თურქეთში მოხალისედ წასული ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა
სოციალურ ქსელში მეგობრების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში მოხალისედ წასული დანიელ ბულკაშვილი 20 თებერვალს მომხდარი ახალი დამანგრეველი მიწისძვრის დროს კორპუსის ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა.
28 წლის დანიელი რუსთავიდან იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ბათუმში ცხოვრობდა. 7 თებერვალს იგი თურქეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა მოხალისედ. დანიელი დაახლოებით 4 თვის წინ დაბრუნდა უკრაინიდან, სადაც აგრეთვე მოხალისედ წავიდა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი დაბრუნების მიზეზი ერთადერთი შვილის ავადმყოფობა გახდა.
როგორც „რადიო თავისუფლებას“ დანიელ ბულკაშვილის მეგობარი ნინო თამაზაშვილი უყვება, ბავშვს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობენ.
„წასვლის წინ დანიელმა მითხრა, შვილი იქით მყავს, გული არ მაძლევს უფლებას, რომ არ წავიდე, ვხედავ, რა ხდება, როგორ უჭირთ და უნდა წავიდე დასახმარებლადო. ვთხოვე, კარგად დაფიქრებულიყო, რადგან სამაშველო ოპერაციებში ჩართვას ალბათ სხვა გამოცდილებაც სჭირდებოდა, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა“, – ამბობს ნინო თამაზაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დანიელ ბულკაშვილის გარდაცვალების ფაქტს ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს.
კომენტარები