საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის ადგილზე გადარჩენილთა ძებნა დასრულდა (ვიდეო)
ოფიციალური განცხადებით, სარკინიგზო ავარიის ადგილზე გადარჩენილთა ძებნა დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. 3-დღიანი ძებნის შედეგად 57 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი. 4 მარტს, დილით cnn.gr-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 54 გარდაცვლილის ცხედარი ამოცნობილია.
დღეს ლარისის სარკინიგზო სადგურის უფროსი მოსამართლის წინაშე წარდგება, რათა ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან სხვა სადგურის უფროსისგან შეჯახებამდე 17 წუთით ადრე მიიღო გაფრთხილება, რომ ორი მატარებელი ერთ ხაზზე მოძრაობდა ერთმანეთის მიმართულებით, თუმცა მედია იმასაც წერს, რომ მატარებლებში რადიოკავშირი არ მუშაობდა. ბერძნული „სიენენის“ ცნობით, ის ბრალეულობები, რომლებიც ლარისის სადგურის უფროსს აქვს წარდგენილი (გაუფრთხილებლობით არაწინასწარ განზრახული სერიული მკვლელობა და ადამიანთა სხეულის დაზიანება, ტრანსპორტის უსაფრთხოების დარღვევა) 10 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს სამშაბათს, 28 თებერვალს, 23:04 სთ-ზე შეეჯახა საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ლარისასთან ახლოს, ტემპიში, რის შედეგადაც 3 ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რა გახდა შეჯახების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
კატასტროფის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვა დაიწყო.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები