ეკონომიკამოგზაურობა

WIZZ AIR-ი ყველა მგზავრს, ვინც რიკოთზე დიდთოვლობის გამო ბერლინისა და ათენის რეისებზე დააგვიანებს, ბილეთს შეუცვლის

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Wizz Air-თან შეთანხმებას მიაღწია: ავიაკომპანია ბერლინისა და ათენის რეისების მგზავრებს, რომლებიც რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეგისტრაციაზე დააგვიანებენ, ბილეთს გადაუცვლის ნებისმიერი მიმართულებით, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

აღნიშნული შეეხება გამთენიისას დაგეგმილ რეისებს: ათენის რეისზე რეგისტრაციის დასრულების დრო 05:30 საათია, ბერლინის რეისზე კი – 06:00 საათი.

„გზებზე შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შესაბამისად, ბერლინის და ათენის რეისების მგზავრებმა შესაძლოა ვერ მოასწრონ აეროპორტში რეგისტრაციაზე დროულად გამოცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანია Wizz Air-თან შეთანხმებას მიაღწია. გამონაკლისის სახით, ავიაკომპანია ყველა მგზავრს, რომელიც აღნიშნული მიზეზის გამო დააგვიანებს, გადაუცვლის ბილეთს ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ნებისმიერი მიმართულებებით, სადაც თავისუფალი ბილეთები გამოიძებნება.

ძალიან გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდთან ერთად შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მგზავრთა ინტერესები იქნას გათვალისწინებული და აღნიშნული მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი გამოიძებნოს“, – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close