საბერძნეთი: მეტროს, ელექტრიკოს და რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ
ტემპიში სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა დადასტურებული რიცხვი 46-მდე გაიზარდა
Hellenic Train-ის მატარებლები დღეს, 2 მარტს 24 საათის განმავლობაში არ იმოძრავებენ. გაფიცვას ათენის მეტროს თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
რკინიგზის თანამშრომლების საერთობერძნული ფედერაციის განცხადებით, დღეს არცერთი მატარებელი არ გავა სადგურიდან.
Π.Ο.Σ.-ს განცხადებაში ნათქვამია:
„უგულებელმყოფელმა დამოკიდებულებამ, რომელსაც მთავრობები დიდი ხნის განმავლობაში იჩენდნენ საბერძნეთის რკინიგზის მიმართ, ტრაგიკულ შედეგამდე მიგვიყვანა ტემპიში. სამწუხაროდ, ჩვენი გამუდმებული თხოვნა მუდმივი პერსონალის დაკომპლექტებასთან, სწავლების გაუმჯობესებასა და, უწინარეს ყოვლისა, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ყოველთვის სანაგვეში აღმოჩნდებოდა ხოლმე. დღეს რკინიგზელთა ოჯახი უფრო ღარიბია. საბერძნეთი – უფრო ღარიბია. მომავალი დღე – ეს არის გააზრებისა და ჩვენი დაღუპული კოლეგების გამო გლოვის დღე“.
გუშინ, გვიან საღამოს ათენის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირმა ΣΕΛΜΑ-მ ტემპიში მომხდარი მასშტაბური სარკინიგზო ავარიის საპასუხოდ, აგრეთვე, გაფიცვა გამოაცხადა 2 მარტს, დილის 6 საათიდან 24 საათამდე .
მათი თქმით, მეტროშიც ცუდი სიტუაციაა, წლების განმავლობაში აცხადებენ საჭირო სათადარიგო ნაწილების, ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო მასალებისა და ყველა სპეციალობის კვალიფიციური პერსონალის უზარმაზარ უკმარისობაზე, რის გამოც არსებული პერსონალი იძულებულია გამოფიტვამდე იმუშაოს, აქედან გამომდინარე შესაბამისი შედეგებით.
ΣΤΑ.ΣΥ-ს განცხადებით, 2023 წლის 2 მარტს მეტროს მე-2 და მე-3 ხაზები დილის 6 საათიდან შუაღამემდე გაჩერებული იქნება, მეტროს პირველი ხაზი (Hesap/Electric), პირეოსი – კიფისია და ტრამვაი კი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
უფრო ადრე მათ განაცხადეს, რომ პირეოსი – კიფისიის ხაზი 12:00 -იდან15:00 საათამდე არ იმუშავებდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და ათენის მეტროს პირველი ხაზი და ტრამვაი დღეს მგზავრებს მთელი დღის განმავლობაში, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.
საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ლარისასთან, ტემპიში28 თებერვალს გვიან ღამით სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად, ამ დროისთვის არასებული დადასტურებული მონაცემებით, 46 ადამიანი დაიღუპა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები