კინო/ფილმებიარტისტი

„სპორტისა და იუმორის იშვიათი და ბედნიერი შეხამება“ – „კაცური“ ფილმი, რომლის რეჟისორი ქალია

ვის დახეულ ჯინსებს ეძებდა ფოთის „კაგებე“ „პირველი მერცხალის“ გადაღებისას?

1975 წელს ეკრანზე გამოჩნდა დაუვიწყარი ფილმი, რომელიც საქართველოში ფეხბურთის პირველ ენთუზიასტებზე, „პირველ მერცხლებზე“ მოგვითხრობს. მასში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძეც მონაწილეობს. და, რაც მთავარია, რეჟისორი ქალია – ნანა მჭედლიძე, რომლის მიერ გადაღებული არაჩვეულებრივი ფილმებიდან მხოლოდ „პირველი მერცხალი“ და „იმერული ესკიზები“ რომ გავიხსენოთ, ესეც საკმარისი იქნება მისი ღვაწლის შესაფასებლად ქართული კონემატოგრაფის წინაშე.

დასავლეთის ქვეყნებში „პირველი მერცხალის“ ჩვენებისას მაყურებელს თურმე ძალიან უკვირდა, რომ ამ „კაცური ფილმის ავტორი ქალი იყო“. 1988 წელს პარიზში, ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნულ ცენტრში გამართული პრემიერის შემდეგ ფრანგ კრიტიკოსს მარილინ ფელუსს (Marilyne Fellous) კი უთქვამს, რომ „პირველი მერცხალი“ უნიკალური შემთხვევაა კინოს ისტორიაში, როცა კინორეჟისორი ქალი თავისი გმირი მამაკაცებისგან – და იქნებ, საერთოდ, მამაკაცებისგან – პირდაპირ მოითხოვს რაინდულ კეთილშობილებას, მეტ ამბიციას და გამარჯვების რწმენას.

ფილმის წარმატება ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. სწორედ იმ პერიოდში ქართული კინოკომედიის კრიზისზე დაიწყეს საუბარი, „პირველი მერცხალის“ ეკრანებზე გამოსვლას კი წარმოუდგენელი რეზონანსი მოჰყვა. იმავე წელს კინოსურათი თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე (1975 წ.) ორი პრიზით დაჯილდოვდა – საუკეთესო რეჟისურისთვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, რომელიც დოდო აბაშიძეს გადაეცა. 1977 წელს კი, „პირველი მერცხალი“ ობერჰაუზენის სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან  პრისა და „ფიპრესის“ პრიზის მფლობელი გახდა.

ფილმზე მუშაობა სცენარში არარსებული ფინალის გარეშე დაიწყო

„პირველი მერცხალის“ სცენარის ავტორი ლევან ჭელიძე დარწმუნებული იყო, რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, ქალბატონი ნანა მჭედლიძე კარგ ფილმს გადაიღებდა. კინოსტუდიის მაშინდელ დირექტორს რეზო ჩხეიძესაც მისი დიდი იმედი ჰქონდა, სხვებს კი სალაპარაკო თემა გაუჩნდათ – რა ხდება, მამაკაცი რეჟისორები დაილიაო? არადა, იმდენად დიდი იყო ფეხბურთის სიყვარული, რომ მასზე მუშაობა სცენარში არარსებული ფინალის გარეშე დაიწყო. რომ არა რეზო ჩხეიძე, ალბათ ფილმის გადაღების უფლებასაც არავინ მისცემდა – როცა სცენარს ფინალი არ აქვს, მას ხელს ვინ მოაწერს, მაგრამ კინოსტუდიის დირექტორი ქალბატონი ნანას მონაყოლით დაკმაყოფილდა და გადაღებებიც დაიწყო.

„აქ მარტო სპორტის სიყვარული არ არის, ყველაზე წინ საქართველოს სიყვარული დგას. ყოველ შემთხვევაში, მინდოდა, რომ ძალიან პატრიოტული ფილმი გამეკეთებინა. არ ვიცი, რამდენად შევძელი, მაგრამ… სხვათა შორის, „პირველმა მერცხალმა“ ობერჰაუზენში განსაკუთრებული პრიზი მოიპოვა და იქ აღინიშნა, რომ ფილმი წარმოადგენს „სპორტისა და იუმორის იშვიათ და ბედნიერ შეხამებას“, – მითხრა ქალბატონმა ნანამ წლების წინათ, როცა ფილმის გადაღებებზე საუბარი ვთხოვე.

„როგორც ჩანს, ღმერთმა აკურთხა დოდო იასონის როლზე…“

ფილმში მთავარი გმირის, იასონის როლს გენიალური დოდო აბაშიძე ასრულებს, თუმცა როცა სცენარი წაიკითხა და ფილმის გადაღება გადაწყვიტა, რეჟისორს უნდოდა, იასონის როლზე რეზო ჩხეიძე მიეწვია: „გიკვირთ, არა?.. თვითონაც გაუკვირდა და ბევრი იცინა, თუმცა მე ვფიქრობდი, რომ ამ როლში ძალიან საინტერესო იქნებოდა… რეზო სწორედ იმ პერიოდში კინოსტუდიის დირექტორად დანიშნეს. დიდი ამბით მივედი მასთან, რომ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა. როცა ვუთხარი, იასონი უნდა ითამაშო-მეთქი, ცრემლებამდე იცინა. მეწყინა, რა არის-მეთქი აქ სასაცილო? ის მაინც სიცილით კვდებოდა: რას ლაპარაკობ, ჭკუიდან არ შემშალოო… გაწბილებული გამოვედი მისი კაბინეტიდან და ამის შემდეგ შეჩერდა ჩემი არჩევანი დოდო აბაშიძეზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ დოდო სხვა ფილმში იყო დაკავებული. რას ვიზამდით? იასონის როლი კიდევ ერთ მსახიობს, კახი კავსაძეს შევთავაზეთ, ისიც ნამდვილად კარგი იქნებოდა ამ როლში, მაგრამ კახისაც რაღაც პრობლემები ჰქონდა და… მოკლედ, მოხდა ისე, რომ დოდო აბაშიძე რატომღაც წამოვიდა იმ ფილმიდან და „პირველ მერცხალში“ ითამაშა. როგორც ჩანს, ღმერთმა აკურთხა დოდო ამ როლზე… იგი საოცარ სპორტულ ფორმაში იყო“.

„პირველი მერცხლები“ ტრუსებში

დანარჩენი ქართველი მსახიობები ნანამ მჭედლიძემ საქართველოს ყველა კუთხეში შეკრიბა. ინგლისელებს კი სინამდვილეში ამერიკელი ბიჭები თამაშობენ, მეზღვაურები, რომლებიც თან სწავლობდნენ – სტუდენტები იყვნენ. ისინი ფილმში შემთხვევით მოხვდნენ. ფოთის პორტს ამერიკელების გემი მოადგა, სადაც ერთი დღე უნდა გაჩერებულიყვნენ, მაგრამ ერთი თვე დარჩნენ – გემზე თაგვი გაჩენილიყო და ამდენ ხანს მოუნდნენ მის გაწმენდას. ბიჭები ქართველ მსახიობებთან ერთად სასტუმრო „ფაზისში“ ცხოვრობდნენ და რეჟისორმა მათი ფილმში გადაღება გადაწყვიტა. „ძალიან კარგი, პატიოსანი ბიჭები იყვნენ, მაღალზნეობრივი ადამიანური თვისებებით, ფული არ აიღეს, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მადლობლები ვართ, რომ ფილმში გვათამაშეთო. საერთოდ, ძალიან შეწყობილად ვმუშაობდი ჩემს მსახიობებთან. ახლა ქალი და კაცი ტრუსებით დადის, მაშინ კი… მახსოვს, გადაღებაზე ერთ-ერთ ოთახში ვიყავით შეკრებილები. ცხადია, ყველანი ტრუსებით იყვნენ. ამ დროს გამოჩნდა სასტუმროს დირექტორი, ცოტა უცნაური პიროვნება. ამდენ ტრუსებიან კაცში ერთი ქალი რომ დამინახა, კინაღამ გადაირია“, – სიცილით იხსენებდა ქალბატონი ნანა.

***

„ფეხბურთელებს“ არც პროტოტიპები ჰყავთ და არც დუბლიორები. მათ „ქართული ფეხბურთის რაინდი“, ბორის პაიჭაძე უწევდათ კონსულტაციას, რომელმაც თურმე მსახიობებს განუცხადა: საკუთარი ფეხების გარეშე თქვენი გმირები დამაჯერებლები არ იქნებიანო და დღე და ღამე ავარჯიშებდა მათ. მან უამრავი სიახლე შეიტანა ფილმში. მასთან ერთად კი, ფეხბურთის გენიალური კადრების გადაღებაში, ცხადია, ლომის წილი ოპერატორს – გიორგი ჭელიძეს მიუძღვის.

„გადაღებისას ცოტა მეშინოდა, განსაკუთრებით მაშინ, ჩხუბის სცენას რომ ვდგამდით. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა… თავდაპირველად, როცა ვთქვი, კომედიას ვიღებ-მეთქი, ის ჩხუბი პამპულობას უფრო წააგავდა და არც არაფერი იყო სასაცილო. გამოსავალი სწრაფად ვიპოვე – გადავიფიქრე, კომედიას კი არა, დრამას ვიღებ და შესაბამისად იმოქმედეთ-მეთქი, გამოვაცხადე.  ერთი კი გაუკვირდათ, მაგრამ მერე ისე სერიოზულად დაიწყეს თამაში და ისე თავგამოდებით ჩხუბობდნენ, რამდენჯერმე ლამის სასწრაფო გამოვიძახეთ, რომ ვერ ვაშველებდით“, – იხსენებდა ქალბატონი ნანა. 

„არ დავლევ, სანამ ფილმს არ დავამთავრებთ“

გადაღებების დროს სუფრაზე მიწვევა-მიპატიჟება ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მით უმეტეს, რაიონებში. სხვებს რომ თავი დავანებოთ, დოდო აბაშიძესა და იპოლიტე ხვიჩიას ვინც დაინახავდა, შანსს როგორ გაუშვებდა ხელიდან, რომ ეს განუმეორებელი მსახიობები სუფრაზე არ მიეწვია?! თუმცა ერთ დღეს დოდომ თურმე რეჟისორს ხელი მოხვია, აივანზე გაიყვანა და იქიდან ხმამაღლა გამოაცხადა: დიდი სიამოვნებით წამოვალ, მაგრამ ამ ქალბატონს მივეცი სიტყვა და არ დავლევ, სანამ ფილმს არ დავამთავრებთო. იმ პერიოდში დოდო აბაშიძე მართლაც გასაოცარ სპორტულ ფორმაში ყოფილა და რეჟისორს ყველაფერს უჯერებდა. თუ ოდნავ თავისუფალი დრო გამოჩნდებოდა, საქეიფოდ მაშინ მიდიოდა და ისიც მთელ ჯგუფთან ერთად. „ერთმანეთის გარეშე არსად მივდიოდით, პურს არ ვჭამდით. ჯგუფში ყოველთვის რაღაც ინტრიგაა, ვიღაცა ვიღაცას ეჩხუბება, იქ კი ასეთი რამ არ მახსოვს. დოდომ ეს ჯგუფი ისე შეკრა, რომ თვითონაც უხაროდა. წაგვიყვანდა ბიჭებს ზღვაზე და გვეხვეწებოდა, ზურგზე შემადექითო. შევადგებოდით ფეხებით და მასაჟს ვუკეთებდით. ჩემთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ბიძაჩემის უახლოესი ძმაკაცი იყო. მერე ბიძაჩემი აფხაზეთის ომში დაიღუპა – მიშა ადამია, მეტსახელად გუძღუბა. დოდო მეტყოდა: „ბიჭო, როგორ მყავს გუძღუბა, არ წავიდეთ გაგრაში?“

ერთხელ მთელი გადამღები ჯგუფი წავედით გაგრაში და მაგრად ვიქეიფეთ. სენაკშიც ვიყავით მეორე ბიძასთან, ყვაყვა ადამიასთან. რესტორანი დაიკეტა და დოდომ ითამადა. დილის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე თამადობდა. ეს იყო ფეიერვერკი!“ – იხსენებდა მსახიობი დიმა ჯაიანი, რომელიც ფილმში ნური ხომერიკის როლს ასრულებს.

მოულოდნელად აღმოჩენილი ფინალი

ამერიკელებს საქართველო ძალიან კი მოსწონდათ, მაგრამ აქ ხომ არ დარჩებოდნენ?! მათი გამგზავრების დღე დადგა, ქართველ „ფეხბურთელებსაც“ მოეძალათ ფიქრი, რა გავაკეთოთო? ლორთქიამ (გურამ ლორთქიფანიძე, ფილმში – ბეჟანი) წინადადება წამოაყენა, მოდი, სვანური ქუდები ვუყიდოთ, ოღონდ კარგი ხარისხისო. იყიდეს კიდეც. დოდო აბაშიძე რის თამადა იყო, გზა რომ არ დაელოცა: აიღო თურმე ქუდი, ჩაასხა შიგ ღვინო, აჩვენა, რომ არ გასდიოდა და გზა ამ სავსე ქუდით დაულოცა. ბიჭებმა ქუდები დაიხურეს, გემზე რომ ავიდნენ, დაიძრა თუ არა, გემბანიდან ხელის ქნევა დაიწყეს. ვინც კი სანაპიროზე ყოფილა, კაცია-ქალიანად, ყველას ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლი. უცებ უყვირია ქალბატონ ნანას, ვიცი, ფინალი როგორიც უნდა იყოსო. და ფილმიც დასრულდა…

სხვათა შორის, იპოდრომზე გადაღების დროს ამერიკელებმა თურმე ჯინსები დაკარგეს, – სპორტული ტანსაცმელი რომ ჩაიცვეს, თავიანთი ტანსაცმელი ღობეზე გადაკიდეს და გადაღების დასრულების შემდეგ ჯინსები ვეღარ იპოვეს. ფოთის მთელი „კაგებე“ მათ დახეულ ჯინსებს ეძებდა. ერთ-ერთი ამერიკელი, სახელად ტომი, გადაირია, ვინ მოიპარავდა, ალბათ ვინმეს არ ჰქონდა და წაიღოო. ძიება შეუწყვეტიათ, ამერიკელებს კი ქართველ მსახიობებზე შეხედულება ნამდვილად არ შეუცვლიათ, თქვენ კარგი ბიჭები ხართო, ეუბნებოდნენ.

***

როცა „პირველი მერცხალი“ კინოსტუდიის ხალხით გაჭედილ საპროექციო დარბაზში პირველად უჩვენეს, ფილმის მსვლელობისას მაყურებელი გულიანად იცინოდა. კინოსურათის ერთ-ერთი მონაწილე ზურა შილაკაძე რეჟისორს მიუტრიალდა და ჰკითხა: ქალბატონო ნანა, ჩვენ როცა ვთამაშობდით, ვტიროდით და ეს ხალხი რომ იცინის, სწორიაო? – მართლაც საოცარი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მუშაობდა ყველა.

„პირველმა მერცხალმა“ თავის დროზე ტრიუმფით მოიარა მსოფლიო.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close