ კვლევებმაც ვერ ამოხსნა. „მომღერალ“ კლდეებს ჩვეულებრივი შემადგენლობა აქვს – ისინი ვულკანური ნივთიერებისგან, დიაბაზისგან შედგება, რომელშიც უჩვეულო არაფერია.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კლდეები დედამიწის სხვა კუთხეებშიცაა შენიშნული და გეოლოგებისათვის დღემდე დიდ გამოცანას წარმოადგენს.

ინდიელთა რწმენით კი, ეს ხმები გარდაცვლილი წინაპრების სიმღერაა.

თამთა გურული

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close