ეკონომიკასაზოგადოება

გახდა თუ არა უხარისხოდ აშენებული კორპუსები თურქეთის ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი – მასობრივი დაკავებები უკვე დაიწყო

გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში მასობრივი დაკავებები დაიწყო. მშენებლები, გეოლოგები, დეველოპერული კომპანიების მფლობელები და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები – გამოძიების სამიზნე ათეულობით პირია. მიწისძვრამ, ძირითადად, ახალაშენებული კორპუსები გაანადგურა. უკვე არსებობს დასკვნები, რომ ამ შენობების უმეტესობა უხარისხოდ, დაბალბიუჯეტიანი სამშენებლო მასალებით აშენდა.

ერთ-ერთი დეველოპერი, რომელსაც ხელბორკილები დაადეს, იავუზ კარაკუსია. ის „ათათურქის“ აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა მეუღლესთან ერთად ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. სამშენებლო კომპანიის მფლობელს ბილეთი სტამბოლი-თბილისის ავიარეისზე ჰქონდა აღებული. ბიზნესმენი საქართველოში გეგმავდა მიმალვას. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, იავუზ კარაკუსი ქალაქ ადიამანში ათეულობით შენობის ნგრევაზეა პასუხისმგებელი.

სტამბოლის აეროპორტში დააკავეს „რენესანს რეზიდენსის“ მთავარი კონტრაქტორი მეჰმედ იაშარ ქოშქუნიც. ის ფულით სავსე ჩანთით ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. ჰატაიში მეჰმედ ქოშქუნის მიერ აშენებული კომპლექსი ახლა ნანგრევებადაა ქცეულია. ნგრევის დროს აქ ასობით ადამიანი დაიღუპა. კადრებში ჩანს, რომ „რენესანს რეზიდენსის“ ირგვლივ მდგარი შენობები მიწისძვრის დროს ნგრევას გადაურჩა.

ქვეყნიდან გაქცევის დროს დააკავეს ბიზნესმენი ჰასან ალპარგუნიც. ის იყო მთავარი კონტრაქტორი ჩუქუროვაში მდებარე 16-სართულიანი შენობისა, რომელიც მიწისძვრის დროს სრულად განადგურდა. დეველოპერი დაკავების დროს ჟურნალისტებთან მცირე რეპლიკით შემოიფარგლა და თქვა, რომ ის უბრალოდ გაწირეს.

სამშენებლო ექსპერტები თურქეთში შენობების მასობრივი ნგრევის რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. არასწორი დაპროექტება, შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები და უხარისხო საშენი მასალები – ამ მიზეზების ერთობლიობამ ასეულობით შენობა და ათასობით ოჯახი გაანადგურა.

თურქეთის პარლამენტმა კანონთან შეუსაბამო მშენებლობებზე ამნისტია ბოლო წლებში რამდენჯერმე გამოაცხადა. განადგურებულ ნაგებობებს შორის არის ის 75 000-ი შენობაც, რომელიც ამნისტიის აქტით სარგებლობდა. სამშენებლო დარგის ექსპერტები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში აფრთხილებდნენ მთავრობას, რომ მსგავსი ლოიალური დამოკიდებულება ქვეყნისთვის გარდაუვალ ზიანს მოიტანდა.

rustavi2.ge

p. s. ამ დროისთვის მსხვერპლთა რაოდენობა თურქეთსა და სირიაში 41200-ს აღწევს. ნანგრევებში ცოცხალი ადამიანების პოვნის შანსი სულ უფრო და უფრო მცირდება, თუმცა მაშველები ამბობენ, რომ ნანგრევების ქვემოდან ისევ ესმით ხმები, რაც იმედს აძლევთ, რომ ცოცხლად დარჩენილებს კიდევ იპოვიან.

თურქეთის სახელმწიფო მაუწყებლის, TRT Haber-ის ცნობით, კაჰრამანმარაშის რეგიონში მაშველებმა გადაარჩინეს 35 წლის ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, 205 საათის განმავლობაში იყო ნანგრევების ქვეშ დამარხული.

ამავე ტელეარხის ცნობით, სამშაბათს, 14 თებერვალს მაშველებმა ჩამონგრეული შენობებიდან ორი ძმა – 17 წლის მუჰამედ ენეს იენინარი და 21 წლის აბდულბაკი იენირი გამოიყვანეს. უფრო აღმოსავლეთით, ქალაქ ადიამანში, CNN Turk-ის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლები ამოიყვანეს 18 წლის ბიჭი და მამაკაცი, ხოლო უკრაინის სამაშველო ჯგუფმა სამხრეთ პროვინცია ჰატაიში ქალი გადაარჩინა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close