ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც არასოდეს გიღალატებენ

ადამიანთა გარკვეული ნაწილი არასერიოზული და უყურადღებოა ურთიერთობებში, ზოგი კი ვერც კი წარმოიდგენს, როგორ შეიძლება მოატყუო საყვარელი ადამიანი, იფიქრო სხვასთან რომანზე. ხშირად ეს დამოკიდებულია ზოდიაქოს ნიშანზე, რომელიც  ადამიანის ხასიათში გარკვეულ თვისებებს აყალიბებს.

გაინტერესებთ, რომელია ის ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ურთიერთობის შესანარჩუნებლად? ხართ თქვენ ან თქვენი პარტნიორი ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნების სიაში? შეამოწმეთ – ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ესენი არიან:

 

კურო

კურო ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია. მას არ უყვარს ცვლილებები ცხოვრებაში. თუ კურო ვინმეს მიეჩვია და მათი ურთიერთობა, ფაქტობრივად, ფესვგადგმულია, მაშინ მისთვის ძალიან რთულია დაშორება და რაღაცის შეცვლა ცხოვრებაში. კუროებს ნებისმიერ ცვლილებას სტაბილურობა და უსაფრთხოება ურჩევნიათ. ასეთივე ერთგულებას და ყურადღებას ელიან პარტნიორისგანაც.

კუროებთან ურთიერთობა ყველაზე ხანგრძლივი და გამძლეა.

კირჩხიბი

კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე ოჯახური ნიშანია: თუ ის ვინმეს ემოციურად „მიეწებება“, ძალიან უფრთხილდება ამ ურთიერთობას. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ბევრი რამ აპატიონ პარტნიორს ოჯახის შენარჩუნების მიზნით – თუ კირჩხიბი  ადამიანს „თავისად“ თვლის,  ბოლომდე  თავდადებული და ერთგული იქნება მის მიმართ, კომფორტით, სითბოთი და მზრუნველობით გაანებივრებს პარტნიორს.

კირჩხიბი სხვა ადამიანების გრძნობებს პატივს სცემს, ამიტომ მისთვის ღალატი მიუღებელია. ზოდიაქოს ეს ნიშანი ერთგულების განსახიერებაა.       

ქალწული

რაციონალური ქალწული პარტნიორს, როგორც წესი, დიდი ხნის განმავლობაში ირჩევს. ყურადღებით ადგენს იდეალური პარტნიორის თვისებებს, სწავლობს პოტენციური მეორე ნახევრის დადებით და უარყოფითი მხარეებს. და როგორც კი ქალწული არჩევანს გააკეთებს და გადაწყვეტს, რომ თავის რჩეულს საკუთარი ბედი დაუკავშიროს, ეს ურთიერთობა ქალწულის გამო არასოდეს დაიშლება. ის ძალიან მოსიყვარულე და ერთგულია ურთიერთობაში.

ქალწული ერთგულებას წმინდა ვალდებულებად მიიჩნევს.

სასწორი

პარტნიორული ურთიერთობისთვის დაბადებული სასწორისთვის, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია მარტო ცხოვრება. პირადი ცხოვრება მათი წონასწორობის პირობაა, ამიტომ, როდესაც იმ ადამიანს შეხვდებიან, რომელიც მათ სჭირდებათ, ყოველთვის მის სიამოვნებაზე ფიქრობენ. მათ ბუნებრივი ხიბლი აქვთ და შეუძლიათ საპირისპირო სქესთან ფლირტი, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობას სადღესასწაულო რომანტიკის გამო არ გაწირავენ.

სასწორს ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან სამართლიანობის გრძნობა გამოარჩევს, ამიტომ სასწორისგან გამიზნული ღალატი მოსალოდნელი არ არის.

თხის რქა

ამ ნიშნის წარმომადგენლები სერიოზულად უყურებენ ცხოვრებას და პარტნიორის არჩევას. თხის რქებს არ უყვართ ცხოვრების შეცვლა და სპონტანური და დაუფიქრებელი ქმედებებისკენ არ არიან მიდრეკილნი; იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც აირჩევენ, მრავალი წელი სიყვარულით იცხოვრებენ. ზოდიაქოს ნიშნებს შორის თხის რქა ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია – პატიოსანი და უღალატო.

თხის რქები ვერ იტანენ რისკზე წასვლას და თავიანთი ურთიერთობის საფრთხის ქვეშ დაყენებას. და სწორედ ეს არ აძლევს მათ ღალატის საშუალებას.

თევზები

ამ მგრძნობიარე ნიშნის წარმომადგენლები უერთგულესი პარტნიორები არიან. თევზებს საერთოდ არ გამოსდით ღალატი და მოტყუება. სიყვარულს დიდი, თუ არა მთავარი, მნიშვნელობა აქვს მათ ცხოვრებაში. შეყვარებული თევზები გულწრფელად ცხოვრობენ პარტნიორის ცხოვრებით, ამიტომ მათთვის განშორება დიდი ტრაგედიაა: ისინი იშვიათად წყვეტენ ურთიერთობებს და მზად არიან, ბევრი რამ გადაიტანონ პარტნიორის გულისთვის.

თევზები ზედმეტად მგრძნობიარენი და ინტუიციურები არიან, აქვთ ხალასი და მდიდარი წარმოსახვა. მათ შეუძლიათ ურთიერთობა რომანტიკულ თავგადასავლად აქციონ.

თამთა გურული

P. S. ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს რაღაც ეტაპზე განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აყენებს და ურთიერთობების სიმტკიცეს ამოწმებს. ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის აღწერილი მახასიათებლები თქვენთვის ან თქვენი ურთიერთობებისთვის სავალდებულოდ არ უნდა აღიქვათ. მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომა უწყობს ხელს თითოეული ადამიანის მიდრეკილებების რაც შეიძლება ზუსტად დადგენას, რომელიც ნატალური სქემის მიხედვით გამოითვლება.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close